ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული კულტურის ცენტრის ახალი მიუზიკლი ნიუ-იორკში


"დენსინგ ქრეინის" მიუზიკლი
"დენსინგ ქრეინის" მიუზიკლი

ნიუ-იორკში მოქმედმა ქართული კულტურის ცენტრმა "დენსინგ ქრეინმა" ახალი მიუზიკლი "წერილები" "რულეტის" დარბაზში წარმოადგინა. ავტორი და რეჟისორი ლიკა ბახტურიძე-სირელსონია, რომელმაც ამერიკელ მეუღლესთან ერთად დაარსა ქართული კულტურის ცენტრი ბრუკლინში. "წერილები" სოციალური თემატიკის შემცველი პიესაა, რომელშიც ქართველი ემიგრანტი ბავშვები მონაწილეობენ.

რვა სხვადასხვა ისტორია ბავშვებზე და სიკეთის კეთების სურვილზე და შესაძლებლობებზე - ეს არის ლიკა ბახტურიძე-სირელსონის ახალი პიესის "წერილების" მთავარი ხაზი. პიესა ხანშიშესული ქალბატონის მოგონებებზეა აგებული, რომელიც საბავშვო ბანაკს და იქ ჩატარებულ "სიკეთის ფესტივალს" იხსენებს, როდესაც ბავშვები ერთმანეთთან იმაზე ბჭობენ, თუ როგორ გაუკეთონ ერთმანეთს სიკეთე. პიესის ბოლო ნაწილი მზურნველობამოკლებული ბავშვების მიერ თოვლის ბაბუისადმი გაგზავნილ წერილებს ეთმობა. მათ ნატვრას და ოცნებებს ბანაკში მყოფი ბავშვები ეცნობიან და მათ დახმარებას გადაწყვეტენ.

ლიკა ბახტურიძე-სირელსონი: არსებობს ბევრნაირი სიკეთე, ამ ბავშვებმა მინდა გაითვალისწინონ ახლაც და რომ გაიზრდებიან მერეც, რომ არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც არიან ძალიან კარგები, ლამაზები, ნიჭიერები, რომელთაც არ ჰყავთ მშობლები. მინდა, რომ ახსოვდეთ ასეთი ბავშვები. ჩემი მიზანი ეს იყო. ბოლოს, მონოლოგში ვამბობთ ასეთ რაღაცას, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შეიძლება პატარა ფუნჯით და ნათელი ფერით მოხატოს ერთი ასეთი ბავშვის ერთი დღე.

ლიკა ბახტურიძე-სირელსონი "დენსინგ ქრეინ სტუდიის" ქორეოგრაფებთან ანი გადელიასთან და ვაკო გველესიანთან, მუსიკოს თენგიზ შაუთიძესთან, კოსტიუმების დიზაინერ ნატა გაბეჩავა და ირინა ნამიჩეიშვილთან ერთად, მიუზიკლზე რამდენიმე თვე მუშაობდა. პრემიერას რომელიც " რულეტის" დარბაზში გაიმართა ქართველი ემიგრანტები, ამერიკელი მეგობრები და საქართველოს გენერალური კონსული ნიუ-იორკში დიანა ჟღენტი დაესწრნენ.

ლიკა ბახტურიძე-სირელსონის ეს უკვე მეოთხე საბავშვო მიუზიკლია, რომელიც ნიუ-იორკის სცენაზე დაიდგა.

ლიკა ბახტურიძე-სირელსონი: ეს ბავშვები ჩემი ვარსკვლავები არიან იმ გაგებით, რომ არიან უნიჭირესები ძალიან უყვართ ხელოვნება და მთელი გულით უდგებიან ამ საქმეს. თავიდან თეატრში ბევრი მოვიდა ისეთი, რომელიც ქართულად ვერ ლაპარაკობდა.

ეს ბავშვები "დენსინგ ქრეინ სტუდიის" პირველი თაობაა. ზოგი ნიუ-იორკში დაიბადა და აქ გაიზარდა, ზოგი აქ დაიბადა და თბილისში მშობლებისგან შორს გაიზარდა, ზოგი კი მშობლებთან ერთად უკვე სკოლის ასაკში ჩამოვიდა. სცენაზე პირველად ოთხი წლის წინ ავიდნენ, ახლა უკვე გარდატეხის ასაკში არიან. სალომე რუსია, ანი მსხილაძე და ნია ტოპრაკაშვილი გვესაუბრებიან.

სალომე რუსია: აქ დავიბადე და თბილისში გავიზარდე. წელს სერიოზული გახდა მიუზიკლი, უფრო გაზრდილები ვართ და დახვეწილები. სულ ერთად ვართ ბავშვები და ძალიან კარგი მასწავლებელი გვყავს და მართლა ძალიან მაგრად მუშაობენ ჩვენთან.

ანი მსხილაძე: მე მინდა, რომ მსახიობი გამოვიდე და ეს უკვე კარგი გამოცდილებაა. უნდა იცოდე ცეკვა, სიმღერა, მონოლოგები და ძალიან გვეხმარება ეს სამომავლოდ. შარშან და შარშანწინ უფრო მხიარული და ბავშვური მიუზიკლები იყო, ახლა უფრო სერიოზულია და გულთან ახლოსაა.

ნია ტოპრაკაშვილი: მე ვისწავლე, რომ თუ ერთად რამეს გავაკეთებთ უკეთესი იქნება.

მიუზიკლს ხსნის ხანშიშესული ქალბატონის მონოლოგი, რომლის როლს ცუცა კაპანაძე ასრულებს. ამბობენ, "სიკეთე გადამდებია", ახლა უკვე ალბათ ისე როგორც აფხაზური მისალმება, რომელიც ამ სიუჟეტში ნიუ-იორკიდან პირველად გაისმის.

ცუცა კაპანაძე: სიმართლე გითხრათ, ჩვენ ყოველ წელს ვეხმარებით საქართველოში ბავშვებს. გენერალურ საკონსულოსთან ერთად, საახალწლოდ ვაგზავნით საჩუქრებს ლტოლვილებთან და საზღვირსპირას მცხოვრებ ბავშვებთან. რაღაც სიმბოლური გამოვიდა ეს სპექტაკლიც: მშიბზია! მობრძანდით გენაცვალე და ისევ ჩავეხუტოთ ერთმანეთს.

XS
SM
MD
LG