ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უილსონი: "ვარშავის სამიტზე არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის"


ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე ქართულ-ამერიკულ-ბრიტანულ სამხედრო წვრთნებს მასტაბილიზებელ ფაქტორად აფასებს გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციის ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი.

უილსონისთვის საქართველოში მიმდინარე ერთობლივი წვრთნები საქართველოს და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითია. ორ ქვეყანას შორის არსებულ სამხედრო ურთიერთობებს ის რეგიონის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან თანამშრომლობად აფასებს.

„შეერთებულ შტატებს საქართველოსთან ხანგრძლივი და მყარი სამხედრო თანამშრომლობა აკავშირებს. ზოგიერთი ჩვენს მოქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს, ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოს პარლამენტში, იგივეს გაიგებთ ამერიკის პოლიტიკურ წრეებშიც. ეს მცდარი არგუმენტია. პროვოკაცია არ არის ის, რომ ქვეყანას საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრი უწევს. რაც მეტად შეუძლია ქვეყანას საკუთარი თავის დაცვა, თავდაცვისუნარიანობის გაზრდა და სერიოზულ აქტორად ქცევა, მით მეტად უზრუნველყოფს ის სტაბილურობას რეგიონში. ჩვენი პარტნიორობა სწორედ ამას უწყობს ხელს."

უილსონს ჩვენ იმ არაერთგვაროვან გამოხმაურებებზეც ვკითხეთ, რომელიც სამხედრო წვრთნების ჩატარებას საქართველოში მოჰყვა. მისი თქმით, შეერთებული შტატების და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობის მოწვევის და მხარდაჭერის გარეშე არ შედგებოდა.

„ნათელია რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური აქტორები მხარს უჭერენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ხშირად გვთხოვენ ამერიკის მეტ ჩართულობას. ორივე მხარეს არიან ისეთებიც, ვინც ამას მხარს არ უჭერენ. არსებობს ერთვარი ბუნდოვანებაც, რადგან შეერთებულ შტატებს და ნატოს მოკავშირეებს საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიები ჯერ არ მიუციათ. ბევრს ურჩევნია ამ საქმეში მეტი სიცხადე იყოს. სიცხადე მასტაბილიზებელი ფაქტორია. ამ ბუნდოვანების ეტაპზე ასეთი მასტაბილიზებელი ფაქტორია ერთობლივი სამხედრო წვრთნები.“

უილსონის თქმით ამერიკის მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება და ის მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა ვარშავის სამიტზე არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

"გაგრძელდება ნატო-საქართველოს მყარი ურთიერთობები. ჩვენ არ გვინახავს სხვა ქვეყანა, რომელმაც ალიანსის წევრობამდე მასთან ასეთი მყარი ურთიერთობა ჩამოაყალიბა. ეს აჩვენებს თუ რამდენად სერიოზულია საქართველოს სწრაფვა ალიანსისკენ და რომ ბუქარესტში სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პოლიტიკურად დღეს ამისთვის მზად არ ვართ," ამბობს უილსონი.

XS
SM
MD
LG