ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის და მოსკოვის განსხვავებული მიდგომები


ამერიკა და რუსეთი სირიის კონფლიქტში მხარდაჭერას სხვადასხვა მხარეს უცხადებენ, თუმცა მშვიდობის დასამყარებლად ერთობლივ მუშაობასაც აგრძელებენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:11 0:00
ბმული

ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილება სირიაში ამბოხებულთა შეიარაღების შესახებ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ განსხვავებებს, რომელიც საგარეო პოლიტიკის ამ საკითხში შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის არსებობს. რუსეთი დიდი ხანია იარაღით ამარაგებს სირიის ხელისუფლებას და დამასკოსთან ამ კუთხით თანამშრომლობას დღესაც აგრძელებს.

დოჰაში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომლებიც სირიის ოპოზიციას უჭერენ მხარს, ჯონ კერიც იყო ჩასული. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკა და რუსეთი კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეების მხარდაჭერის მიუხედავად, სირიაში ომის დასრულებაზე ზრუნვას არ წყვეტენ.

არცერთი მხარე, რომელმაც დახმარება გადაწყვიტა, უკანდახევას არ აპირებს. ეს ყველას კარგად გვესმის. მთავარია იმ გასაღების მოძებნა, რომელიც მათ მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან დასმის საშუალებას მოგვცემს და შემდეგ ეტაპზე უკვე მოლაპარაკების გზით შესაფერისი გამოსავლის მოძებნაში დაგვეხმარება. ამჟამად სწორედ ამაზე მიმდინარეობს მუშაობა“ - აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

ჯონ კერი და მისი რუსი კოლეგა, სერგეი ლავროვი ცდილობენ ჟენევაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნის შესახებ დაიწყონ. თუმცა, ვაშინგტონის საპირისპიროდ, რომელიც აცხადებს, რომ პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი უნდა გადადგეს, მოსკოვი თვლის, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.

„რუსეთის პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ ვხედავ. ისინი უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ სირიის კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებას ამჯობინებენ, ოღონდ ჟენევის შეთანხმების საკუთარი ინტერპრეტაციით“ -აღნიშნავს ანალიტიკოსი სტივ ჰეიდემანი ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტიდან.

ჯონ კერი ცდილობს რუსეთთან მოლაპარაკებები, რუსი ლიდერების მიერ გარდამავალი მთავრობის შექმნის აუცილებლობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე დააფუძნოს. მაგრამ იმასაც უსვამს ხაზს, რომ მოსკოვიდან ასადის რეჟიმის იარაღით მომარაგება სიტუაციის განმუხტვას ხელს სრულებით არ უწყობს. სახელმწიფო მდივნის განმარტებით, პოლიტიკური გადაწყვეტილების ძებნის პარალელურად, რუსეთი ხელს უწყობს ასადის რეჟიმს იმაში, რომ მან ირანთან და ჰეზბოლასთან კავშირი უმაღლეს დონეზე დაამყაროს და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ინტენსიური ბრძოლები აწარმოოს.

პრეზიდენტი პუტინი დასავლეთს აფრთხილებს იმის შესახებ, რომ ამბოხებულების შეიარაღება დიდი რისკების მატარებელია. რისკი განსაკუთრებით იზრდება იმ შემთხვევაში, თუკი იარაღი ხელში ჩაუვარდება მათ, ვისაც შეერთებული შტატები ტერორისტებად მიიჩნევს. პუტინის თქმით, ის შეშფოთებულია იმ პოლიტიკური ვაკუუმით, რომელიც სირიაში შეიქმნება, თუკი გადაწყვეტილება მთავრობის შეცვლის შესახებ ამ ეტაპზე იქნება მიღებული.

„ამის შესახებ გეუბნებით ისევე გულახდილად, როგორც ავღნიშნავდი დიდი რვიანის სამიტზე, ზუსტად იმავე სიტყვებით, მაშინ, დიდ ბრიტანეთში. ამას ქალბატონი კანცლერიც დამიდასტურებს. დავუშვათ წავიდა ასადი. შეიქმნება პოლიტიკური ვაკუუმი. ვინ შეავსებს მას? იქნებ ასეთი ტერორისტული ორგანიზაციები“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და თან დასძინა, რომ ის გააგრძელებს ადრე დადებული კონტრაქტის საფუძველზე სირიის ხელისუფლებისთვის იარაღის მიწოდებას.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთის მიერ სირიის სამთავრობო ძალების შეიარაღების შედარება ოპოზიციის შეიარაღებასთან სწორი არ არის. „ოპოზიციამ გარკვევით განაცხადა, რომ ის მთელი სირიას, ყველას დაიცავს. მაშინ, როცა ასადი საკუთარი ხალხის დიდი უმრავლესობის წინააღმდეგ იბრძვის“ - აცხადებს ჯონ კერი.

ანალიტიკოსების აზრით, საბოლოო ჯამში, რუსეთის და ირანის მხარდაჭერა ასადის მთავრობის მიერ მოლაპარაკებაზე დათანხმებას და გამოსავლის ერთობლივი ძებნის პროცესს აფერხებს.
სტივ ჰეიდემანის აზრით, სირიის ხელისუფლების შეიარაღებული ძალების მიერ ბოლო დროს მოპოვებული სამხედრო უპირატესობების ფონზე, გარდამავალი მთავრობის შექმნის საკითხზე მოლაპარაკებებში წარმატების მოპოვების შანსი კიდევ უფრო შემცირდა.

„რეჟიმი თვლის, რომ პრეზიდენტი ასადი ძალაუფლებაში უნდა დარჩეს და მოლაპარაკებების პირობებიც თავად უნდა წამოაყენოს. ამ რეალობის გათვალისწინებით, მოლაპარაკებების დაწყების შანსი იზღუდება“ - აღნიშნავს ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის ანალიტიკოსი.

ჯონ კერი ოპტიმიზმს ინარჩუნებს და თვლის, რომ ვაშინგტონის და მოსკოვის პოზიციებს შორის „დიდი განსხვავებების“ მიუხედავად, ამერიკას რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის პოტენციალი არ ამოუწურავს.

მათ სტაბილურობა აინტერესებთ. რუსეთს ექსტრემისტების შემდგომ გაძლიერებაში ხელის შეშლაც სურს. რეგიონში მოსკოვს აშკარად გრძელვადიანი ინტერესები გააჩნია“ - აცხადებს ჯონ კერი. ის რუს კოლეგებთან სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მსჯელობას აგრძელებს და ვაშინგტონს და მოსკოვს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში წარმატების მიღწევის იმედი ჯერ კიდევ აქვს.
XS
SM
MD
LG