ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერგეი მარკედონოვი: კავკასიაში ახალი სტატუს კვო შეიქმნა


სერგეი მარკედონოვი (მარცხნივ) და ენდრიუ კაჩინსი (მარჯვნივ), სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრი
სერგეი მარკედონოვი (მარცხნივ) და ენდრიუ კაჩინსი (მარჯვნივ), სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრი

6 ივლისს ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრში გაიმართა ბრიფინგი თემაზე "კავკასიის რეგიონი: ძველი პრობლემები და ახალი გეოპოლიტიკური დიზაინი"

6 ივლისს ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრში გაიმართა ბრიფინგი თემაზე „კავკასიის რეგიონი: ძველი პრობლემები და ახალი გეოპოლიტიკური დიზაინი.“ ბრიფინგზე მოხსენებით გამოვიდა რუსი ექსპერტი სერგეი მარკედონოვი, რომელმაც კავკასიის რეგიონში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა.

მარკედონოვს მიაჩნია, რომ კავკასიის რეგიონში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ახალი სტატუს კვო შეიქმნა, რომლის შემადგენელი ფაქტორებია აფზახეთსა და სამხრეთ ოსეთში შეცვლილი მდგომარეობა, რუსეთის, თურქეთისა და ირანის, როგორც რეგიონში წამყვანი სახელმწიფოების, ახალი როლი და მათ შორის არსებულ ურთიერთობებში ახლებური დინამიკა, და რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში ძალადობის ახალი ტალღა. მისი თქმით:

„ორი წლის წინ კავკასია საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრში იყო. ამის მტკიცებულება სულაც არ იქნებოდა გაზვიადებული. სხვათა შორის, ამის დადასტურება თუნდაც ის არის, რომ აგვისტოს ომის დასაწყისში რუსეთ-საქართველოს დაძაბულობის საკითხს სამჯერ დღეში გაეროს უშიშროების საბჭოში იხილავდნენ. მას შემდეგ ყირგიზეთის ამბების ფონზე, როცა შუა აზიაში მეორე ავღანეთის შექმნის საშიშროება გამოიკვეთა, კავკასიის რეგიონმა მეორე პლანზე გადაინაცვლა.“

მარკედონოვმა აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დასავლურ ანალიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილავდნენ საქართველოში მოვლენების განვითარების რამდენიმე შესაძლო სცენარს, რომელიც არ გამართლდა. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა:

„ძალადობის ახალი ესკალაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რასაც უნდა მოჰყოლოდა საქართველოს შესაძლო მთლიანი ანექსია რუსეთის მიერ, რომელსაც ბევრი ელოდა დასავლეთში, როგორც ჩანს, არ შედგა.“

მარკედონოვს მიაჩნია, რომ ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ნატოს გაფართოების იდეა და გასაკუთრებით კი საქართველოს გაწევრიანება დიდი ხნით გადაიდო. ამ მხრივ აღსანიშნავია ის, რომ დასავლელ პოლიტიკოსთა რიტორიკასა და პოლიტიკას შორის დიდი სხვაობა შეინიშნება.

რაც შეეხება თურქულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზაციას, ეს პროცესი წარუმატებელი აღმოჩნდა. დინამიური „საფეხბურთო“ დიპლომატიის შემდეგ ამ ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური უძრაობის ხანა დამკვირდრა. მარკედონოვმა აღნიშნა:

„ამასობაში კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური ტენდენციების უფრო დეტალური ანალიზი ცხადყობს, რომ ამ რეგიონში სტაბილურობის ერა ვერ დამკვირდრა. ის, რომ იქ 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის მსგავსი ღია სამხედრო დაპირისპირება ჯერ-ჯერობით არ შეინიშნება სულაც არ ადასტურებს იმას, რომ ამ რეგიონს არ ახასიათებს მწვავე გეოპოლიტიკური დინამიკა.“

კავკასიის რეგიონში ძველი სტატუს კვო საბჭოთა კავშირის დაშლას და მის შედეგად წარმოქმნილ კონფლიქტებს უკავშირდებოდა. ეს კი განპირობებული იყო იმით, რომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაწესებული საზღვრები არ ასახავდა არსებულ ეთნიკურ რეალობას და არ ითვალისწინებდა ადგილობრივი მოსახლეობის სურვილებსა თუ ინტერესებს.

ხოლო რაც შეეხება ახალ სტატუს კვოს მარკედონოვმა აღნიშნა:

„ახალი გეოპოლიტიკური დიზაინი კავკასიაში არ წამოიქმნა აგვისტოს ომის შედეგად. ის წარმოადგენს რეგიონში არსებული გაყინული კონფლიქტების გადნობის მცდელობების შემაჯამებელ შედეგს. როგორც მოგეხსენებათ, ამგვარ მცდელობებს სხვადასხვა დროს საქართველო, რუსეთი და აზერბაიჯანი აწარმოებდნენ. მაგრამ 2008 წლის აგვისტომ ძველ სტატუს კვოს ბოლო მოუღო. აგვისტოს ამბებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პოსტ-საბჭოურ სივრცეში სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი, რომელიც მანამდე 17 წლის მანძილზე იყო დაცული. ამას გარდა, ევრაზიის ტერიტორიაზე ყოფილ საბჭოთა ავტონომიებს შორის ახალი სახელმწიფო წარმონაქმნების შექმნის პრეცედენტი დამკვიდრდა. შედეგად კავკასიის რეგიონში ჩრდილოეთ კვიპროსისა ან დასავლეთ საჰარის მსგავსი სახელმწიფოები შეიქმნა.“

როგორც ცნობილია ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ბრიფინგის დასასრულს ამერიკის ხმის ქართული რედაქციის კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა იგი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის პერსპექტივებს პრეზიდენტ სააკაშვილის ხსენებული განცხადების გათვალისწინებით, მარკედონოვმა ასეთი პასუხი გაგვცა:

„ეს საინტერესო შემოთავაზებაა. ჩემი აზრით, რასაკვირველია სასურველი იქნებოდა თუ ვლადიმირ პუტინი ან დმიტრი მედვედევი ამ შემოთავაზებაზე რაიმე პასუხს გასცემდნენ. მაგრამ მე არა მგონია, რომ ეს შემოთავაზება სერიოზულია რადგან მე მიმაჩნია, რომ აფხაზეთის პრობლემა არ წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილისა ან ვლადიმირ პუტინის პრობლემას. ეს არის იდენტურობის პრობლემა. რუსეთში რატომღაც არსებობს ილუზია იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა ორმხრივ ურთიერთობათა ისტორიაში ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება. მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები ვინაიდან აფხაზეთის პრობლემა ქართველებისთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ და ეროვნულ ტრავმას წარმოადგენს. ამიტომაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები კიდევ ერთხელ დადგება დღის წესრიგში მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება სათავეში საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი თუ ირაკლი ალასანია. ამდენად ეს შემოთავაზება უფრო პროპაგანდას წააგავს ისევე როგორც საქართველოს მთავრობის ინიციატივები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ეკონომიკური კავშირების დამყარების შესახებ. როგორ შეიძლება ამ რეგიონების ეკონომიკურ ინტეგრაციაზე ლაპარაკი როცა არსებობს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ?"

XS
SM
MD
LG