ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბერალური დემოკრატიის კრიზისი


ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა დემოკრატიული რეფორმების და ეკონომიკური გარდაქმების შემდეგ, 1990-იან წლებში დასავლური პოლიტიკური გაერთიანების, ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდა. თუმცა უნგრეთსა და პოლონეთში არალიბერალური მთავრობების აღზევება მათი წარმატების საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს ამ ქვეყნების ავტორიტარიზმისკენ სვლა და პოპულისტური მთავრობები აშფოთებთ. მაგრამ დასძენენ, რომ ეს მხოლოდ ცენტრალური ევროპის გამოწვევა არაა. დასავლეთში, ამერიკასა და ევროპაში არ წყდება დებატები თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ პოპულიზმის აღზევებას და ლიბერალური დემოკრატიის კრიზისს, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ ტრიუმფალურად მოგვევლინა.

მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს გამოუვალი მდგომარეობა არაა. ამერიკელი კონსერვატორი კომენტატორი, დევიდ ფრამი მიიჩნევს, რომ მიუხედავად პრობლემებისა რეალური ალტერნატივა დემოკრატიას თანამედროვე მსოფლიოში არ გააჩნია.

„დემოკრატიას ამ ეტაპზე სხვა იდეოლოგიური გამოწვევა არ უდგას წინ. იყო დრო, როდესაც ჩვენს ბაბუებს და ბებიებს კომუნიზმის სჯეროდათ, ან ფაშიზმის, ადამიანებს მართლა სჯეროდათ ამ იდეების. დღეს, ყველას ესმის, რომ არჩევანი მხოლოდ ორ რამეს შორისაა: ან დემოკრატიული გზით წახვალ ან ქურდობის. ქურდობა, [კლეპტოკრატია], თანამედროვე სამყაროში დემოკრატიის ერთადერთი ალტერნატივაა და ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპაში მხოლოდ ამ დილემის წინაშე არიან“, - ამბობს დევიდ ფრამი, გამოცემა ატლანტიკის უფროსი რედაქტორი.

იყო დრო, როდესაც ჩვენს ბაბუებს და ბებიებს კომუნიზმის სჯეროდათ, ან ფაშიზმის, ადამიანებს მართლა სჯეროდათ ამ იდეების. დღეს, ყველას ესმის, რომ არჩევანი მხოლოდ ორ რამეს შორისაა: ან დემოკრატიული გზით წახვალ ან ქურდობის
დევიდ ფრამი

ფრამი ფიქრობს, რომ დემოკრატიისადმი ნდობის სიმტკიცე დამოკიდებულია შეერთებული შტატების ძალისხმევაზე აჩვენოს ამ იდეისადმი ერთგულება დანარჩენ მსოფლიოს.

„...როდესაც დავიბრუნებთ საკუთარ თავს და ფეხზე დავდგებით, და ჩვენი იდეის წარმატებას ვაჩვენებთ, ეს დემოკრატიის პრესტიჟს მსოფლიოს გარშემო აღადგენს. და იმ ხალხს მისცემს იმედს, ვინც ნამდვილი ავტორიტარული პირობებში ქვეშ ცხოვრობს“, - თქვა მან.

ბოლო წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში პოპულისტური მოძრაობები დიდ წარმატებას აღწევენ. უნგრეთში ვიქტორ ორბანმა არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მოიპოვა. ის პარლამენტის ორ-მესამედს აკონტროლებს. პოლონეთში კანონის უზენაესობასთან და ძალაუფლების გადანაწილებასთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს. კორუფცია და ნაბიჯები ხელისუფლების ცენტრალიზაციისკენ ის პრობლემებია, რასაც ამ ქვეყნებში ვხვდებით. უნგრეთთან და პოლონეთთან ერთად მემარჯვენე პოპულისტურმა ძალებმა იტალიის არჩევნებში გაიმარჯვეს. პოლიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ბუდაპესტის დასავლურ გაერთიანებებში მიღება, ნაადრევი გადაწყვეტილება და შეცდომა იყო, და რომ მათმა ინსტიტუტებმა ვერ გაუძლეს გამოცდას.

ცენტრალური ევროპის უკუსვლა სკეპტიკურად განაწყობს პოლიტიკოსებს და მიმომხილველებს მხარი დაუჭირონ დასავლურ ინსტიტუტებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიღებას. თუმცა ჰეთერ კონლი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრიდან, ამბობს, რომ ევროპამ საკუთარ მიღწევებს ხაზი არ უნდა გადაუსვას.

„მართალია ევროკავშირის შიგნით ნდობის კრიზისია, როდესაც საქმე ეხება გაფართოებას. თუმცა [ევროკავშირს] არ უნდა დაავიწყდეს საკუთარი ისტორიული მიღწევები. წლების განმავლობაში ცენტრალურ ევროპაში 100 მილიონზე მეტი ადამიანი ეკონომიკურ კეთილდღეობაში და უსაფრთხოებაში ცხოვრობს, ვიდრე ეს აქამდე გვინახავს. ის რაც ამ მოქალაქეებს სურთ არ განსხვავდება იმისგან, რისთვისაც ქართველები, უკრაინელები და მოლდოველები იბრძვიან“, - თქვა კონლიმ, ევროპის პროგრამის ხელმძღვანელმა, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრიდან.

წლების განმავლობაში ცენტრალურ ევროპაში 100 მილიონზე მეტი ადამიანი ეკონომიკურ კეთილდღეობაში და უსაფრთხოებაში ცხოვრობს, ვიდრე ეს აქამდე გვინახავს
ჰეტერ კონლი

ის, ქვეყნებს რომლებიც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობენ, დასავლეთის ინერტულობის მიუხედავად, მოუწოდებს რეფორმები გააგრძელონ.

„ვფიქრობ იმედი უნდა შევინარჩუნოთ. ამ ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ რეფორმების გზა, არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს ევროკავშირს თუ ნატოს სურს ასე, არამედ იმიტომ რომ ეს მათი ხალხისთვის სწორი გზაა. ადრე თუ გვიან, თუ ეს ქვეყნები გააგრძელებენ რეფორმებს, როდესაც ნატო და ევროკავშირი და ამერიკა საკუთარი თავის რწმენას აღიდგენს, დადგება ამ ქვეყნების დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მომენტი“, - ამბობს კონლი.

პოპულისტური მოძრაობები კულტურულ იდენტობას, ისტორიულ მეხსიერებას და ნაციონალისტურ რიტორიკას ხმების მოსაზიდად იყენებენ. გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ავტორიტარიზმის და პოპულიზმის „ევროპის სამოქალაქო ომიად“ გადაიქცა და იმ ლიდერების წინააღმდეგ გაილაშქრა, რომლებიც „ეროვნულ, ეგოისტურ და ნეგატიურ“ გზას ირჩევენ. მან ევროკავშირს მეტი დემოკრატიულობისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა.

დასავლეთ ევროპამ, თავად შეუწყო სტერეოტიპების გაღვივებას ხელი, - ამბობს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადიკ სიკორსკი. „ჩვენ გავაღვიძეთ სტერეოტიპები რეგიონის შესახებ, რომლებიც თითქმის დამარხული იყო. ჩვენ ხელი შევუწყვეთ დასავლეთ ევროპაში სურვილის გაქრობას განიხილოს აღმოსავლეთით გაფართოება“, - თქვა სიკორსკიმ.

ჩვენ გავაღვიძეთ სტერეოტიპები რეგიონის შესახებ, რომლებიც თითქმის დამარხული იყო. ჩვენ ხელი შევუწყვეთ დასავლეთ ევროპაში სურვილის გაქრობას განიხილოს აღმოსავლეთით გაფართოება
რადეკ სიკორსკი

თუმცა ის, იმედოვნებს, რომ ამის დრო ადრე თუ გვიან დადგება. „ჩვენ რთული გზა გავიარეთ, იქნება ეს ეკონომიკური კრიზისი თუ ის ომები, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა. თუმცა ეს გაივლის და ქვეყნები რომლებმაც შეინარჩუნეს სტანდარტი, მოემზადნენ იმისთვის, რომ შეურთნენ დასავლეთის ინსტიტუტებს, მზად იქნებიან და მიიღებენ ამის შესაძლებლობას. მე იმედი მაქვს ეს იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ“, - თქვა მან ამერიკის ხმასთან საუბარში.

არ არსებობს განსაზღვრული ფორმულა თუ როგორ ვებრძოლოთ ნაციონალისტური და პოპულისტური რიტორიკის გაღვივებას, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში როგორიცაა საქართველო, სადაც ინსტიტუტები ჯერ ისევ მყიფეა და მოვლენებს სათავისოდ რუსეთი იყენებს. თუმცა ვაშინგტონში მაკრონის მესიჯს ეხმიანებიან და ამბობენ რომ დასავლეთის ერთიანობა საუკეთესო იარაღია მსოფლიოს გარშემო დემოკრატიის პრესტიჟის შესანარჩუნებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG