ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანალიზი: ყირიმის ანექსია და გავლენა საქართველოზე


ყირიმის ანექსიის მეორე წლისთავზე, უკრაინაში არსებული მდგომარეობის, ამ ქვეყნის დახმარების და აღმოსავლეთ ევროპაში, ნატოსა და შეერთებული შტატების მონაწილეობის შეფასება ვთხოვეთ ატლანტიკური საბჭოს ტრანსატლანტიკური საკითხების გავლენიან მკვლევარს იან ბჟეზინსკისა და თავდაცვის მდივნის ყოფილ მეორე მოადგილეს ეველინ ფარკასს:

იან ბჟეზინსკი, ატლანტიკური საბჭო:

იან ბჟეზინსკი
იან ბჟეზინსკი

ევროპის მხარდაჭერის ინიციატივით (European Reassurance Initiative) გატარებული ზომები მინიმალური და თანდათანობითია ამ ინიციატივის ამოქმედებიდან დღემდე ( 2014 წლიდან დღემდე). ასეთი თანდათანობითი მიდგომა (“ინკრემენტალიზმი”) კარგად მიჰყვება ობამას ადმინისტრაციის ხედვას. როცა 2014 წლის ივნისში ეს ინიციატივა შემუშავდა, ადმინისტრაციას 18 თვე დასჭირდა იმის გასარკვევად, თუ სად უნდა გაეგზავნა დამატებითი ძალები და რა ტერიტორიებზე-ბალტიისპირეთში და სხვაგან. კიდევ ერთი პრობლემა აქ ის არის, რომ ევროპელთა დახმარების ინიციატივამ დღემდე ვერ შემოიკრიბა საკმარისი რესურსები, რათა მოსკოვის აგრესიის შეკავება მოეხდინა. ამ ფონზე, თავად რუსეთი მოულოდნელად გეგმავს და ახორციელებს მანევრებს ათობით ათასი ჯარისკაცის მონაწილეობით. ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის ეგიიდთ ჩვენ უნდა განვალაგოთ ნატოს ჯარები ბალტიისპირეთში, რუმინეთსა და პოლონეთში, დავგეგმოთ მეტი სწავლება აღმოსავლეთ ევროპაში და არა დასავლეთში, ისე როგორც ეს პორტუგალიასა და იტალიაში გავაკეთეთ ბოლოს, რადგან ომი დასავლეთ ევროპაში არ მიმდინარეობს. ამ ძალისხმევაში დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებიც უნდა ჩაერთონ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ობამას ადმინისტრაციის მიერ ამ ინიციატივისთვის ოთხჯერ გაზრდილი ხარჯების მოთხოვნა კარგი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, მაგრამ ვშიშობ, ეს არასაკმარისი ძალისხმევაა. ამერიკისა და დასავლეთის თავშეკავებულ რეაგირებას მოჰყვება ის, რომ ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ, მოლდოვა და საქართველო გახდება შემდგომი სამიზნეები. ბოლო თვეებია რუსეთი თავის საზღვარს საქართველოში წევს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. გამოსავალია მეტი ეკონომიკური, დარგობრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მეტად უნდა გავაძლიეროთ ნატოს და აშშ-ის სამხედრო ძალების კონცენტრაცია ევროპის აღმოსავლეთში, უნდა გადავცეთ თავდაცვითი იარაღი უკრაინას და გადავდგათ უფრო აქტიური ნაბიჯები ყველა დონეზე. სხვა შემთხვევაში, ვტოვებთ შეშინებული და დაეჭვებული მხარის შთაბეჭდილებას. ამით კი პუტინს ვაქეზებთ მეტი აგრესიისკენ.

ეველინ ფარკასი, აშშ თავდაცვის მნივნის ყოფილი მეორე მოადგილე:

ეველინ ფარკასი, ყოფილი მეორე მოადგილე პენტაგონში
ეველინ ფარკასი, ყოფილი მეორე მოადგილე პენტაგონში

ამ საკითხის წამოჭრისთანავე, ობამას ადმინისტრაცია თავს იკავებდა უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გადაცემისგან, იმ არგუმენტით, რომ სიტუაციის ესკალაცია და რუსეთის პროვოცირება მოხდებოდა, თუმცა ლაპარაკი იყო მხოლოდ თავდაცვით იარაღზე. უფრო მეტიც, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ არ მიიჩნია, რომ ასეთი ნაბიჯი კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას შეუწყობდა ხელს. მიუხედავად ამისა, მე ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ უკრაინას დღესვე უნდა მივაწოდოთ დახმარება იარაღით. ამასთან, ვფიქრობ უკეთ გათამაშდება დე-ესკალაციის არგუმენტი, თუ იარაღის მიწოდებაზე ვაშინგტონი აქტიურად არამაინცდამაინც საომარ დღეებში იფიქრებს. უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, რუსეთი სამხედრო მოქმედების რისკზე და საკუთარ პოტენციურ დანაკარგებზე დაფიქრდებოდა. ეს კი მას სავარაუდოდ, ხელს ააღებინებდა რეაქციულ მოქმედებებზე. რაც შეეხება საერთოდ უკრაინის დახმარებას: ობამას ადმინისტრაციამ ორას სამოცდაშვიდ მილიონზე მეტი უკვე გაიღო უკრაინის დასახმარებლად. თუმცა მთავარი მიზანი აქ ჯერ კიდევ რეალური რუსული საფრთხის დაძლევა და მოსკოვის შეკავებაა. ამ მიზნისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახმარება უნდა გაზარდოს ნატოს წევრების და არა-წევრი სახელმწიფოებისთვის ევროპის აღმოსავლეთის ფლანგზე. აქ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არამხოლოდ იარაღით დახმარება, არამედ ადგილობრივი ქვეყნების შეიარაღებული ძალების გაწვრთნა და მათი უნარების გაძლიერებაა. ჩემი შეფასებით, შეერთებულმა შტატებმა უფრო მეტად უნდა იაქტიუროს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში-დაეხმაროს მოლდოვას, საქართველოს-სადაც რუსეთი ტერიტორიის ოც პროცენტს აკონტროლებს. ეს ქვეყნები განსაკუთრებით იმსახურებს ჩვენს ყურადღებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ვიმედოვნებ, ამერიკის მომდევნო პრეზიდენტი ამ ქვეყნებში ჩავა ან მაღალი რანგის მდივნებს მიავლენს, რათა მხარეებმა ქმედით ეკონომიკურ დახმარებაზე, და თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე ისაუბრონ. მიმაჩნია, რომ ეს კომპონენტები ყოვლისმომცველი სტრატეგიის ნაწილად უნდა იქცეს.

კომენტარების ნახვა (2)

XS
SM
MD
LG