ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსის მეორე ტალღა - რა ზომებს მიმართავენ ევროპული ქვეყნები?


ევროპის ქვეყნებში შეზღუდვები და საველე ჰოსპიტალები დაბრუნდა. ქვეყნების უმეტესობაში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება შეინიშნება. ამიტომ, ევროპული მთავრობები ფრთხილად, მაგრამ მაინც, სხვადასხვა სიმკაცრის შეზღუდვებს აწესებენ.

შეზღუდვებს ამკაცრებს იტალიის ხელისუფლება. ბრიტანეთის მთავრობა, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში იმავე გზას მიმართავს, რაც ვირუსის პირველი ტალღის დროს, მარტში მოქმედებდა - სრული ჩაკეტვა. პოლონეთს კი ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო, სტადიონებზე საველე საავადმყოფოების მოწყობა მოუხდა.

იტალიაში ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ჯუზეპე კონტიმ, ეროვნული მასშტაბის ჩაკეტვის თავიდან არიდების მიზნით, ახალი შეზღუდვები კვირას წარადგინა. შეზღუდვების გამკაცრებას წინ უძღოდა ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრი ზრდა. ქვეყანაში მხოლოდ კვირას, ინფიცირების 11 705 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

მიმდინარე კვირის დასაწყისიდან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მერებს, მიენიჭათ უფლება საღამოს ცხრა საათის შემდეგ დაკეტონ ქუჩები და სხვა ადგილები, საზოგადოებრივი თავშეყრის შესაზღუდად. ბარებსა და რესტორნებს, რომლებიც სტუმრებს მაგიდებთან ემსახურებიან, მუშაობის უფლება შუაღამემდე აქვთ. თითოეულ მაგიდაზე, სტუმრის მაქსიმალური რაოდენობა ექვსი უნდა იყოს. ხოლო ბარებმა, რომლებიც სტუმრებს სუფრაზე მომსახურებას არ სთავაზობენ, საღამოს ექვს საათზე ვიზიტორებისთვის კარები უნდა დაკეტონ. პირბადის ტარება, შენობებთან და დახურულ სივრცეებთან ერთად, ახლა უკვე სავალდებულო ხდება გარეთ, ღია სივრცეებშიც.

„ჩვენ არ შეგვიძლია დროის დაკარგვა. შეზღუდვები უნდა დავაწესოთ, რათა არ გავხდეთ იძულებული, სრულმასშტაბიანი ჩაკეტვის გადაწყვეტილება მივიღოთ, რაც ქვეყნის ეკონომიკას ძალიან დააზარალებს. მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაგრამ თითოეული ჩვენგანს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს. ყველაზე ეფექტიან ზომად კვლავ რჩება: ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცირება და ჰიგიენა“, - აცხადებს იტალიის პრემიერ-მინისტრი.

შეზღუდვები დაწესდა სკოლებისთვისაც. სასწავლო საათები ისე უნდა განისაზღვროს, რომ სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა შესაძლებელი იყოს. გადაიდო კონფერენციები და ფესტივალები . და აკრძალულია სპორტული თამაშები.

დიდ ბრიტანეთში, უელსმა ეკონომიკის დიდი ნაწილი ჩაკეტა, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ცდილობს ეროვნულ დონეზე ამ ზომის გავრცელებას თავი აარიდოს.

უელსის პირველი მინისტრი, მარკ დრეიკფორდი აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მოკლე და მკვეთრ გზებს. ყველა ბიზნესი, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის არ არის, მათ შორის სარესტორნე და ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესი, პარასკევს საღამოს 6 საათიდან ორი კვირის განმავლობაში სრულად დაიკეტება. ეს ზომები მარტში, ბრიტანეთში ეროვნული მასშტაბით მოქმედი აკრძალვების იდენტურია. დრეიკფორდი აცხადებს, რომ უელსის ჩაკეტვა ნოემბერში დასრულდება.

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკვე გასცა სკოლების დაკეტვის ბრძანება, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. ასევე აკრძალულია საზოგადოებრივი თავშეყრა. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, დახურული იქნება ბიზნესთა უმეტესობა, მათ შორის ბარები და რესტორნები.

ეროვნული მასშტაბით, ბრიტანეთის მთავრობა მკაცრი შეზღუდვების დაწესებისგან თავს იკავებს. ჯონსონი ჯერჯერობით უარყოფს მთავრობასთან მომუშავე სამეცნიერო ჯგუფის რეკომენდაციებს, მკაცრი აკრძალვების დაწესების შესახებ.

ვითარება გართულდა პოლონეთშიც. ვარშავის ეროვნულ საფეხბურთო სტადიონზე, პოლონეთის მთავრობამ, საველე საავადმყოფო მოაწყო. მთავრობის განცხადებით, სტადიონი 500 პაციენტის მიღებას შეძლებს და სუნთქვის აპარატებით იქნება აღჭურვილი. გაზაფხულზე, პოლონეთში ევროპის მასშტაბით ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრომ, ორშაბათს 7 482 ადამიანის ინფიცირების შესახებ განაცხადა. პანდემიის დაწყებიდან, 38 მილიონიანი მოსახლის ქვეყანაში, ინფიცირების 183 248 და გარდაცვალების 3 614 შემთხვევა გარდაცვალება დაფიქსირდა. ჯანდაცვის უწყების გათვლით, მეორე ტალღის დროს, პოლონეთში ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი 15 000-დან 20 000-მდე მიაღწევს.

შეზღუდვები განახლდა საფრანგეთშიც. პარიზში, მარსელში, ლიონში, ლილესა და ტულუზაში, საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით უკვე მოქმედებს შეზღუდვები, მათ შორის საგანგებო მდგომარეობა საღამოს 9 საათის შემდეგ. პრეზიდენტ მაკრონი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის დაწესება, რომელიც დაახლოებით 20 მილიონ ადამიანს ეხება, მნიშვნელოვანია. მათ შორის იმისთვის, რომ მოხერხდეს საავადმყოფოების გადატვირთვის თავიდან არიდება. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებას ბიზნესის წარმომადგენლები აპროტესტებენ. სარესტორნო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაწესებული შეზღუდვები მათ ბიზნესს დიდ ზიანს მიაყენებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფომაციით, შაბათს ინფიცირების მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ერთ დღეში 32 427 დადასტურებული შემთხვევით.

ინფიცირების მატების გამო, შეზღუდვები მოქმედებს ესპანეთშიც. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მადრიდი ნაწილობრივ ჩაკეტილია. ჯამში, დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში ამოქმედებული შეზღუდვები და საგანგებო მდგომარეობა, თითქმის ხუთ მილიონ ადამიანზე ვრცელდება. აკრძალვებს შორისაა შეზღუდვები მოგზაურობაზე. გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, როგორიცაა სამსახური და სამედიცინო მომსახურების მიღება, მოგზაურობა იკრძალება.

გერმანელების პროტესტი მტავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ, ბერლინი, 2020 წლის 1 აგვისტო
გერმანელების პროტესტი მტავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ, ბერლინი, 2020 წლის 1 აგვისტო

ერთხანს კორონავირუსთან ბრძოლის მოდელად მიჩნეული გერმანია, ახლა მეორე ტალღას ებრძვის და ინფიცირების შემთხვევები იქ საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, კანცლერი ანგელა მერკელი მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოუწოდებს, დროებით უარი თქვან საზოგადოებრივ თავშეყრასა და წვეულებების გამართვაზე. კანცლერი ცდილობს, რეგიონული მთავრობების წარმომადგენლები ახალი მკაცრი შეზღუდვების დაწესებაზე დაიყოლიოს. „პანდემია ახლა იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ექვსი თვის წინ“ - აცხადებს მერკელი. მხოლოდ კვირას, გერმანიაში ინფიცირების ახალი, 7 830 შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 1 194 შემთხვევა გამოვლინდა. 328 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. საქართველოში, ვირუსით ინფიცირების ჯამური რაოდენობა 19 857-ს აღწევს -გარდაცვლილია 158 ადამიანი. საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ინფექციონისტები აცხადებენ, რომ ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ მატებასთან გამკლავებას, მინიმალური შეზღუდვებით შეეცდებიან.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 40 485 384 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 1 119 545 ადამიანი. ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, 8 216 723 შემთხვევით კვლავ ამერიკა ლიდერობს, მას მოსდევს, ინდოეთი, ბრაზილია და რუსეთი.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG