ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსი გაყინულ საკვებში - კვირის სიახლეები პანდემიის ფრონტიდან


ახალ ზელანდიაში ინფიცირების შიდა გავრცელების ახალი შემთხვევების გამო, ზომით უდიდესი ქალაქი ოკლენდი სამშაბათს ისევ ჩაიკეტა. მანამდე, ქვეყანაში შიდა ინფიცირების ფაქტები ბოლო 102 დღე აღარ ფიქსირდებოდა. 5-მილიონიანი ახალი ზელანდია პანდემიის კოვიდ-19 ერთ-ერთ სწორად და ეფექტურად მართვის მაგალითად არის მიჩნეული.

ახლადგამოცხადებული კარანტინი ოთხშაბათს მე-3 ხარისხზე აწიეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებმა არასასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე დაწესებულებების გარდა, სამსახურებიდან, თუ სკოლებიდან თავი შორს უნდა დაიჭირონ და 10-ზე მეტი ადამიანის ერთად თავმოყრა ისევ იკრძალება.

მთავრობა იძიებს შიდა გავრცელების მიზეზებს. ეჭვი იმპორტირებული გაყინული საკვების კონტეინერებზეა, რომლებშიც ახალი კორონავირუსი იპოვეს. ჯანდაცვის სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ვირუსი სასაწყობე მაცივრებთან შეხებაში მყოფი ადამიანების ორგანიზმში სწორედ ამ კონტეინერებიდან მოხვდა.

ჩინეთშიც აცხადებენ, რომ გაყინული საკვების შეფუთვაში შესაძლოა ახალი კორონავირუსი იყოს. დღეს ჩინეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეამოწმა ბრაზილიიდან იმპორტირებული გაყინული ქათმის ფრთების პარტია და მასში ვირუსი სარს-კოვ-2 იპოვა. კვირის დასაწყისში, ვირუსის კვალი ეკვადორიდან შემოტანილი კრევეტების ყუთებშიც იპოვეს.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, რომ მსგავს შემოწმებებს ისინი რუტინულად ატარებენ. მაისში დაფიქსირებული ახალი შიდა გავრცელების ფაქტების შემდეგ, იქ ივნისიდან მოყოლებული მოწმდება გაყინული ხორცი, ზღვის პროდუქტი და სხვა იმპორტირებული საკვები.

რუსეთში პირველი ვაქცინის შექმნის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უნდობლობით ეკიდებიან. კვირის დასაწყისში სიახლე მოსახლეობას პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აუწყა და თქვა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინის მასობრივ წარმოებას უკვე ოქტომბრიდან დაიწყებენ.

ჯერ ორი თვეც არ გასულა, რაც რუსეთმა ახალი კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინა ადამიანების მცირე ჯგუფზე გამოსცადა. კანდიდატ ვაქცინას კი, დამტკიცებამდე, ეფექტურობის და უსაფრთხოობის სტანდარტების მიხედვით, კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა უნდა გაევლო, რომლის დროსაც ის ათასობით ადამიანს უკეთდება და მათ რამდენიმე თვის მანძილზე აკვირდებიან. რუსეთის ვაქცინას ეს ფაზა ჯერ არ გაუვლია.

ამას გარდა, ჯერჯერობით არც პირველ და მეორე ფაზაზე არსებობს სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული ინფორმაცია, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ რუსეთი ამ საკითხს ძირითადად პროპაგანდისთვის იყენებს. მითუმეტეს, რომ მოსახლეობას ვაქცინის დამტკიცების ამბავი ცივი ომის პერიოდში კოსმოსში პირველობის მსგავსად, სხვა ქვეყნებზე გამარჯვებად მიეწოდა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ინფიცირების ხელახალი ზრდის ტენდენცია იმდენად გაძლიერდა, რომ ის შეიძლება უკონტროლო გახდეს. 11 აგვისტოს, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირების 1 397 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა დღის მონაცემებს ორჯერ აღემატებოდა.

როგორც ევროპის მეზობელ ქვეყნებში, საფრანგეთშიც ინფიცირების ზრდას კარანტინის ზომების მოხსნის შემდეგ დაწყებულ თავშეყრებს და ზაფხულის შვებულებების გასატარებლად მოგზაურობებს უკავშირებენ. ფრანგებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, ნუ მოეკიდებიან დაუდევრად ჯანდაცვის რეკომენდაციებს.

სამშაბათსვე, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვიტა 20 ყველაზე დიდ ფრანგულ ქალაქს გარკვეული შეზღუდვები დაუწესოს. ზომები არც ისე მკაცრია, 31 ოქტომბრამდე იკრძალება მასობრივი ღონისძიებები, მაგალითად 5 000-მდე ადამიანის ერთად შეკრება.

თუმცა, დიდ ქალაქებს შეზღუდვები დამოუკიდებლადაც შემოაქვთ. კვირის დასაწყისში პარიზიც შეუერთდა ლილს, ტულუზს და რამდენიმე სხვა ქალაქს, სადაც ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა არამარტო შენობებში, არამედ შენობის გარეთაც, თუ იქ ბევრი ხალხი იყრის თავს.

შეერთებული შტატები ინფიცირების და სიკვდილობის მაჩვენებლებით ისევ მსოფლიოს ლიდერია. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ამერიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ახლა 5 176 000-ზე მეტია. ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში 165 148 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის მიუხედავად, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების გახსნის ადვოკატირებას ეწევა. შტატებს, ქალაქებს და სასკოლო უბნებს, აქვთ საშუალება აირჩიონ, თუ რა ტიპის სწავლა უფრო უსაფრთხო იქნება მათთვის: ონლაინ, ფიზიკური დასწრებით, თუ შერებული. მთელ რიგ სკოლებში სასწავლო წელი უკვე დაიწყო, თუმცა უმრავლესობა სწავლის განახლებას აგვისტოს ბოლოს გეგმავს.

ახალი კორონავირუსი იმდენად გადამდებია, რომ მისი სრულად გაქრობის მოლოდინი შეიძლება აღარც კი გვქონდეს - ამბობს ენტონი ფაუჩი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი. მაგრამ, მსოფლიოს ლიდერებს და ჯანდაცვის ოფიციალურ პირებს შეუძლიათ მუშაობა იმაზე, რომ ინფიცირება „დაბალ დონეებზე“ შენარჩუნდეს - ამბობს ის.

ამერიკაში ინფიცირების მაღალ დონეს ფაუჩი იმით ხსნის, რომ შტატებმა პანდემია ერთმანეთისგან განსხვავებულად დაარეგულირეს. ზოგმა კარანტინის შემოღება დააგვიანა, ზოგი კი ადრე გაიხსნა. ფაუჩის თქმით, დანარჩენ ქვეყნებში ინფექციის აფეთქებას უკეთ იმიტომ გაუმკლავდნენ, რომ მათ დასაწყისშივე, დროულად გამოაცხადეს კარანტინი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიზნესების გარდა, ეკონომიკის მინიმუმ 90% გააჩერეს, რაც ამერიკაში არ მომხდარა.

ნიღბის ტარება, ფიზიკური დისტანციის დაცვა, ხელის ხშირად ბანა - კოვიდ-19-ით ინფიცირებისგან თავის დასაცავად მთავარ რეკომენდაციებად რჩება. მოსახლეობა რამდენადმე დააბნია იმ ფაქტმა, რომ პანდემიის დასაწყისში მათ უთხრეს, რომ ნიღბების ტარება აუცილებელი არ იყო. ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ ადრეულ ეტაპზე სამედიცინო ნიღბების დეფიციტი შეიქმნა და საავადმყოფოებში მომუშავე პერსონალი განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდა.

დღეს ბევრი კვლევით და მრავალი ექსპერიმენტით არის დადასტურებული, რომ რამდენიმეშრიანი ნიღაბი თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ნიღბები განსაკუთრებით აუცილებელია შენობებში და მის გარეთაც კი, თუ ორ მეტრამდე ფიზიკური დისტანციის დაცვის საშუალება არ არსებობს.

მეცნიერება, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ცვლილებას და განვითარებას გულისხმობს. რეკომენდაციები და ცოდნა კოვიდ-19-ის მკურნალობის, თუ ვაქცინების შესახებ მომავალშიც შეიძლება შეიცვალოს. მხოლოდ ასე შეიძლება პანდემიასთან გამკლავება, წარმატებული, ეფექტური და უსაფრთხო პოლიტიკის შემუშავება და მისი დროსთან ერთად, სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებით განვითარება და დახვეწა. შესაბამისად, ექსპერტების მიმართ მოსახლეობის ერთი ნაწილის მხრიდან გამოხატული სკეპტიციზმიც გასაკვირი არ არის.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG