ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და მოკავშირეები "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი 68 პარტნიორი სახელმწიფოს ლიდერების ყურადღების ცენტრშია. ამერიკის მოკავშირე ქვეყნების მინისტრები ვაშინგტონში შეიკრიბნენ და დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხებაზე მსჯელობენ. საერთაშორისო კოალიციის წინაშე გამოსვლისას სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით თქვა, რომ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტია.

კონფერენციაზე, სადაც დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე და სტრატეგიაზე მსჯელობენ, ტილერსონმა კოლეგებს მოუწოდა დაჯგუფების დამარცხების შემდეგ წვლილი შეიტანონ სირიის და ერაყის სტაბილიზაციის საკითხში.

“ჩვენი მიზანი არ არის “ისლამური სახელმწიფოს” შესუსტება, ჩვენი მიზანია მისი დამარცხება. მესმის, რომ ახლო აღმოსავლეთში ბევრი გამოწვევაა, მაგრამ დაჯგუფების დამარცხება შეერთებული შტატების პირველი პრიორიტიეტია ამ რეგიონში,” განაცხადა ტილერსონმა.

საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა მის წინამორბედ ბარაკ ობამას ტერორიზმთან ბრძოლაში “სუსტი ლიდერი” უწოდა. მაშინ ობამამ ამ განცხადების პასუხად თქვა, რომ ტრამპის შეფასება რეგიონში მიღწეული წარმატების საპირისპიროა. მოკავშირე მინისტრებთან საუბრისას ტილერსონმა ყურადღება მომავალზე გაამახვილა და სირიის და ერაყის ტერორისტებისგან გათვისუფლების შემდეგ, რეგიონის განვითარებაში მეტი ჩართულობა სთხოვა:

“სირიის და ერაყის ტერორიზმისგან გათავისუფლებულ ნაწილებში ინვესტირება უნდა გავაგრძელოთ, ამით უდანაშაულო ადამიანებს მათი თემების აღდგენაში დავეხმარებით. ახლა ინვესტიცია ტერიტორიის ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან დასუფთავებას, წყლის და ელექტრ-ენერგიის აღდგენას და ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას ნიშნავს.”

რეგიონის სტაბილურობას მნიშვნელოვან ეტაპად აფასებს ეროვნული უსაფრთოხოების მკვლევარი მაიკლ ო’ჰანლონი.

“მთავრი კითხვაა თუ როგორ უნდა მოვახერხოთ მოსულიდან და დანარჩენი ერაყიდან “ისლამური სახელმწიფოს” განდევნა. მაგრამ ამასთან ერთად მნიშვნელოვანია როგორ მოხდება ერაყში და, მთლიანად რეგიონში, სტაბილურობის მიღწევა, ისე რომ იქ “ისლამური სახელმწიფო” ან სხვა ექსტრემისტული დაჯგუფება არ დაბრუნდეს,” ამბობს ო’ჰანლონი.

სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ინტერნეტში ბრძოლის მნიშვნელობაზეც და განაცხადა, რომ “ციფრულ სახალიფოს გავრცელების საშუალება არ უნდა მიეცეს.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG