ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ნატოსგან მეტად უნდა წახალისდეს -კინზინგერი


რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი თვლის, რომ თეთრი სახლის დღევანდელი ადმინისტრაცია საგარეო ურთიერთობების საკითხში საკმაოდ სუსტია. ის პრეზიდენტ ობამას მიერ რუსეთთან დაწყებულ ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკას აკრიტიკებს და მას ძალიან გულუბრყვილო ნაბიჯად აფასებს, მაშინ როცა რეალობა სრულიად განსხვავებული იყო.

სინამდვილეში ვლადიმირ პუტინს დასავლეთთან მეგობრობაში მარტო ერთი რამ აინტერესებს: გაზარდოს სასურველი ექსპანსიის სია... დღეს ჩვენ კარგად გვესმის, რომ რუსებს ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენა სურთ, რომელშიც შევა უკრაინა, საქართველო, ბალტიისპირეთი და ყველა დანარჩენი ტერიტორია. დაკავებული არიან იმ გათვლებით, თუ ისე როგორ განახორციელონ ეს გეგმა, როგორ გაზარდონ ზეწოლა ზუსტად იმ დონემდე, რომ ნატოსგან საპასუხო რეაქცია არ გამოიწვიონ. ყოველთვის ძალიან ვაკრიტიკებდი ჩვენს ადმინისტრაციას და მოვუწოდებდი მათ, უფრო მკაცრი ყოფილიყვნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის მთელი ეკონომიკა დაახლოებით იტალიის ზომისაა. მაშინ, როცა შეერთებული შტატების 9-ჯერ დიდია... და მასთან ახლოსაც ვერ მოვა - აღნიშნავს კონგრესმენი.

საქართველო ნატოსგან მეტად უნდა წახალისდეს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:20 0:00

​პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ამერიკა არასოდეს შეეგუება უკრაინაში გამოცდილი ჰიბრიდული ომის წარმოების მეთოდს, ამბობს ადამ კინზინგერი, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები არიან. რაც შეეხება საქართველოს და უკრანის ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვას და იმას, უნდა წახალისდეს თუ არა კიდევ უფრო მეტად მათი ძალისხმევა თავად ალიანსისგან, კონგრესმენი ასე გვპასუხობს:

დიახ, ასე მიმაჩნია. განსაკუთრებით და პირველ რიგში - საქართველოს შემთხვევაში. საქართველო დასავლეთის ძალიან ძლიერი პროდასავლური მოკავშირეა. მან რეალურად შეძლო მთავრობის კორუფციისგან გასუფთავება, თუმცა მნიშვნელოვანი პრობლემები ჯერ კიდევ აქვს და მათზე მუშაობა გრძელდება. ამასთან, საქართველო აშკარად ძალიან მგრძნობიარეა რუსეთის მიმართ: მოწმე ვიყავით იმის, რომ რუსეთი თითქმის საქართველოს დედაქალაქამდე მივიდა და პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მაშინ გემებიც კი გააგზავნა, რის შემდეგაც რუსებმა უკან დაიხიეს”.

ადამ კინზინგერთან საუბარი შეერთებულ შტატებში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო. მას არ მოსწონს საკუთარი პარტიის ლიდერის დონალდ ტრამპის მეგობრული პოზიცია პუტინთან მიმართებაში, კომპლიმენტები, რაც მათ ერთმანეთის მიმართ გამოთქვეს და თვლის, რომ ასეთ “მანიპულატორთან” საუბარი მხოლოდ ძალის პოზიციიდან შეიძლება. შესაბამისად, რუსეთზე დაწესებული სანქციები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

ჩვენ ვერ მივცემთ თავს იმის უფლებას, რომ ეკონომიკური ინტერესები ეროვნული უსაფრთხოების და სტაბილურობის ინტერესებზე მაღლა დავაყენოთ... ამ საქმეში დიდი მნიშვნელობის წარმატებას უკვე მივაღწიეთ. ზეწოლა განხორციელდა საფრანგეთზე, რომ რუსებისთვის მისტრალების მიყიდვის ხელშეკრულება გაუქმებულიყო. რუსეთი შავ ზღვაზე დომინირების მიზნით მათ შეძენას ღიად ცდილობდა - აცხადებს ის.

ადამ კინზინგერის თქმით, ის პირველ რიგში ამერიკელია და შემდეგ რესპუბლიკელი, რაც იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს ავტომატურად, მხოლოდ პარტიული ნიშნით მხარს არ დაუჭერს. უნდა დარწმუნდეს, რომ ის პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატია, რომ ადეკვატურად აღიქვამს ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა ბაშარ ალ-ასადი, დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო”, ტერორიზმი და ვლადიმირ პუტინი.

XS
SM
MD
LG