ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის კონგრესი ეგვიპტეს მოვლენებს აფასებს


აშშ-ის კონგრესი ეგვიპტეს მოვლენებს აფასებს
აშშ-ის კონგრესი ეგვიპტეს მოვლენებს აფასებს

არაბულ სამყაროში საპროტესტო აქციათა არეალი თანდათანობით იზრდება.

ეგვიპტეში გამართული საპროტესტო აქციები მნიშვნელოვანი გამოწვევაა რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ. უკანასკნელმა მოვლენებმა არ დაადასტურა ალყაიდას მტკიცება იმის შესახებ, რომ ამ რეგიონში მხოლოდ ძალადობით შეიძლება პოლიტიკური მიზნების მიღწევა - აცხადებს დემოკრატი კონგრესმენი მინესოტას შტატიდან, ქით ელისონი.

“ექსტრემისტების აზრით, ცვლილებების განხორციელების ერთადერთი გზა ძალადობა, ტერორი და მკვლელობაა. როგორც ხედავთ, ხალხმა თაჰრირის მოედანზე საპირისპირო დაადასტურა: თუკი მყარად დგახარ საკუთარ პოზიციაზე და მზად ხარ დაიცვა ის, რისიც გჯერა, აუცილებლად მიაღწევ წარმატებას. და ამისთვის სრულებით არ არის საჭირო სისხლისღვრა.“

თაჰრირის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები არ აყვნენ მთავრობის მხარდამჭერი მოძალადეების გამოწვევას. ამით მათ არა მხოლოდ მასობრივი სისხლისღვრა ააცილეს ქვეყანას, არამედ ჯილდოდ ჰოსნი მუბარაქის გადადგომაც მიიღეს. მუსლიმი კონგრესმენი ასევე ხოტბას ასხამს პრეზიდენტი ობამას პოლიტიკას ამ რეგიონში და იხსენებს 2009 წლის მიმართვას არაბი ხალხებისადმი.

„ორი წლის წინ ქაიროში ბატონმა ობამამ უპრეცედენტო სიტყვით მიმართა არაბულ სამყაროს. მან ხაზგასმით ისაუბრა რიგითი არაბი მოქალაქეების სურვილზე მონაწილეობა მიეღოთ ქვეყნის მართვაში, ჰქონოდათ რწმენის და გამოხატვის თავისუფლება.“

თუმცა, ზოგიერთი რესპუბლიკელი კანონმდებელი პრეზიდენტ ობამას ეგვიპტეს მიმართ მყარი პოლიტიკის უქონლობაში სდებს ბრალს. მათ შორისაა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე, ილიანა როსლეტინენი. მისი თქმით, ბატონი ობამა ჰოსნი მუბარაქს ჯერ ოპოზიციასთან მოლაპარაკებას სთავაზობდა, შემდეგ კი თანამდებობის დათმობას. თუმცა იმავდროულად ქალბატონი ილიანა იმასაც აღნიშნავს, რომ ეგვიპტური პროცესები თავიდანვე დიდ სიფრთხილეს მოითხოვდა. და პრეზიდენტმა დასასრულს ფენომენალური სიზუსტით გამოხატა ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია.

დემოკრატი კონგრესმენი ქით ელისონი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები საბოლოოდ სწორ პოზიციაზე დადგება. ჩვენ უნდა გადავხედოთ საკუთარ პრიორიტეტებს ახლო აღმოსავლეთში. ადამიანთა უფლებები, დიპლომატია და განვითარების ხელშეწყობა უნდა გახდეს უმთავრესი მეთოდი და არა ომი, იარაღი და ყუმბარა.

არაბულ სამყაროში საპროტესტო აქციათა არეალი თანდათანობით იზრდება. გამოხატვის თავისუფლების გადამდები პროცესი შეუქცევადი ხდება ახლო აღმოსავლეთში და ვაშინგტონის ოფიციალური პოზიციაც მოვლენების შესაბამისი უნდა გახდეს, აღნიშნავს კონგრესმენი.

XS
SM
MD
LG