ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეზბოლას საფრთხე


ჰეზბოლა, და არა ალ-ყაიდა წარმოადგენს შეერთებული შტატების მთავარ ტერორისტულ საფრთხეს - აცხადებს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის კომიტეტის თავმჯდომარე წარმომადგენელთა პალატაში, პიტერ კინგი. მთავრობის ოფიციალურ პირებთან ერთად გამართულ სპეციალურ მოსმენებზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა განაცხადა, რომ ირანიდან მართულ სამხედრო დაჯგუფებას ამერიკაში ასობით წარმომადგენელი ჰყავს.

ტერორისტულ საფრთხეს წარმომადგენელთა პალატის კომიტეტი ძალზე სერიოზულად იღებს და თვლის, რომ შეერთებული შტატების უსაფრთხოებაში ამ მხრივ ცვლილებები აღინიშნება.

„ახლა, როცა ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან ახლოსაა და ისრაელთან ომის საშიშროებაც იზრდება, ჩვენი ყურადღების კონცენტრირება ირანის საიდუმლო ოპერატიულ სამსახურებზე უნდა მოხდეს. ირანელ ტერორისტთა ორგანიზაცია, ჰეზბოლას კი წევრები რამდენადაც ცნობილია, ამერიკაში ჰყავს“ - განაცხადა მან.

კონგრესმენი კინგის განცხადებით ნიუ იორკში გაეროს ხაზით 84 ირანელი დიპლომატი მუშაობს. მათი ნაწილი ვაშინგტონში იმყოფება. სავარაუდოა, რომ მათ რიგებში ჯაშუშებიც არიან.

წარმომადგენელთა პალატის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის კომიტეტის მოსმენებზე მოწვეული იყო მიტჩელ სილბერი, ნიუ იორკის პოლიციის სადაზვერვო ინფორმაციის ანალიზის დირექტორი. მისი თქმით უკანასკნელ წლებში ქალაქის პოლიციაში სულ ცოტა 13 ადამიანი დაიკითხა, რომელთაც ირანის მთავრობასთან ჰქონდათ კავშირი და ისინი ნიუ იორკის ღირშესანიშნაობებს უღებდნენ სურათებს. პოლიცია ამ ტიპის საქმიანობას წინასაოპერაციო მეთვალყურეობად განიხილავს.

მოსმენებზე მოწმედ გამოვიდა გამოძიების ფედერალური სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი კრის სვეკერი, რომელმაც დაადასტურა, რომ ამერიკის მთავარი ტერორისტული საფრთხე ჰეზბოლაა:

ალ-ყაიდამ სახელი რამდენიმე ეფექტური შეტევით გაითქვა და ჩვენი ყურადღების ცენტრში მოექცა. ჰეზბოლა სტრატეგიულ ქმედებებს უფრო ჩუმად და რადარის ქვემოთ ახორციელებს. ის დრამატულ ტერორისტულ თავდასხმებს თავს არიდებს, თუმცა მის ანგარიშზე ასობით ამერიკელი მოქალაქის სიცოცხლეა. მათ შორის ბეირუთის ყაზარმების დაბომბვის შედეგად დაღუპული 241 ამერიკის მეზღვაურიც არის“ - აღნიშნავს ექსპერტი.

მაიკლ ბრაუნი ნარკოტიკების გავრცელებასთან მებრძოლი აგენტია. მან აღნიშნა, რომ ჰეზბოლას და გლობალური ნარკო-კარტელების კავშირიც საყურადღებოა. ბატონი ბრაუნის თქმით ირანის რევოლუციური არმია და ჰეზბოლას წევრები ნარკოტიკების გავრცელებაში არიან ჩართულები.

„ისინი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მექსიკის და კოლუმბიის ნარკოდილერებთან მჭიდრო კავშირში მუშაობენ. მათი საქმიანობის არეალი მხოლოდ დასავლეთ ნახევარსფეროთი არ შემოიფარგლება, არამედ ისეთ რეგიონებსაც მოიცავს, როგორიცაა გვინეა-ბისაუ და დასავლეთ აფრიკა“ - აცხადებს მაიკლ ბრაუნი.

მოწმეთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ თეირანი სავარაუდოდ ამერიკის ტერიტორიაზე უფრო გამოკვეთილი ტერორისტული შეტევისთვის ემზადება. ამ ფაქტის დასადასტურებლად მოსმენებზე მოყვანილი იყო ჩავარდნილი ტერორისტული ოპერაციის მაგალითი, რომელიც შეერთებული შტატების დედაქალაქში საუდის არაბეთის ელჩზე თავდასხმას ითვალისწინებდა და რომელიც სავარაუდოდ თეირანიდან იმართებოდა.

კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, მისისიპელმა ბენი ტომპსონმა წარმომადგენელთა პალატის წევრებს აღნიშნულ საკითხში მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა. განსაკუთრებით კი იმ კანონმდებლებს, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებით ძალზე მკაცრი ნაბიჯების მომხრე არიან.

არ უნდა ჩავერთოთ ისეთ საზოგადოებრივ განხილვებში, რომელიც შიშს და დეზინფორმაციას გაავრცელებს“ - აცხადების ის.

დემოკრატი კონგრესმენის თქმით თუკი კანონმდებლებს ირანის საკითხებზე სრული ინფორმაციის მოსმენა სურთ, მათ აუცილებლად უნდა მოიწვიონ ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯეიმს კლაპერი. ოღონდ ამ შემთხვევაში მოსმენები დახურულ კარს მიღმა უნდა გაიმართოს - აღნიშნავს ბატონი ტომპსონი.

XS
SM
MD
LG