შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში, ეგრეთწოდებული, ჩორჩანას ინციდენტის შემდგომ, რაც გასული წლის აგვისტოს მიწურულს მოხდა, საქართველოს ხელისუფლებამ, ეგრეთწოდებული, ოკუპაციის ხაზის თაობაზე, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის წესები შეცვალა.
2019 წლის აგვისტოში რუსმა მილიტარისტულმა ძალებმა ძალადობრივად სცადეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიის ფართობის გაზრდა, რასაც ოფიციალური თბილისი წინ აღუდგა. წინააღმდეგობა იმით გამოიხატა, რომ ჩორჩანას ტყეში, იმ ადგილას, რომელსაც დე-ფაქტო არსებული რეალობის გათვალისწინებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მიერ კონტროლირებულად მიიჩნევს, პოლიციის საგუშაგო განათავსდა. ამ აქტს რუსული ულტიმატუმი მოჰყვა.
ოკუპანტი ძალების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ პოლიციის საგუშაგოს აღებას ჩორჩანასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „საპასუხო შესაბამისი ქმედებების“ განხორციელებით იმუქრებოდნენ. „შესაბამისი“ ქმედებების მიღმა რა კონკრეტული აქტივობები იგულისმებოდა რუსების მხრიდან, ეს ულტიმატუმის ტექსტში არ იყო დაკონკრეტებული, თუმცა შესაძლებელ ქმედებათა დიაპაზონის წარმოდგენა რთული არ უნდა ყოფილიყო ქართლი მხარისთვის. საქართველოს „ურჩობას“ შესაძლოა, მოჰყოლოდა: ან ცეცხლის გახსნა რუსი სამხედროების მხრიდან; ან მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა გატაცება და ცხინვალის ციხეში გადაყვანა; ან უშუალო შტურმი ტყეში; ან მოცდა და შემდგომ პროვოკაციის მომზადება და სხვა.
თუმცა, მკაცრი რუსული ულტიმატუმის მიუხედავად, 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ ჩორჩანა არ დათმო და საპოლიციო პოსტი არ აიღო. იმის საილუსტრაციოდ, რომ ამ ადგილებზე წვდომა მანამდეც ქართველ სამართალდამცავებს ჰქონდათ და რომ უკან დახევას არ აპირებდნენ, მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა. მათ შორისაა, ადგილზე, ჩორჩანასთან ჟურნალისტების მიყვანა და საერთაშორისო თანამეგობობის მობილიზება პრობლემის ირგვლივ. პროცესისთვის გამჭვირვალობის მიცემით, ჩორჩანასთვის ბრძოლის პირველი რაუნდი საქართველოს ხელისუფლებამ მოიგო.
ჩორჩანას ინციდენტის ხსენებისას მხედველობაში უნდა ვიქონიოთ მანამდე, კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება, განსაკუთრებით კი გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესები. გასული წლის აგვისტოში გუგუტიანთკარში, რომელიც გორის მუნიციპატლიტეტის სოფელია და ეგრეთწოდებულ, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარეობს, რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი მცხოვრებლები გამოუვალი ვითარების წინაშე დააყენეს: აიძულეს საკუთარი სახლები აეშალათ და მისი დეტალები ნაწილ-ნაწილ გადაეტანათ სოფლის სიღრმეში. რუსმა მესაზღვრეებმა მათ მიერვე გუგუტიანთკარში გავლებული (უკვე არსებული) მავთულხლართი აშალეს და ის საქართველოს მიერ გაკონტროლებულ მხარეს გადმოიტანეს.
გუგუტიანთკარში განახლებული ბორდერიზაციის შესახებ მედიამ ამბავი დაგვიანებით გაიგო. ქართველმა სამართალდამცავებმა ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია პირველ ეტაპზე დამალეს. ამბის გახმაურების შემგომ, რუსი მესაზღვრეების „მუშაობის“ პროცესს ქართული საპოლიციო ძალები და მედია აკვირდებოდა, თუმცა ახალი საოკუპაციო ღობის მონტაჟის განმახორციელებლებისთვის, ხელის შეშლა ვერავინ გაბედა. ის, რომ რუსი მესაზღვრეები საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებთან თავს სრულიად უსაფრთხოდ და თავისუფლად გრძნობენ, უკვე ჩვეულებრივ ამბად ითვლება. ნებისმიერი წინააღმდეგობა საქართველოს მხრიდან, შესაძლოა, აღქმული იყოს როგორც პროვოკაცია, რასაც რუსული მხირიდან შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვება. ამიტომაც, ქართველი სამართალდამცავები უძლურები არიან ყოველ მსგავს შემთხვევაში რამე მოიმოქმედონ.
გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენები საკმაოდ უხეში და შეიძლება ითქვას, თავხედური ქმედებაც იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მავთულხლართი საქართველოს მიერ გაკონტროლებულ სივრცეში, დღისით, მზისით, უაპელაციოდ გადმოწიეს. შედეგად, სამმა ოჯახმა კუთვნილი საკარმიდამო ფართი დაკარგა. სწორედ ეს ამბავი უსწრებდა წინ ჩორჩანას ტყეში განვითარებულ მოვლენებს იმავე თვის ბოლოს, 2019 წლის აგვისტოში.
გუგუტიანთკარის მწარე გამოცდილების შემდგომ, ოფიციალურმა თბილისმა მეტი სიმტკიცის გამოჩენა განიზრახა და საპოლიციო პოსტი ჩორჩანასთან, რუსული ულტიმატუმის მიუხედავად, არ აიღო. მართალია, ამას რუსული შტურმი არ მოჰყოლია, თუმცა ოსურმა მხარემ უარი განაცხადა, ეგრეთწოდებული, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე დასწრებაზე, რაც თითქმის ყოველთვიურად იმართებოდა ერგნეთში. ამ შეხვედრების დროს ადგილობრივი, საყოფაცხოვრებო მნიშვნელობის საკითხები განიხილებოდა, რომლის გამართვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უზრუნველყოფდა და სადაც ქართულ, რუსულ, ოსურ მხარეებთან ერთად, ერთმანეთს EUMM-ის, ეუთოს, გაეროს წარმომადგენლები ხვდებოდნენ. ჩორჩანას კრიზისის ამოწურვის მიზნით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა საგანგებო რეჟიმში შეხვედრა შვიდჯერ გამართეს, თუმცა პრობლემის ამოწურვა მხარეებმა ვერ შეძლეს. ამ დროისთვის შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში აღარ ტარდება. კორონავირუსის პანდემიის გამო კი უფრო მაღალი რანგის შეხვედრა მხარეებს შორის, რომლის გამართვის ადგილს ჟენევა წარმოადგენდა, აღარ შემდგარა.
ჩორჩანას ტყეს როდესაც ვახსენებთ, არ უნდა გამოგვრჩეს ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ძალისხმევის აღნიშვნა. ორგანიზაციის წევრები, მოხალისეობრივად პატრულირებენ, ეგრეთწოდებულ, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან. ჩორჩანასთან რუსული კვალის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად, სწორედ მათ გააჟღერეს. მათვე გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტყეში ყვითელი საღებავით ხეებია მონიშნული, რასაც ისინი უკავშირებდნენ რუსი მესაზღვრეების განაზრახვას კიდევ უფრო მეტი ფართის მიტაცების თაობაზე ამ ადგილას. თავდაპირველად „ძალა ერთობაშიას“ აღნიშნული ვერსია ქართულმა მხარემ გაურკვეველი დასაბუთებით უარყო (იყო განცხადება იმის თაობაზე, თითქოსდა ქართველმა ადგილობრივებმა მონიშნეს ტყეში ხეები), თუმცა შემდგომ, ვერსია მოსალოდნელი ოკუპაციის თაობაზე დადასტურდა, რასაც ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსება მოჰყვა ჩორჩანასთან.
ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ „ძალა ერთობაშიას“ აქტივიზმი დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მავნებლური ქმედება. ამის შესახებ ცხინვალის მიერ გაკონტროლებული მედია თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში წერს. ცნობილია ისიც, რომ დე-ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქართულ მხარესთან სულ უფრო და უფრო ხშირად აყენებდნენ „ქაცარავას განეიტრალების“ მოთხოვნას. „ძალა ერთობაშიას“ აქტივიზმის პირველ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხი ამ საკითხზე გახლდათ შემდეგი სულისკვეთების: „საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, სადაც გადაადგილების თავისუფლების უფლება არ იზღუდება, ამდენად ვერც ერთ მოქალაქეს ვერ ავუკრძალავთ წავიდეს იქ, სადაც მას სურს და გააკეთოს ის, რაც სურს, თუ ეს ყველაფერი კანონს არ ეწინააღმდეგება“. თუმცა შემდგომში ქართულმა მხარემ ეს პოზიცია დათმო.
ქართული მხარის მიერ პოზიციების დათმობის ცხადი მაგალითი ატოცია. ატოცში, სადაც ბორდერიზაციის პროცესი რუსულმა მხარემ დაიწყო და ლითონის ღობის დასაინსტალირებლად ბოძებიც დაამონტაჟა, „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი ახლად დაინსტალირებულ ბოძებთან დადგნენ და რუს მესაზღვრეებს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცეს. წინააღმდეგობის პროცესი, დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ხნის მანძილზე „ძალა ერთობაშიამ“ ატოცთან კარავი გამართა და მუდმივი „ყარაულის“ რეჟიმში გადავიდა. ერთმანეთის პირისპირ მყოფი ქართველი აქტივისტებისა და რუსი მესაზღვრეების შესახებ საკითხი დე-ფაქტო ადმინისტრაციის რისხვას სულ უფრო და უფრო მეტად იწვევდა, რის პირდაპირპროპორციულადაც იზდებოდა დაწოლა ქართულ მხარეზე.
წინააღმდეგობის მდგრადობის ამბავს ამ დროისთვის წარმატებული დასასრული არ აქვს, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მედიისა და აქტივისტებისთვის ქმედების სტანდარტი შეცვალა (რასაც რუსული მხარე და დე-ფაქტო ადმინისტრაცია მოითხოვდა, შესრულდა). ახლა საზოგადოებას ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ხდება კონფლიქტის ზონაში, არ აქვს, რადგან ამ ადგილებთან მისვლა მკვეთრად შეზღუდულია. პოლიცია მედიასა და აქტივისტების ჯგუფებს საქართველოს მიერ გაკონტროლებულ სივრცეში გადაადგილებას უკრძალავს (რითაც უგულვებელჰყოფს კანონს გადაადგილების თავისუფლების შესახებ). უფრო მეტიც, სოფლები, რაც ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარეობს, ფაქტობრივად, ჩაიკეტა და შეუღწეველ ზონად იქცა. კარავში, სადაც სამოქალაქო პატრულირებისისას ორი წელი გაატარეს „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა ატოცში, ახალა შესვლა ეკძალებათ. ისინი თითქმის მთელი თვის მანძილზე სთხოვდნენ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს მათ მიერ მოწყობილ საგუშაგოსთან განთავსებული საქართველოს დროშის შეცვლას, რომელიც მათი არყოფნის პერიოდში დაიხა, რაზეც უარი უთხრეს. დროშის შეცვლა მოძრაობის წარმომადგენლებმა 26 მაისს შეძლეს, როდესაც ატოცში მალულად, ქართველი სამართალდამცავების გვერდის ავლით შევიდნენ.
იმალება ინფორმაცია რუსი მესაზღვრეები მიერ ადამიანთა გატაცების შემთხვევების შესახებ, ასევე უცნობი რჩება ოკუპირებული ახალი ტერიტორიების თაობაზე.
გასული ზაფხულის შემდგომ გუგუტიანთკარიც დაკეტილია, ამიტომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აქ ლითონის ბოძები მთელ პერიმეტრზე გაავლეს. არ ვიცით, ჩორჩანასთან (სადაც სწორედ „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები შევიდნენ ქართველი სამართალდამცავებისგან ფარულად და ახალი მონიშვნების თაობაზე ვიდეო მასალა გაავრცელეს) და სხვა სოფლებთან მიმდინარე პროცესების თაობაზე სიახლეები. ქართველი სამართალდამცავები ჟურნალისტებისგან სოფლების „დაცვას“ მედიის უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნიან, თუმცა ეს საკმაოდ ცინიკური ახსნაა, რადგან მედია მუშაობას საფრთხეების მიუხედავად, არასდროს წყვეტს (მათ შორის, მედია საომარი ვითარების დროსაც მუშაობს). ვის აძლევს ხელს მედიისგან ინფორმაციის დამალვა იმის თაობაზე, თუ რა ხდება კონფლიქტის ზონაში? - ეს კითხვა საკმაოდ მწვავეა და ინტერპრეტაციისა და აზრის გავრცობის მრავალფეროვან შესაძლებლობას იძლევა.
Facebook Forum