ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპაციის ქვეშ მოხვედრილ მიწებს საჯარო რეესტრი ვერ აღრიცხავს


კონფლიქტის ზონაში მიწის რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს. სახელმწიფო ამ ეტაპზე მოსახლეობას უფასო სერვისს სთავაზობს, რაც სოციალურად უკიდურესად მძიმე ვითარებაში მაცხოვრებელი მოქალაქეებისთვის საგრძნობი შეღავათია. მიწის რეგისტრაცია კონფლიქტის ზონაში პოლიტიკურ საკითხს წარმოადგენს და ის არაერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს. მაგალითად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე როდესაც ქართული მხარე აპროტესტებს კონკრეტული მოსახლის კარ–მიდამოზე გამავალ მავთულხლართის ან ლითონის ღობის თაობაზე, ოსური მხარე ითხოვს დოკუმენტს, რის მიხედვითაც ეს ტერიტორია მოქალაქის საკუთრებაშია. დოკუმენტი რაც არ არსებობს.

იმის გამო, რომ წლების განმავლობაში მიწის რეგისტრაცია არც თუ უმნიშვნელო თანხებთან იყო დაკავშირებული, კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებელი ადამიანების უმეტესობას, მიწის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნია. ამერიკის ხმასთან არაერთხელ დაუდასტურებიათ ამის შესახებ იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ვისი შუამავლობითაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის ომის საქმეები იქნა შეტანილი, რომ უმეტეს შემთხვევაში სასამართლოსთვის ხარვეზიანი დოკუმენტაცია გროვდება, რადგან სინამდვილეში წართმეული მიწების ფლობის დამადასტურებელი მოწმობები არ არსებობს. მოსახლეობას საკუთრება ოფიციალურად რეგისტრირებული არ ჰქონია.

შამილ თუხარელი მერეთის თემის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიწის რეგისტრაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა მიწის რეგისტრაციას ყველა ვერ ახერხებს. მაგალითად, ამჟამად ოკუპირებული დისევის მაცხოვრებელი 15 ოჯახი, რომელიც ამჟამად ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს, მაგრამ საბუთების მიხედვით ეს მიწის ნაკვეთები დისევზე ირიცხება, მიწის რეგისტრაციას ვერ ახერხებს. „აქ არის პრობლემური ადგილები. გუბერნატორმაც მიმართა შუამდგომლობით მათ შესახებ იუსტიციის სახლს, მაგრამ არაფერი ეშველა. ამათ დისეველები უწევიათ პასპორტში, ომის დროს დისევი ოკუპაციის ქვეშ მოჰყვა, მაგრამ ეს ხალხი რეალურად შუაგულ გორის რაიონში ცხოვრობდა, მხოლოდ პასპორტში ეწერა დისევი. დღეს ისინი მიწებს ფლობენ, სახლებს ფლობენ, მაგრამ ვერ ახერხებენ მიწის რეგისტრაციას, რადგან იქ „დისევი“ წერია.“

ცხინვალის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო მინდიაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ უფასო რეეგისტრაცია მხოლოდ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება, ხოლო თუ მასზე სახლია განთავსებული, მისი რეგისტრაციისთვის თანხის გადახდა საჭიროა. „სახლსაც გირეგისტრირებენ, თავის მიწის ნაკვეთიანად. სახლს გააჩნია რამხელაა, რამდენი კვადრატული მეტრია, ამბობენ, რომ 80 ლარამდე ჯდება, ვისაც დიდი სახლი აქვს, ზოგმა თქვა უფრო ნაკლებიო.“

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი ოთარ კონჯარია ამერიკის ხმასთან აცხადებს: „ზოგჯერ, მიწის ნაკვეთები წინაპრების სახელზე იყო აღრიცხული, მაგრამ საარქივო მასალა სამწუხაროდ ან დაკარგულია,არ არსებობს (ის, რაც 90–იან წლებში განაწილების დროს გაიცა: სერტიფიკატები თუ მიღება–ჩაბარების აქტები). მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრმა დაიწყო მიწის სისტემატიზაცია. ასევე ქონების მართვის სააგენტომ დაიწყო იქ არსებული, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების ნაკვეთების რეგისტრაცია.“

რაც შეეხება იმ მიწის ნაკვეთებს კონფლიქტის ზონაში, რომელიც მავთულხლართს მიღმა მოჰყვა, მანამდე კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანის საკუთრებას წარმოადგენდა, საჯარო რეესტრში მათ შესახებ ინფორმაცია ვერ განთავსდება, რადგან მიწის ამზომველი ორგანიზაციის თანამშრომლები უსაფრთხოების არარსებობის გამო, ტერიტორიაზე სამუშაოებს ვერ ატარებენ. შამილ თუხარელი აცხადებს, რომ მხოლოდ სოფელ გუგუტიანთკარში დაახლოებით 70 ჰექტარი ფართობია ასეთი პრობლემით.

„რაც აქეთ დარჩა, იმ ტერიტორიებს სასწრაფოდ უნდა დარეგისტრირება. ჩვენ დახმარება გვინდა იმაში, რომ გამოგვიგზავნონ მიწის ამზომველები, მხაზველები. უნდა დაფიქსირდეს, რომ ეს მიწები ჩვენია. მთელი ძალა აქეთ უნდა იყოს მომართული, ხომ იცით, ყოველ დღე ყველაფერი იცვლება. დარეგისტრირებული ნაკვეთი კიდევ „ყვირის“, ერთიან ბაზაშია შესული და საიდანაც არ უნდა ნახო, ჩანს რომ ჩვენია. მაგრამ ის თუ ხვალ სხვაგან აღმოჩნდება, უკვე ფაქტია და ვეღარ ვამტკიცებთ, რომ ჩვენი იყო. უნდა მოვძებნოთ რუკები, სტალინის დროინდელი, ამის დროინდელი, იმის დროინდელი, ბაზა განადგურებილია და დამტკიცება ჭირს. ის მიწები რომ დარეგისტრირებული ყოფილიყო თავის დროზე, იმ დროში, როცა არ არეგისტრირებდნენ, ომამდე, ახლა ხელის გულზე იდებოდა სიმართლე, რომ ის მიწები ჩვენი იყო და ერგნეთის შეხვედრებზეც ყველა ასწევდა ხელს და იტყოდა, რომ ჩვენია. დღეს თუ არ დავარეგისტრირებთ მიწებს, ღმერთმა ნუ ქნას და ხვალ, შეიძლება ესეც ოკუპირებული აღმოჩნდეს. ამ რეგისტრაციაშიც ხომ ისინი არ გვიშლიან ხელს. ახლა გლეხებს რეგისტრაციისთვის რიგში უწევთ დგომა, ვისაც მანქანა ჰყავს, მანქანით მოჰყავს თვითონ ამზომველები, პროცესი იწელება. ამიტომ თბილისმა, ამან, იმან უნდა გამოგზავნოს ჯგუფები და ერთიანად, ერთ თვეში მოვრჩებით რეგისტრაციას,“ –ამბობს შამილ თუხარელი.

კონფლიქტის ზონაში მიწის რეგისტრაცია საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს, რადგან საკადასტრო სამუშაოების მაწარმოებელი ორგანიზაციები არც ისე ბევრია. ადგილობრივებს დიდი ხნის განმავლობაში რიგში დგომა უწევთ, ვიდრე მათი კუთვნილი ტერიტორიის რეგისტრაციის ჯერი მოვა. მაისში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ ზნაურის მიმართულებით მავთულხლართების მშენებლობის ახალი ეტაპია დაგეგმილი და მისი განხორციელება ზაფხულში უნდა დაიწყოს. მიწის რეგისტრაციის ნელი ტემპისა და სამხრეთ ოსური დანაპირების შესრულების პირობებში, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დარჩეს აღურიცხავი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG