ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონის „რთული არჩევანი“


ამერიკის ყოფილი პირველი ლედი და სახელმწიფო მდივანი საკუთარი წიგნის პრეზენტაციის მიზნით საერთაშორისო ტურნეს იწყებს

ბმული

შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი და ექს-სახელმწიფო მდივანი კვლავ ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად ჰილარი კლინტონი საერთაშორისო ტურნეს იწყებს, რომელზეც საკუთარი მემუარული ჟანრის წიგნის -„რთული არჩევანი“- პრეზენტაციებს აწყობს.

წიგნის დებიუტი ნიუ იორკში მდებარე ცნობილი მაღაზიების ქსელის, „ბარნს ენდ ნობლის“ ფილიალში შედგა. მაღაზიის გარშემო რიგში ასობით ადამიანი იდგა, რომელთაც პოპულარულ პოლიტიკოსთან მისალმება და მისი ავტოგრაფი სურდა. „ჩემი აზრით ის ძალიან ჭკვიანი, სუპერ-ნიჭიერი ქალია. დიდი გამოცდილება აქვს და მთავრობაში ბევრ ადგილასაა ნამუშევარი“ - ამბობს რიგში მდგომი ჰილარი კლინტონის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი.

პოლიტიკაში ჩახედული ხალხი ფიქრობს, რომ წიგნის პრეზენტაცია არაოფიციალურად 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ნაწილია. თუმცა, კლინტონს მომავალ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ჯერჯერობით არ გამოუთქვამს. „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველი ენ გარანი ჰილარი კლინტონის შესახებ 1990 წლიდან წერს და მის ცხოვრებას თვალს მჭიდროდ ადევნებს. ენმა წიგნი მაშინათვე შეიძინა, თუმცა ამბობს, რომ მასში გარკვევით არ ჩანს, აპირებს თუ არა კლინტონი საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობას.

„წიგნი ერთგვარი პროვოკაციული კომენტარით სრულდება, ავტორი ფიქრობს, იყაროს თუ არა კენჭი. ისეთი გრძნობა გრჩება, რომ თვითონაც ერთგვარ გზაგასაყარზეა და ჯერ არ გადაუწყვეტია“ - აღნიშნავს ჟურნალისტი.

მემუარული ჟანრის „რთული არჩევანი“ კლინტონის იმ გადაწყვეტილებების გარშემო ტრიალებს, რომელიც მან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნად მუშაობის პერიოდში გააკეთა. წიგნი ასევე წარმოაჩენს ისეთ თემებს, რომელიც პირადად ჰილარი კლინტონისთვისაა ძვირფასი, სიღარიბის ზრდასთან ბრძოლა იქნება ეს, თუ ქალებისთვის მეტი უფლებების და საშუალებების მინიჭების აუცილებლობა.

რანგიტა დე სილვა ყოფილი სახელმწიფო მდივნის მიერ 2011 წელს დაარსებული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. მას ჰქვია „ქალთა ლიდერშიფის გლობალური ინიციატივა“. რაგინტას თქმით, „კლინტონმა ძალიან დიდი ძალისხმევა მოახმარა იმას, რომ ქალებისთვის დედამიწაზე უკეთ მოესმინათ. მსოფლიოს გარშემო მან უამრავი ქალი გამოაცოცხლა და შემოიკრიბა. იმდენად, რომ კლინტონს უკვე მხოლოდ ამერიკელად აღარ განიხილავენ, ის მთელი მსოფლიოს კუთვნილებაა და სადაც არ უნდა მოხვდეს, იქაური ქალები ამბობენ, რომ ის ჩვენიანია“.

კლინტონს ოჯახი ყოველთვის, ყველა საქმეში გვერდით ედგა, იქნებოდა ეს მისი მეუღლე, ექსპრეზიდენტი ბილ კლინტონი, თუ შვილი - ჩელსი. „უფრო სანიმუშო, მისაბაძი ადამიანი ვერ წარმომიდგენია, როგორც დედაჩემია“ - ამბობს ჩელსი.

ანალიტიკოსების აზრით, წიგნზე გამოხმაურება მხოლოდ პოზიტიური არ იქნება. ყველაფერი, ყოველი ნაბიჯი, რასაც კლინტონი ამიერიდან გადადგამს, რესპუბლიკელი მოწინააღმდეგეების მხრიდან სამომავლო იერიშის მიზნით სკურპულოზურად გაიფილტრება.

„ყველაფერი ის, რასაც ჰილარი კლინტონი საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე იტყვის, ან გააკეთებს, რესპუბლიკელების ყურადღების ცენტრში ექცევა. ისინი შეეცდებიან სუსტი წერტილების პოვნას, რადგან კლინტონი სამომავლოდ ყველაზე რეალურ და დემოკრატებში სავარაუდოდ ყველაზე ძლიერ პოტენციურ კანდიდატად განიხილება“ - აღნიშნავს „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველი ენ გარანი.

კლინტონის მემუარების გამოცემის პირველივე დღეს წიგნის 40 ათასი ასლი გაიყიდა. მისი ახლობლები და გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ეს შედეგი ყოფილი პირველი ლედის და სახელმწიფო მდივნის მზარდი პოპულარობის ნიშანია.
XS
SM
MD
LG