ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატების მთავარი სამიზნე კალიფორნიის პრაიმერზე


კალიფორნიის შტატში 7 ივნისს დაგეგმილი პრაიმერები ორივე დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასწორზე საკმაოდ ბევრი, 546 დელეგატის ხმაა. მათი თანაბარი გადანაწილება სიტუაციას თითქმის არ ცვლის და საბოლოო ჯამში ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელიც მეტოქეს ისედაც უსწრებს, კვლავ მომგებიან პოზიციაში დარჩება.

ვერმონტის სენატორის ბერნი სანდერსისთვის კი გამარჯვება ამ ეტაპზე გადამწყვეტია: მცირედი უპირატესობაც კი, თუნდაც სიმბოლური განსხვავებით, მას მარათონში ბოლომდე დარჩენის საშუალებას აძლევს. კანდიდატთა შორის საბოლოო გამარჯვებულის დასახელება ივლისში დაგეგმილი დემოკრატიული პარტიის კონვენციაზე მოხდება.

კალიფორნიის პრაიმერებისთვის სამზადისი გადამწყვეტ ფაზაში გადავიდა. კამპანიის წევრები კარდაკარ დადიან, კალიფორნიელებს სახლებში, ან მობილურ ტელეფონებზე ურეკავენ და ახალი ამომრჩევლების დემოკრატიულ პარტიაში დარეგისტრირებას, ან მათ რესპუბლიკელებისგან გადაბირებას ცდილობენ.

ორივე კანდიდატის საარჩევნო კამპანია ფოკუსირებას სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჩამოსულ იმიგრანტებზე ახდენს, მათზე, ვინც ძლიერ შეურაცხყოფილია რესპუბლიკელთა სავარაუდო ნომინანტის დონალდ ტრამპის მიერ იმიგრანტების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებით. განსაკუთრებული აღშფოთება ლათინო-ამერიკელებს შორის მილიარდერი უძრავი ქონების მაგნატის მხრიდან შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე მაღალი კედლის აშენების ინიციატივამ გამოიწვია, რომელმაც საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, ქვეყანაში დამნაშავეების, ნარკოტიკების გამსაღებლების და მოძალადეების ნაკადი უნდა შეაჩეროს.

ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია ჩემს ცხოვრებაში” - ამბობს მარია ალვარადო მარკესი, რომელიც აცხადებს, რომ პრაიმერებზე მხარს ჰილარი კლინტონს დაუჭერს.

სტეფანი სანდოვალი ბერნი სანდერსის მხარდამჭერია. ამბობს, რომ პოზიცია ბოლო ხანს შეიცვალა, მანამდე კი: “ზომიერი ვიყავი ყოველთვის, ზოგ საკითხში ხანდახან კონსერვატიულიც, მაგრამ დღეს შექმნილი სიტუაციის შემხედვარე, მაგალითად ტრამპის კედლის აშენების ინიციატივის შემდეგ, რაზეა ლაპარაკი?”

როცა კი მქონდა ანგარიშზე საკმარისი თანხა, 15 დოლარს ვურიცხავდი, ახლაც გადავრიცხე. ძალიან ჩავერთე, მივხვდი, რომ ბოლომდე მის უკან ვიდგები” - ამბობს აირის ალმარაზი, რომელიც ასევე სანდერსის მხარდამჭერია.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ იმიგრანტების შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგობრივმა განცხადებებმა და მოგვიანებით რესპუბლიკელთა მარათონში მისმა უპირობო დაწინაურებამ ლათინო-ამერიკელებს დემოკრატიულ პრაიმერებში მონაწილეობისკენ კიდევ უფრო უბიძგა. უფრო მეტიც, რაფაელ სონენშინი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჯელესის ფილიალის სტუდენტი ამბობს, რომ კალიფორნიელმა იმიგრანტებმა “მოქალაქეობის მიღების პროცესიც კი დააჩქარეს, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მონაწილეობის მიღება შეძლონ”.

ლათინო-ამერიკელები შეერთებული შტატების მოსახლეობის თითქმის მეხუთედს, 17 პროცენტს შეადგენენ. ბოლო რამდენიმე საპრეზიდენტო არჩევნებზე ისინი დიდი უმრავლესობით, დაახლოებით სამჯერ უფრო მეტად დემოკრატებს აძლევდნენ ხმას. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მათი ხმები ორივე დემოკრატი კანდიდატისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვან სამიზნედ რჩება.

პრაიმერებზე დემოკრატ ამომრჩევლებს შორის ჩატარებული სულ ახალი, “ენ-ბი-სის” და “უოლ-სტრიტ ჯორნალის” ერთობლივი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, ჰილარი კლინტონი ბერნი სანდერსს კალიფორნიის შტატში სულ ორი პროცენტით უსწრებს, რაც გამოკითხვის სავარაუდო ცდომილების საზღვრებს არ სცდება. კლინტონის რეიტინგი დემოკრატ ამომრჩევლებში 49 პროცენტია, სანდერსის - 47.

XS
SM
MD
LG