ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შობას ქრისტიანთა უმეტესობა დღეს აღნიშნავს


შეერთებულ შტატებში ტრადიციული საშობაო მოგზაურობები შეფერხებებით მიმდინარეობს

დღეს მსოფლიოს ქრისტიანთა უმეტესი ნაწილისთვის შობის დღესასწაულია. წმიდა პეტრეს ბაზილიკიდან მოზეიმე ქრისტიანებს რომის პაპმა სამშვიდობო მოწოდებით მიმართა. ისრაელის, პალესტინის, მალის, ნიგერიის და სხვა მრავალი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად საშობაო წირვაზე მან სირიელებისთვისაც ილოცა და მათ მშვიდობის დამყარება უსურვა ქვეყანაში, რომელშიც სამოქალაქო ომს ათობით ათასი ადამიანი შეეწირა. ქრისტეშობის მისალოცი ბენედიქტ მეთექვსმეტემ 25 ენაზე, მათ შორის ქართულადაც წარმოთქვა.

შეერთებულ შტატებში საშობაო მგზავრობა ექსტრემალური ამინდის გამო შეფერხებებით მიმდინარეობდა. ამ დღეებში მუდმივ საცხოვრებელ ადგილს დაახლოებით 85 მილიონი ამერიკელი ტოვებს და საშუალოდ, სულ ცოტა 80 კილომეტრით გადაადგილდება. წლევანდელ შობაზე ზამთრის შტორმმა კალიფორნიაში ზოგიერთ ადგილას ორმეტრიანი სიმაღლის თოვლი მოიტანა. გუშინ საღამოს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთითაც ძლიერად თოვდა. სამხრეთში კი მოსახლეობა ტორნადოების მთელ ციკლს ელოდება, რაც ამ სეზონზე საკმაო იშვიათობას წარმოადგენს. ზოგ რეგიონში, სადაც ტრადიციულად თეთრი შობაა ხოლმე, თოვლი საერთოდ არ არის. ნიუ იორკის ქალაქ ბუფალოში, თოვლის საფარი 10 სანტიმეტრზე ოდნავ მეტია, მაშინ როცა საახალწლოდ იქ მინიმუმ 30 სანტიმეტრის სიმაღლის თოვლი დევს ხოლმე.
XS
SM
MD
LG