ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუბერნატორ კრისტის სკანდალი


ნიუ ჯერსის გუბერნატორი კრის კრისტი რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:42 0:00
ბმული

ნიუ ჯერსის შტატის გუბერნატორმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში ჯორჯ ვაშინგტონის ხიდის ინციდენტის გამო.

„შერცხვენილი და შეურაცხყოფილი ვარ ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრის საქციელის გამო. ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ მათი ქცევა აბსოლუტურად მიუღებელია და გამოხატავს მთავრობის, თუ იმ ადამიანების ნდობის უპატივცემულობას, რომელთაც საკუთარ სამსახურში ყოფნა მოგვანდეს“ - განაცხადა კრის კრისტიმ საგანგებოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე და სამსახურიდან დაითხოვა ორი უმაღლესი რანგის მრჩეველი, რომელთაც, გუბერნატორის განცხადებით, ის საქმის კურსში არ ჩააყენეს და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მასთან შეუთანხმებლად მიიღეს. მათ შორის ერთ-ერთი კრისტის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი იყო.

რა მოხდა ნიუ ჯერსიში და რატომ მოექცა ეს თემა მთელი კვირის მანძილზე ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრში? კრის კრისტი სულ რაღაც 2 წელიწადში, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელთა ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება. ნებისმიერ სერიოზულ სკანდალს კი მისი იმიჯის სამუდამოდ დაზიანება შეუძლია. ნიუ ჯერსის ხიდის ინციდენტიც მსგავს კატეგორიაში გადის.

ჯორჯ ვაშინგტონის ხიდი შეერთებულ შტატებში ყველაზე დატვირთულ ხიდად ითვლება. ის ნიუ ჯერსის შტატს ქალაქ ნიუ იორკთან აკავშირებს. რიგით დღეებში ვაშინგტონის ხიდზე 300 ათასი მანქანა გადადის და ამიტომ აქ საცობები ჩვეულებრივი მოვლენაა. ნებისმიერი ინციდენტის შედეგად საცობები საათობით გრძელდება.

რამდენიმე ხნის წინ გასაჯაროებული ელექტრონული მიმოწერით, ირკვევა, რომ გუბერნატორ კრისტის გუნდის რესპუბლიკელმა წევრებმა განკარგულება ხიდის ნაწილობრივი დახურვის შესახებ გასცეს. ელექტრონულ კომუნიკაციაში იკვეთება, რომ მათი ნაბიჯი პოლიტიკურად იყო მოტივირებული. კერძოდ, სურდათ დაესაჯათ ქალაქ ფორტ ლის დემოკრატი მერი, მარკ სოკოლიჩი, რომელმაც გუბერნატორს საარჩევნო კამპანიაში მხარი არ დაუჭირა.

„ვის აქვს იმის უფლება, რომ გადაკეტოს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ხიდის გასასვლელი იმისთვის, რომ მე გზავნილი მომაწოდოს“ - კითხულობს ფორტ ლის მერი.

რესპუბლიკელთა პოლიტიკური კონსულტანტი რონ ბონჯენი აცხადებს, რომ კრისტიმ უნდა გააგრძელოს ზიანის განეიტრალების ის სტრატეგია, რომელიც აირჩია. კერძოდ - საჯაროდ, ყველასათვის გასაგებად, ბოდიში მოიხადოს იმისთვის, რაც მოხდა.

„მთავარი გამოსავალია ორპარტიულობას გაუსვას ხაზი, სითბო და სიახლოვე გამოხატოს, განსაკუთრებით - მომდევნო დღეების განმავლობაში“ - ამბობს ის.

თუკი უახლოეს მომავალში გუბერნატორ კრისტის ვაშინგტონის ხიდის ინციდენტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გამოჩნდა, კონსულტანტ ბონჯენის აზრით, მას კვლავ შეუძლია იმედი იქონიოს, რომ ამერიკის პრეზიდენტი გახდება. თუმცა, ბოდიშის მოხდის და უმაღლესი რანგის მრჩევლების დათხოვიდან სულ რამდენიმე დღეში, ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ ცნობით, კრისტის სულ სხვა საქმესთან დაკავშირებით მოუწია თავის მართლება.

ფედერალური უწყებები ე.წ. სუპერ-შტორმით, „სენდით“ მიყენებული ზარალისთვის გადარიცხული ფონდების არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევების გამოძიებას შეუდგნენ. ახალი ბრალდების მიხედვით, 25 მილიონიანი ფონდის ნაწილი ნიუ ჯერსის სანაპირო ზოლის მარკეტინგის კამპანიისთვის იქნა გამოყენებული, რათა იქ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მიეზიდათ.

გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რომელიც ნათელს მოჰფენს თუ როგორ დაიხარჯა სახსრები, რომელიც ნიუ ჯერსის დაზარალებული მოსახლეობისთვის გამოიყო. „სენდი“ ამერიკაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული შტორმი იყო, რომელიც ქვეყანას 65 მილიონი დოლარი დაუჯდა. მასშტაბური წყალდიდობების გამო 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დაკარგა და მილიონობით ადამიანს ელექტროენერგია გამოერთო.
XS
SM
MD
LG