ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პელოსის ტაივანში ვიზიტის წინ, ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები სრუტესთან განლაგდნენ


ნენსი პელოსი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი (ცენტრში) მალაიზიაში ვიზიტის დროს. 2 აგვისტო, 2022 წ.
ნენსი პელოსი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი (ცენტრში) მალაიზიაში ვიზიტის დროს. 2 აგვისტო, 2022 წ.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაიპეიში დღეს ელიან. ჩინეთმა, რომელიც მას აფრთხილებდა, არ ჩასულიყო ტაივანში, რეგიონში სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა, რომლებიც მათ შორის მდებარე ტაივანის სრუტესთან განალაგა. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

ჩინეთი ტაივანს, რომელიც თვითმმართველი დემოკრატიაა, საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. პეკინის გაფრთხილებასთან დაკავშირებით, ვაშინგტონი აცხადებს, რომ არ დაუშვებს ჩინეთის მხრიდან ამერიკის დაშინებას.

ნენსი პელოსი აზიური ტურის ფარგლებში ორშაბათს სინგაპურში ჩავიდა, სამშაბათს კი მალაიზიაში. მისი შემდეგი გაჩერება ტაივანია, სადაც ის ოთხშაბათს ქვეყნის პრეზიდენტს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ინფორმაცია ოფიციალურად არაა დადასტურებული, თუმცა ამერიკული გამოცემები წყაროებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ტაიპეიში მალე ჩავა.

კვირის დასაწყისში ტაივანის სრუტესთან ჩინეთმა არამარტო სამხედრო თვითმფრინავები, არამედ სამხედრო გემებიც განალაგა. სამხედრო თვითმფრინავები იქ საკონტროლო პროვოკაციულ გაფრენებს დღესაც აწარმოებდნენ. სააგენტო "როიტერს" ადგილობრივი წყარო ატყობინებს, რომ თვითმფრინავებმა ამ დროისთვის ტერიტორია დატოვეს, მაგრამ გემები ჯერ კიდევ სრუტეში არიან.

ტაივანის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ სიტუაციას აკონტროლებს და საჭიროების შემთხვევაში "მტრის საფრთხის" გათვალისწინებით, რეგიონში ძალებს განალაგებს.

ჩინეთი აშშ-ის ოფიციალური პირების ტაივანში ვიზიტს განიხილავს, როგორც კუნძულის დამოუკიდებლობის მომხრე ბანაკისთვის წამახალისებელი სიგნალის გაგზავნას.

შეერთებულ აცხადებს, რომ რჩება “ერთი ჩინეთის” პოლიტიკის ერთგული, რომელიც ვაშინგტონის განმარტებით, ჩინეთსა და ტაივანს შორის არსებულ უთახნმოებაში სტრატეგიული ბუნდოვანების შენარჩუნებას გულიხმობს. ვაშინგტონი ინარჩუნებს არაოფიციალურ ურთიერთობას ტაივანთან და უწევს მას სამხედრო დახმარებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG