ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს


ჩინეთი ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს
ჩინეთი ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს

ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გასულ კვირას ლიბიაში არასაფრენი ზონის გამოცხადებაზე თავი შეიკავა. ქვეყნის ხელმძღვანელობა აგრძელებს აღნიშნულ პოლიტიკას და აკრიტიკებს ამერიკის, ბრიტანეთის და საფრანგეთის ავიაციის მიერ პროკადაფისტური დაჯგუფებების საჰაერო დაბომბვას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, იანგ იუ, აცხადებს, რომ მისი ქვეყნის მთავრობა ძალზე შეშფოთებულია მსხვერპლით ლიბიის მშვიდობიან მოსახლეობაში და საერთაშორისო საზოგადოებას მოსალოდნელი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ აფრთხილებს.

მისი თქმით, მოკავშირეებს არ უნდა დაავიწყდეთ, თუ რისთვის მიიღეს მათ გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი. ეს იყო ლიბიის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ოფიციალურმა პეკინმა სწორედ ამის გამო შეიკავა თავი. ჩინეთმა წინასწარ განსაზღვრა, რომ მოხდებოდა ძალაუფლების გადამეტება და იქნებოდა კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

ჩინეთის სახელმწიფო მედია მოკავშირეთა ძალებს საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაში დებს ბრალს და ახლო აღმოსავლეთში ახალი ცხელი წერტილის შექმნაში ადანაშაულებს. ქალბატონი იუ აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არაბული სამყაროს ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოს. ჩინეთის მთავრობას რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად სერიოზული პრეტენზიები გააჩნია გაეროს რეზოლუციის რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც დასავლეთი განაგრძობს გასულ შაბათს დაწყებულ შეტევას ლიბიის საჰაერო თავდაცვის პუნქტებზე.

იანგ იუს თქმით, ჩინეთი საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენების წინააღმდეგი ყოველთვის იქნება. ოფიციალური პეკინი ამ დღეებში რეგიონში საგანგებო ელჩის მივლინებასაც გეგმავს.

XS
SM
MD
LG