ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის პასუხი: ამერიკამ ქ. ჩენდუში საკონსულო უნდა დახუროს


ჩინეთის ქ. შენდუში ამერიკის საკონსულოს შესასვლელი
ჩინეთის ქ. შენდუში ამერიკის საკონსულოს შესასვლელი

ამერიკა-ჩინეთს შორის დიპლომატიური დაძაბულობის ესკალაცია გრძელდება. სამშაბათს, შეერთებულმა შტატებმა ბრძანება გასცა ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში ჩინეთის საკონსულოს დახურვის თაობაზე. შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაორაზროვნად მიანიშნა, რომ კიდევ უფრო მეტი საკონსულოს დახურვაა მოსალოდნელი.

პასუხად პეკინმა ვაშინგტონს უბრძანა, დახუროს ქალაქ ჩენდუში მდებარე შეერთებული შტატების საკონსულო. ჩენდუ ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სიჩუანის პროვინციის დედაქალაქია, რომელიც ქვეყნის დიდ ნაწილს მოიცავს, ტიბეტის ავტონომიური რეგიონის ჩათვლით. ჩენდუში ამერიკის საკონსულო 1985 წელს გაიხსნა და იქ ვაშინგტონს ამჟამად 200-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.

"ამერიკის შეერთებული შტატები არ მოითმენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას და ჩვენი ხალხის დაშინებას, ისევე, როგორც ჩვენ არ მოვითმინეთ ჩინეთის მხრიდან უსამართლო ვაჭრობის პრაქტიკა, ამერიკელების სამსახურების მოპარვა და სხვა აღმაშფოთებელი ქმედებები" - განაცხადა 21 ივლისს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა.

საგარეო უწყების განცხადებიდან მეორე დღეს, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ შესაძლოა, სხვა საკონსულოებიც დაიხუროს. "დამატებით საელჩოების დახურვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. თქვენ ხედავთ იმას, თუ რა ხდება. ჩვენ ვნახეთ იქ ხანძარი, მაშინ როცა ვუთხარით რომ დაეხურათ საკონსულო და უცებ დაიწყეს ლაპარაკი: ხანძარია, ხანძარია. მე ვფიქრობ, რომ მათ დაწვეს დოკუმენტები, მათ გაანადგურეს ის დოკუმენტები, რაზეც იყო ლაპარაკი" - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა ოთხშაბათს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული განცხადება ამბობს, რომ მათ ამერიკელ დიპლომატებს გადაწყვეტილების შესახებ დღეს დილით აცნობეს. საგარეო უწყება მომხდარს ერთმნიშვნელოვნად ვაშინგტონს აბრალებს და ამბობს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან "ინციდენტის პროვოკაცია ცალმხრივად" მოხდა.

ქ. ჰიუსტონში საკონსულოს დახურვის შესახებ ბრძანება "სერიოზულად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და საერთაშორისო ურთიერთობების ძირეულ ნორმებს" - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შექმნილ "არასასურველ" სიტუაციაზე პასუხისმგებლობას ის მთლიანად ამერიკის შეერთებულ შტატებს აკისრებს. დასასრულს კი საგარეო უწყება მოუწოდებს ვაშინგტონს, "დაუყოვნებლივ წაიღოს უკან" გადაწყვეტილება, რათა შეიქმნას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალურად გაგრძელებისთვის აუცილებული პირობები.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ორ ქვეყანას შორის მსგავსი დაძაბულობა 30 წელია არ ყოფილა. "ეს ახალი ცივი ომია, რომელიც ამერიკამ და ჩინეთმა ნაბიჯ-ნაბიჯ წამოიწყეს" - ამბობს სანგ პუ, ჰონგ-კონგის პოლიტიკური კომენტატორი.

ანალიტიკოსები მომხდარს შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებსაც უკავშირებენ. ში უინგონგი, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი პეკინში, "ამერიკის ხმას" ეუბნება, რომ ჰიუსტონში საკონსულოს დახურვა არამარტო პეკინის პროვოცირებისთვის მოხდა, არამედ წინასაარჩევნო "გამბიტის" შთაბეჭდილებასაც ტოვებს. ის მოელის, რომ იმ რამდენიმე თვეში, რაც არჩევნებამდე დარჩა, პრეზიდენტი ტრამპი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავების მიმართულებით, კიდევ ბევრ სხვა სვლას გააკეთებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG