ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სი ძინ პინი ჩინეთის ახალი ლიდერი გახდა


China Congress

სი ძინ პინი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ჩაუდგება სათავეში

ჩინეთის კომუნისტური პარტიის და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ახალი ლიდერი სი ძინ პინი გახდა, რომელმაც ჰუ ჯინ ტაო შეცვალა.

ჩინეთის კომუნისტური რეჟიმის მეხუთე თაობა მოვიდა ხელისუფლებაში, რომლებიც მსოფლიოს მეორე ეკონომიკას გაუძღვებიან და რეფორმების კურსს გააგრძელებენ.

სი ძინ პინი კარგად არის გარკვეული ჩინეთის პრობლემებში. მისი თქმით: „ჩინელები სიცოცხლის მოყვარული ხალხია, მათ უკეთესი განათლება, სტაბილური სამუშაო, მეტი ხელფასი, კარგი სამედიცინო მომსახურება და სოციალური უსაფრთხოება სურთ.“

ჩინეთის ახალი ლიდერი კორუფციასთან ბრძოლის გამკაცრებას გეგმავს. მისი თქმით, „კომუნისტურ პარტიაში მომრავლდნენ კორუფციაში ჩაფლული მექრთამეები, რომლებმაც საერთოდ დაკარგეს კავშირი ხალხთან. აქ გამეფებული ბიუროკრატია საქმის წინსვლას უშლის ხელს, ამიტომ მთელი პარტია ფხიზლად უნდა იყოს და გააძლიეროს მათ წინააღმდეგ ბრძოლა.“

ჰონგ კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი, დევიდ ზვეიგი სი ძინ პინის კარიერაზე, მის პიროვნებაზე ამახვილებს ყურადღებას და ჩინეთის ახალი ყაიდის ლიდერად მიიჩნევს, რომელიც უფრო თავისუფალია გამოსვლების დროს.

„მას დასავლეთთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს, დიდი ხანი ცხოვრობდა ჰონგ კონგში და ტაივანსაც კარგად იცნობს. ის შანხაიში მუშაობდა და შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს კარგად წარმოაჩინა თავი,“ - ამბობს დევიდ ზვეიგი.

ჩინეთის ვიცე პრეზიდენტად ყოფნის დროს სი ძინ პინი დაახლოებით 50-ჯერ ჩავიდა ამერიკაში, როდესაც მისი წინამორბედი ჰუ ჯინ ტაო ოკეანის გაღმა ოცჯერაც არ იყო ნამყოფი.

როგორც ჰონგ კონგის ბაპტისტური უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ჟან-პიერ საბესტანი აცხადებს, „ჰუ ჯინ ტაო თავის ოფიციალურ გამოსვლებში ძალზე ტრადიციული იყო, რაც კიდევ უფრო აღრმავებდა უფსკრულს პარტიის ხელმძღვანელობასა და ხალხს შორის. ახლა უკეთესობისკენ მოხდა ცვლილება, რადგან პარტიამ ხალხისთვის გასაგებ ენაზე უნდა ისაუბროს, თანაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში პოლიტბიუროს წევრები კორუფციულ სკანდალში გაეხვივნენ.“

ჩინეთის ახალი ლიდერის, სი ძინ პინი თქმით, „ჩვენი ძალა ჩვენს ხალხშია. ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობები შეზღუდულია, მაგრამ თუ ერთად ვიქნებით ვერაფერი დაგვამაცხებს. ცალკეულ პიროვნებას მხოლოდ გარკვეული დროის მანძილზე შეუძლია ხელისუფლების სათავეში ყოფნა, მაგრამ ხალხის სამსახურს დროის ლიმიტი არა აქვს.“

საზოგადოების გაერთიანებისკენ მიმართული ეს მოწოდება იმის მანიშნებელია, რომ ჩინეთს მომავალში კიდევ უფრო მეტი გამოწვევები ელის.
XS
SM
MD
LG