ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინი: ჰონგ-კონგის აქციის მონაწილეები საფრთხეს უქმნიან კანონის უზენაესობას


ჩინეთი გმობს ჰონგ-კონგში ორშაბათს განვითარებულ მოვლენებს. პეკინი ძალადობრივს უწოდებს საპროტესტო აქციებს და პარლამენტში დემონსტრანტების შეჭრის ფაქტს. ამ მოვლენებს ჩინეთი აფასებს, როგორც ფორმულაზე - "ერთი სახელმწიფოს ორი სისტემა" - თავდასხმას. ამ ფორმულით ინარჩუნებდა აქამდე ჰონგ-კონგი, ბრიტანეთის ყოფილი კოლონია ჩინეთისგან დამოუკიდებლობას.

ჰონგ-კონგის ავტონომიას საფრთხე შეექმნა, როცა ადგილობრივმა მმართველობამ გადაწყვიტა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი დაემტკიცებინა. საპროტესტო აქციებს ასობით ათასი ადამიანი შეუერთდა, თუმცა გამოსვლები ძირითადად მშვიდობიანი ხასიათის იყო.

1 ივლისს, ჰონგ-კონგის ჩინეთთან გაერთიანების 22-ე წლისთავის აღსანიშნავი მშვიდობიანი დემონსტრაცია გაიმართა. მონაწილეები მოულოდნელად ქალაქის საკანონმდებლო საბჭოს შენობაში შეიჭრნენ და მისი დერეფნები დაიკავეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და საბჭოს შენობა გაათავისუფლა.

ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები ამ გზით საფრთხეს უქმნიან "კანონის უზენაესობას და ძირს უთხრიან ჰონგ-კონგის სოციალურ წესრიგს", რაც ქალაქის "ფუნდამენტურ ინტერესებს" აზიანებს.

ჰონგ-კონგის ავტონომიაში იზრდება შიში, რომ 7.3 მილიონიანი ქალაქი დამოუკიდებლობას თანდათან კარგავს. მის მოქალაქეებს, რომლებიც ჰონგ-კონგის მიკრო-კონსტიტუციით სარგებლობენ, ბრიტანეთს და ჩინეთს შორის დადებული ხელშეკრულება 2047 წლამდე იცავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG