ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიმპანზე ადამიანზე გონიერია?


სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, რომ შიმპანზე ხშირად ადამიანივით გონიერია და ზოგჯერ - უფრო ჭკვიანიც

კიოტოს უნივერსიტეტის პრიმატთა კვლევის ინსტიტუტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ შიმპანზე ისეთ დავალებებს ასრულებს, რაც ადამიანის გონებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. კიოტოს უნივერსიტეტი ამის დამადასტურებელ ვიდეოფირებსაც ავრცელებს (იხილეთ ქვემოთ).

შიმპანზე სახელად აუმუ კომპიუტერის მონიტორთან ჯდება და 9-ის ფარგლებში არეულად დალაგებულ ციფრებს ზუსტი თანმიმდევრობით ცნობს. როგორც კი ის ციფრ 1-ს აჭერს, დანარჩენ ციფრთა გამოსახულება მონიტორიდან მომენტალურად ქრება. ამის მიუხედავად შიმპანზე მათ მდებარეობას წამიერად იმახსოვრებს და დანარჩენ 8 ციფრს სწორად და სწრაფად პოულობს. კვლევაში მონაწილე ადამიანები მხოლოდ პირველი რამდენიმე ციფრის მდებარეობას იმახსოვრებდნენ.

ბოსტონში გამართულ მეცნიერების დაწინაურების ამერიკული ასოციაციის შეხვედრაზე მკვლევარმა ტეცურო მაცუზავამ პირველად წარმოადგინა ვიდეოფირი, რომელიც აუმუს უნიკალურ ვიზუალურ მეხსიერებას ადასტურებს. მეცნიერის აზრით, შესაძლოა ადამიანებს ასეთი სწრაფი დამახსოვრების ნიჭი იმიტომ არ გააჩნიათ, რომ მათ მეტყველების უნარის ქონის გამო ის არ სჭირდებათ. "ჩვენ ანალოგიური მყისიერი დამახსოვრების უნარი არ გვაქვს, მაგრამ სამაგიეროდ საგნებს მათი მნიშვნელობის შესაბამისად აღვიქვამთ" - განაცხადა კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევარმა.

შეხვედრაზე სხვა სამეცნიერო კვლევებიც იყო წარმოდგენილი, რომლებიც პრიმატების და ადამიანთა გონებას შორის ბევრ სხვა ანალოგიას ადასტურებს. მედიკოსების აზრით, ადამიანის მსგავსი დეპრესია, ტრავმის შემდგომი სტრესული დარღვევები, ფსიქიკური მოშლილობა და სხვა მრავალი დაავადება მაიმუნებსაც ახასიათებთ.

იხილეთ სენსაციური ვიდეო, რომლის საავტორო უფლება კიოტოს უნვიერსიტეტის პრიმატთა კვლევის ინსტიტუტს ეკუთვნის:

XS
SM
MD
LG