ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბავშვო მწერლის ვასო გულეურის ლექსი სახელწოდებით „მამა ჭია შვილი ჭია“ ერთ–ერთია იმ ნაწარმოებთაგან, რომლის გამოც ზოგიერთმა მკითხველმა პატრიოტული გრძნობის შეურაცხყოფის თაობაზე გამოთქვა პრეტენზია. ლექსი საბავშვოა და იმ ჩვეულებრივ ამბავს ასახავს მხატვრულად, რომ ყველა მწერს თავისი საცხოვრებელი აქვს, რომელიც მათთვის მშობლიური ადგილია. მწერლის მიერ გადმოცემული ამბავი ყველას არ მიუღია ლირიულობითა და იუმორით. ვასო გულეურს უთხრეს, რომ მისი ნაწარმოები გარკვეული პირების უფლებებს ლახავს. ამერიკის ხმასთან საუბრისას საბავშვო ავტორი ამბობს: „კომენტარებში ჩემ ლექსზე, ზოგი ამბობდა: „გავაძეოთ ქვეყნიდან“, „ეს საერთოდ ვინაა“...დარწმუნებული ვარ, აღმოჩნდება ბევრი მსურველი, თუნდაც მხოლოდ ამ ლექსის გამო, მიჩივლოს სასამართლოში და თქვას, რომ მე მისი პატრიოტული გრძნობები შევლახე. საბოლოოდ, ალბათ, ჩემი ქვეყნიდან გაძევებაც შეიძლება მოითხოვონ“.

საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიასა და მისი კოლეგის ლევან გოგიჩაიშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი გულისხმობს იმ შემოქმედებითი ნაწარმოებების აკრძალვის უფლების მინიჭებას მოსამართლისთვის, რომელიც მოქალაქეთა რელიგიურ, ეთნიკურ, თუ სხვა უფლებებს ლახავს. ამის თაობაზე ვასო გულეური ამბობს: „ეს ბევრად საშიში ფორმაა ცენზურისა, წარმოუდგენელია ასეთი დამოკიდებულება. ნებისმიერ ნაწარმოებში შეიძლება მონახო ისეთი ნიუანსი, რითაც შეგეძლება თქვა, რომ შეილახა ესა თუ ის უფლება. გამოდის, რომ ყველა ნაწარმოების აკრძალვაა შესაძლებელი და საერთოდაც, შევეშვათ წერას და დავწვათ წიგნები პირდაპირ. აქეთ მიდის ეს ყველაფერი, როგორც ჩანს. თუ შეურაცხყოფაზეა საუბარი, ჩემთვის, მაგალითად შეურაცხმყოფელია ზოგიერთი ადამიანის ყოფნა პარლამენტში, ლახავს ჩემი ღირსების გრძნობას და არ მსურს ვიხილო ისინი პარლამენტში. შეიძლება აქედან დავიწყოთ ცენზურის დაწესება მანამ, სანამ ხელოვნების ნაწარმოებებს მისდგებიან და განსაზღვრავენ ვინ რა უნდა დაწეროს“.

რამდენად შეიძლება იყოს მოსამართლე იმდენად კომპეტენტური, რომ მისი გადაწყვეტილება შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვასთან დაკავშირებით შეუმცდარი აღმოჩნდეს? არის თუ არა ეს ცენზურა და რატომ დადგა ახლა მისი გამოყენების აუცილებლობა სახელმწიფო მანქანის მიერ დღის წესრიგში, ამის თაობაზე ამერიკის ხმასთან საიას ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ ისაუბრა: „არამგონია, რომ ეს საკანონმდებლო იდეა უნდა განვიხილოთ იმ მოვლენებისგან განყენებულად, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვეების განმავლობაში. ვგულისხმობ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე გახშირებულ საუბრებსა და კანონპროექტებზე აპელირებას, ასევე გვაქვს „აიისას“ საქმე პრეზერვატივებთან დაკავშირებით. წარმოუდგენელი სასამართლო პროცესი იმართებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მის შესახებ. ამავე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.“

საიას ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა ჯგუფების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა უკვე ტენდენციის სახეს იღებს და ის, შესაძლოა მომავალ არჩევნებთან იყოს დაკავშირებული: „ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას ამ ქვეყანაში. თუ ამ პროცესს დინამიკაში შევხედავთ, დავინახავთ, რომ ის განსაკუთრებით საფრთხის შემცველია. წელს გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნები და ასეთი გადაწყვეტილებები, შესაძლოა იქცეს გარკვეული კატეგორიის ელექტორატში დადებითი განწყობების მოპოვების წინაპირობა. არც ის დაგვავიწდეს, რა სასამართლო ისიტემის პირობებში გვიწევს ყოფნა.“

თავად კანონპროექტის ერთ–ერთი ავტორი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის მიზნით შეიქმნა და რომ შემოქმედებითი ნაწარმოების სასამართლოს მიერ აკრძალვა ცენზურა არ არის.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG