ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კონფერენცია დასრულდა


კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კონფერენცია დასრულდა
კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კონფერენცია დასრულდა

შაბათს გაეროს კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილმა კონფერენციამ მექსიკის საკურორტო ქალაქ კანკუნში მუშაობა დაასრულა. კონფერენციის შედეგად მიღწეულ იქნა მთელი რიგი შეთანხმება, მათ შორის დაარსდა გლობალური ფონდი, რომელიც ღარიბ ქვეყნებს გლობალური დათბობის დაძლევაში დაეხმარება.

კონფერენციის მონაწილეების აზრით ყრილობამ წარმატებულად ჩაიარა. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გრძელდება და მონაწილეებს აქვთ იმის იმედი, რომ მომავალ კონფერენციაზე ყოვლისმომცველი და სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო ხელშეკრულება გაფორმდება. მაგრამ, როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი გრეგ ფლაკუსი კანკუნიდან იუწყება, ხსენებული ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე პოლიტიკური დაბრკოლების მოცილება იქნება საჭირო.

ორკვირიანი დისკუსიების შემდეგ, 194 ქვეყნის დელეგატებმა შეიმუშავეს საბოლოო დოკუმენტის პროექტი, რომელშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი დაფიქსირდა.

ნიშანდობლივია, რომ მსოფლიოში სათბური გაზების ყველაზე მსხვილმა მწარმოებლებმა შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა დოკუმენტს მხარი დაუჭირეს.

მათ მსგავსად დოკუმენტის პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს ყველა მონაწილე ქვეყნის დელეგაციამ, ბოლივიის გარდა. ბოლივიის ელჩს მიაჩნია, რომ დოკუმენტს უფრო მეტის მიღწევა შეუძლია.

მაგრამ მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა პატრიცია ესპინოზამ, რომელიც კონფერენციას თავჯდომარეობდა, განაცხადა, რომ ხელშეკრულების პროექტი მიღებულ იქნა და დახურა კონფერენცია.

გარემოს დაცვის ჯგუფები კანკუნში შემუშავებულ შეთანხმებას მიესალმებიან. თუცმა ყველაზე სადავო საკითხების განხილვა მომავალ წელს სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში დაგეგმილ კონფერენციამდე გადაიდო.

პეკინში მდებარე კლიმატის ჯგუფის ჩინეთის პროგრამის დირექტორს ვუ ჩუნგ ვას ეეჭვება, რომ ყველა სადავო საკითხი დურბანში მოგვარდება.

„არა მგონია, რომ მომავალ წელს დურბანში სამართლებრივად სავალდებულო ხელშეკრულებას გააფორმებენ. ამისთვის ჩვენ უბრალოდ საკმარისი დრო არ გაგვაჩნია,“ აღნიშნა ჩინელმა კლიმატის სპეციალისტმა.

მას მიაჩნია, რომ ყოვლისმომცველი და სამართლებრივად სავალდებულო ხელშეკრულების შემუშავება 2-3 წელიწადს დაიკავებს.

„ჩვენ ყველამ უნდა გავითვიცნობიეროთ ის, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ ეს იმდენად კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია, რომ მის გადასაჭრელად მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა ითანამშრომლოს,“ აღნიშნა ვუ ჩუნგ ვამ.

პროცესში ჩართულ ყველა პირს პლანეტის გადარჩენა სურს.

მაგრამ კონფერენციის მონაწილეებმა უნდა დაარწმუნონ საკუთარი ქვეყნების მოსახლეობა, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულება კონკრეტულ სარგებელს მოიტანს და ეკონომიკურ განვითარებას არ შეაფერხებს.

ახალგაზრდა აქტივისტები კი კონფერენციის დელეგატებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი ხელშეკრულების შემუშავებაზე საკმარისად არ ზრუნავენ და შედეგად მსოფლიოს მოსახლეობას წირავენ.

ზოგიერთი კრიტიკოსი აგრეთვე საკურორტო ქალაქში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან ასობით დელეგატის მოწვევასთან დაკავშირებული დანახარჯების გაღებისა და გარემოს დაბინძურების აუცილებლობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

კონფერენციაზე მიმავალ გზატკეცილზე ნაჩქარევად დამონტაჟებული ქარის ტურბინას მხოლოდ 1.5 მეგავატის ელექტროენერგიის წარმოება შეუძლია, რაც უზარმაზარი საკონფერენციო დარბაზებისთვის ნამდვილად არ არის საკმარისი.

ბრიტანეთის ერთ-ერთმა გაზეთმა გამოთვალა, რომ კანკუნში ორკვირიანი კონფერენციის ჩასატარებლად დახარჯული ენერგია 25 ათასი ტონა ქვანახშირის დაწვის ტოლფასია, რაც იმავე დროის მონაკვეთის მანძილზე აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის ენერგიის მოხმარების მაჩვენებელს უტოლდება.

მეცნიერთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილების დასაძლევად მიმართული საქმიანობა უნდა დაჩქარდეს რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოში ტემპერატურა გაიზრდება რასაც შეუქცევადი ეკოლოგიური კატასტროფა მოჰყვება.

სწორედ ეს გახლავთ ის სასწრაფო საკითხი, რომლის განხილვასაც კლიმატის სპეციალისტები და პოლიტიკური ლიდერები მომავალ წელს დაგეგმილ კონფერენციაზე შეუდგებიან.

XS
SM
MD
LG