ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალგაზრდა ამერიკელების დასაქმების მწვავე პრობლემა


ახალგაზრდა ამერიკელების დასაქმების მწვავე პრობლემა
ახალგაზრდა ამერიკელების დასაქმების მწვავე პრობლემა

უმუშევრობის მაჩვენებელი შეერთებულ შტატებში ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია. მაგრამ ახალგაზრდებისთვის ეკონომიკური გაჯანსაღება საკმარისი ტემპებით არ მიმდინარეობს. სამეცნიერო კვლევების მიხედვით, თუ ასე გაგრძელდა, სიტუაცია 16-დან 24 წლამდე ადამიანებისთვის უახლოეს მომავალში დიდად არ შეიცვლება.

ამერიკელი ახალგაზრდების მომავალი საკმაოდ გაურკვეველია. დასაქმების ეროვნული მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, ეკონომისტი ჰეიდი შირჰოლზი ეკონომიკის პოლიტიკის ინსტიტუტიდან ამბობს, რომ ახალგაზრდების შრომით ბაზარს ჯერ ეს არ დაეტყობა.

“ახალგაზრდებს მსგავსი სიტუაცია ბოლო 70 წლის მანძილზე არ ჰქონიათ. დიდი დეპრესიის პერიოდის შემდეგ ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებელი ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის 2-ჯერ უფრო რთული იქნება წელს სამუშაოს პოვნა, ვიდრე სხვა რიგითი პროფესიონალისთვის. მათ სერიოზულ კონკურენციას უწევს თუნდაც ის, ვინც შარშან, ან შარშანწინ დაამთავრა“. ციტატის დასასრული.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, ელიოტ რეივენი, ამბობს, რომ მან სწორი სპეციალობა აირჩია, მაგრამ არამდგრადი საბაზრო სიტუაციის გამო ძალიან რთული იქნება სამუშაოს პოვნა.

„მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ კარგად მესმის ჩემი მეგობრების უმრავლესობის, რომლებიც მომავალს შიშით უყურებენ“. აღნიშნავს რეივენი.

მათ შორის, ვინც სამსახურის პოვნის იმედი სრულებით დაკარგა, არის ქიმიის ფაკულტეტის ახალი კურსდამთავრებული დენ ფორმანი. ის ფიქრობს, რომ ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებამდე ისევ სწავლის გაგრძელება სჯობს. მან ასპირანტურაში ჩააბარება და დისერტაციის დაცვა გადაწყვიტა. იქნებ სადოქტორო ხარისხის მოპოვების შემდეგ უფრო კონკურენტუნარიანი გავხდე და შედარებით ადვილად ვიპოვო სამსახური, ამბობს ის.

დრო შეიცვალა, აღნიშნავს აიმან თარაბიში, ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან. სამსახურის პოვნაში დიპლომი იმდენად მნიშვნელოვანი აღარაა, როგორც ადრე. ახლა გასაუბრებაზე უფრო იმ გამოცდილების და შესაძლებლობების სიას უყურებენ, რომლებიც საუკეთესოდ წარმოგაჩენს და სამუშაო ბაზარზე კონკურენტუნარიანს გხდის.

“აღარც კი ღირს იმის ხსენება, რომ ესა თუ ის უნივერსიტეტი დაამთავრე. დამქირავებელი იმ კონკრეტულ გამოცდილებას და შესაძლებლობას ეძებს, რომელსაც შენ მოცემულ მომენტში სამუშაოზე მიიტან. რა რეალურ გავლენას მოახდენ სამსახურში - ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რა ცოდნა გაქვს მიღებული“. ამბობს პროფესორი თარაბიში.

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, ნიკოლ მენი, გაისად ამთავრებს. მას მიაჩნია, რომ ახალმა კურსდამთავრებულმა მიზნის მისაღწევად აუცილებლად უნდა იბრძოლოს, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, რომ რეალობის შეგრძნება და ლავირების უნარი არ დაკარგოს. თუკი ისეთ სამსახურს შემომთავაზებენ, რაზეც არასოდეს მიფიქრია და თან არც მაინტერესებს, მაინც დავთანხმდები. კაპრიზების დრო აღარ არის. არასოდეს იცი წინ რა გელოდება, ამიტომ ყველა სიტუაციით უნდა ისარგებლო - ამბობს ნიკოლი.

მას პროფესორი თარაბიშიც ეთანხმება და თვლის, რომ ეს ახალი რეალობა უნდა გაითვალისწინონ არა მარტო სტუდენტებმა, არამედ მშობლებმა, დამქირავებლებმა, მთავრობამაც. იგი აღნიშნავს, რომ ბაზარი იგივე აღარ არის და ჯერ კიდევ დიდხანს აღარ იქნება. მოვლენების მიმდინარეობა იცვლება და თამაშის ახალი წესები შემოდის. ვინც ამ ცვლილებებს მხარს სწრაფად აუბამს, მხოლოდ ის დარჩება მოგებული. ეს ყოველივე ძალზე სამწუხაროა, მაგრამ რეალურად ასეა.

დამაიმედებელი ამ სიტუაციაში მხოლოდ ის არის, რომ ბოლო ექვსი თვის მანძილზე ამერიკაში სამუშაო ადგილების ზრდა დასტაბილურდა და მოსახლეობის ზრდის მაჩვნებელს თითქმის გაუტოლდა.

XS
SM
MD
LG