რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ირანის ბუშერის ატომურ რეაქტორს ის ბირთვული საწვავით მოამარაგებს.
მოსკოვი ირანს ბირთვული რეაქტორის მშენებლობაში მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებოდა. ამასთან შეთანხმების თანახმად ის ელექტრო ენერგიის გამოსამუშავებლად საჭირო რაოდენობის დაბალ დონეზე გამდიდრებულ ურანსაც მიაწვდის თეირანს. ბირთვული საწვავის გავრცელებასთან არსებული საშიშროების გამო, რუსეთი შეპირებულია რომ გამოყენებულ საწვავს ის უკან წაიღებს. ირანი თავის მხრივ აცხადებს, რომ ატომურ რეაქტორს , რომელიც საერთაშორისო ატომური სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, მალე აამოქმედებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის რობერტ გიბსის განცხადებით, თეირანსა და მოსკოვს შორის დადებული ხელშეკრულების გამო შესაძლოა დაირღვეს ირანის მიერ ურანით გამდიდრების პროგრამასთან დაკავშირებით დაწესებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები.
- რუსეთი უზრუნველყოფს ბირთვული საწვავით ბუშერის რეაქტორს და გამოყენებულ საწვავს უკანვე წაიღებს. ვფიქრობ ნათელია, რომ ირანს აღარ სჭირდება საკუთარი ურანის გამდიდრების შესაძლებლობების შექმნა მშვიდობიანი მიზნებისთვის , რაზეც თეირანი ხშირად მიუთითებდა.
ივნისიდან მოყოლებული ირანის წინააღმდეგ გაერომ სანქციების მეოთხე რაუნდი დააწესა. ამასთან ადგილი აქვს სახვადასხვა ქვეყნების მხრიდან დამატებითი ჯარიმების მოთხოვნას , რაც ირანის მხრიდან საერთაშორისო ატომურ სააგენტოსთან თანამშრომლობაზე უარის გამოცხადებას უკავშირდება.
საერთაშორისო ატომურ სააგენტოში აშშ-ის ელჩმა გლენ დევისმა ინტერვიუში განაცხადა, რომ შეშფოთება ირანის ბირთვული პროგრამის გამო სულ უფრო იზრდება, განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც ქომში ურანის გამდიდრებისთვის საიდუმლო ნაგებობა აღმოაჩინეს. თეირანის მიერ კიდევ ათი მსგავსი ნაგებობის აშენება და ირანის მიერ ურანის 20%მდე გამდიდრების მცდელობის სურვილი ირანს აყენებს ურანის მაღალ დონეზე გამდიდრების საზღვართან . ეს კი ატომური ბომბის შექმნის საწინდარს წარმოადგენს.
ბატონი დევისი ხაზს უსვამს იმას, რომ აშშ-ი და მისი პარტნიორი ქვეყნები - ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური ხერხებით ლამობენ.
„ ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას წახალისებისა და ჩართულობის მიმართულებით“, აცხადებს გლენ დევისი. ამასთან შევეცდებით მოვნახოთ გზები, რათა ირანზე ზეწოლით მათ სწორი არჩევნის გაკეთება შეძლონ. როგორც საკუთარი ისე რეგიონის და მთლიანად მსოფლიოს საკეთილდღეოდ.