ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ბიუჯეტის ბედი


ფედერალური დეფიციტის შემცირების მცდელობის შედეგი შეერთებულ შტატებში კვლავ გაურკვეველი რჩება

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


წლების მანძილზე რესპუბლიკელები მტკიცედ ეწინააღმდეგებოდნენ გადასახადების გაზრდის ნებისმიერ მცდელობას. თუმცა, იმის გამო, რომ ორ პარტიას შორის კომპრომისის მიღწევა არ მოხდა, მათ ვერ შეძლეს სეკვესტრის შეჩერება. შესაბამისად, მაღალშემოსავლიან ამერიკელებს გადასახადები მარტის დასაწყისში ავტომატურად გაეზარდათ.

სეკვესტრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ რესპუბლიკელი კანონმდებლები პრეზიდენტ ობამას მხრიდან დეფიციტის შემცირების ნებისმიერ მცდელობაზე უარს ამბობენ. კვირას ტელეკომპანია „ეი-ბი-სის“ ერთ-ერთ გადაცემაში გამოსვლისას წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა ჯონ ბეინერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პრინციპული პოზიცია გადასახადების გაზრდის წინააღმდეგ.

პრეზიდენტმა 1 იანვარს უკვე მიიღო გადაწყვეტილება გადასახადების გაზრდის შესახებ. ამის თაობაზე საუბარი დამთავრებულად მიმაჩნია. დადგა დრო, დანახარჯების პრობლემას მივხედოთ და ის შევამციროთ“ - აღნიშნავს სპიკერი ბეინერი.

თუმცა, მისი კოლეგა, ასევე რესპუბლიკელი სენატორი ბობ კორკერი ამბობს, რომ ზოგიერთი გადასახადის გაზრდა დასაშვებად მიაჩნია. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი დემოკრატებიც წავლენ გარკვეულ დათმობებზე და განახორციელებენ მასშტაბურ რეფორმას სოციალურ პროგრამებზე, რომლებიც საპენსიო ასაკის ადამიანთა ჯანდაცვას და შემოსავალს ეხება.

მიმაჩნია, რომ რესპუბლიკელები მზად არიან კიდევ ერთხელ გადახედონ საგადასახადო რეფორმას, თუკი დემოკრატები სოციალურ პროგრამებში რეალურ, კონკრეტულ გარდაქმნებს განახორციელებენ და ეს შემოსავალს გაზრდის. არ არის საუბარი ფასების ზრდაზე. მხედველობაში მაქვს უზუსტობების შესწორება, არამიზნობრივი ხარჯების შემცირება და ასე შემდეგ. ვიტყოდი, რომ ეს არის ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო სისტემაში პრიორიტეტების გადანაწილება“ - განაცხადა სენატორმა ბობ კორკერმა ტელეკომპანია „ფოქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მის წინადადებას მიესალმა დემოკრატი სენატორი რიჩარდ დურბინი და აღნიშნა, რომ ბობ კორკერის პასუხი გულწრფელი და კონსტრუქციული იყო.

მინდა ბობს მადლობა ვუთხრა ამ განცხადებისთვის. ის რაც ბობ კორკერმა ახლა თქვა, ეს არის ძირეული პრინციპების ნაკრები, რომლის ირგვლივაც შეთანხმება ორივე მხარისთვის მისაღები და დასაშვებია“- მიაჩნია დემოკრატ სენატორს.

პრეზიდენტი ობამა კონგრესს გასული კვირის მანძილზე სამჯერ ესტუმრა და შეეცადა რესპუბლიკელი კანონმდებლები დაერწმუნებინა იმაში, რომ არ გეწიათ წინააღმდეგობა საგადასახადო რეფორმისთვის. ის სოციალურ პროგრამებში შესატანი ცვლილებების აუცილებლობის თემაზე დემოკრატიული პარტიის წევრებსაც ესაუბრა.

“10-20 წელიწადში „მედიქეარის“ სახელით ცნობილი პენსიონერთა ჯანდაცვის პროგრამა გაკოტრდება. ეს დაუშვებელია. გვსურს დავრწმუნდეთ, რომ პროგრამა ხანდაზმული ადამიანებისთვის მომავალ თაობებშიც გარატნირებული იქნება. ეს კი გარკვეულ რეფორმებს და კონსტრუქციულ ცვლილებებს მოითხოვს“ - აღნიშნავს დემოკრატი სენატორი რიჩარდ დურბინი.

კონგრესმა ფედერალური მთავრობის ბიუჯეტის შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში უნდა მიიღოს. ბიუჯეტის დანარჩენ ნაწილზე გრძელვადიანი შემცირებების შესახებ პაქტის მიღება, ანალიტიკოსების აზრით, რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG