ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრისტიანის უჩვეულო ისტორია


დედის მიერ გადაღებული "იუთუბის" ვიდეო 11 მილიონმა ადამიანმა ნახა

კრისტიანი ერთი წლის იყო, როდესაც მისმა დედამ ლესი ბუკანანმა ვიდეო გადაიღო და "იუთუბით" გაავრცელა. რამდენიმე წუთიან ვიდეოში დედა საზოგადოებას საკუთარი შვილის თანდაყოლილი სახის დეფექტის შესახებ ამცნობს. ეს ისტორია პატარა ბიჭზეა, რომლის დაბადებამაც მშობლებს სიხარულთან ერთად სასოწარკვეთა და იმედი მოუტანა. ვიდეოს ბოლოს ლესი საზოგადოებას კრისტიანის ფოტოს უჩვენებს.

ლესის ვიდეო "იუთუბის" მაყურებელმა 11 მილიონჯერ ნახა. ამან ხელი შეუწყო კრისტიანის მშობლებს აბორტის საწინააღმდეგო კამპანია დაეწყოთ და უნარშეზღუდული ბავშვების დასაცავად ხმა აემაღლებინათ.

„ჩვენი ცრემლის ყოველი წვეთი და გადატანილი სირთულეები ღირდა იმად, რომ ჩვენ დღეს ჯანმრთელი და ბედნიერი შვილი გვყავს. არჩევანის წინაშე მდგარ ადამიანებს გირჩევთ, ნურაფერი შეგაშინებთ. უნარშეზღუდულობა აბორტის გამომწვევი ფაქტორი არ უნდა გახდეს.“

კრისტიანმა მთელი ქვეყნის მასშტაბით პოპულარულობა მოიპოვა, როდესაც ბუკანანების ოჯახი ამერიკის წამყვან ტელეარხებზე მიიწვიეს. ''იუთუბზე'' ასევე აიტვირთა ვიდეო, სადაც ლესი უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე საკუთარ ისტორიას ჰყვება . ლესი იხსენებს მომენტს, როდესაც ექიმებმა აბორტის გაკეთება ურჩიეს, რათა უნარშეზღუდული ბავშვის დედობა თავიდან აეცილებინა.

ლესი ბუკანანი ოჯახთან ერთად ტენესის შტატის პატარა ქალაქ ვუდბერიში ცხოვრობს. კრისტიანს უკვე რამდენიმე სახის პლასტიკური ოპერაცია გაუკეთდა. როგორც მისი მამამ კრის ბუკანანი ამბობს, იგი ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვია:

„კრისტიანი უნარშეზღუდული ბავშვივით არ იქცევა. უყვარს მუსიკა, ფორტეპიანო. არა მგონია, ამ დეფექტმა რაიმეს კეთებაში ხელი შეუშალოს.“

ბუკანანაების ოჯახი ქრისტიანის უნარშეზღუდულობას უკვე შეეჩვია, თუმცა თავიდან მათ გარკვეულ პრობლემებთან მოუწიათ შეგუება. კრისტიანს საზოგადოებაში ძალიან აქცევდნენ ყურადღებას და ხშირად მშობლებს უტაქტო კითხვებს უსვამდნენ. ლესი იხსნებს, რომ ერთმა უცნობმა ისიც კი უთხრა, რომ ასეთი ბავშვის გაჩენას აბორტის გაკეთება სჯობდა.

კრისტიანის დედა ყოველთვის ცდილობდა მსგავსი შეკითხვებისგან თავი ღირსეულად დაეცვა:

„არასდროს გამიცია პასუხი ასეთი ადამიანებისთვის. ამას ხომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.“

ბუკანანების აზრით, ბოლო დროს მსოფლიოში უნარშეზღუდული ადამიანების მიმართ დამოკიდებულება იცვლება. კრისტიანის ისტორიამ კი ამ პროცესში გარკვეული როლი შეასრულა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კრისტიანის ისტორიას ასეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვა.“

თუმცა ბუკანანების ისტორია მხოლოდ მშობლის და შვილის სიყვარულის ისტორია არ არის, ეს სასოების და ჰუმანურობის უდიდესი მაგალითიცაა.
XS
SM
MD
LG