ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო საქართველოს ვერ დაეხმარება


გაერო საქართველოს ვერ დაეხმარება

რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს, გაერო კი საქართველოს დასახმარებლად ვერაფერს აკეთებს იმის გამო, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია.

ბრუკინგსის ინსტიტუტში გუშინ პრეზენტაცია გაიმართა სახელწოდებით „პრევენციული დიპლომატიის განახლებული მისია მსოფლიოს ცხელ წერტილებში მშვიდობის მისაღწევად.“ პრეზენტაციის ძირითადი თემა კონფლიქტების გადაწყვეტაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლი და მის ხელთ არსებული მექანიზმები იყო, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას კონფლიქტების გადაწყვეტის საშუალება ეძლევა.

პრეზენტაციის ერთ-ერთი მომხსენებელი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და პოლიტიკური საქმეების დეპარტამენტის უფროსი ბატონი ლინ პასკო იყო. ბატონი პასკოს თქმით, კონფლიქტების დროული გადაწყვეტისთვის გაერო ცდილობს ახალი სტრატეგია შეიმუშავოს. ორგანიზაციას შეზღუდული მატერიალური და ადამიანური რესურსები აქვს მსოფლიოს პერიფერიებში ინტერვენციის გასაკეთებლად. გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა. ამასთან ერთად, როგორც ბატონმა პასკომ აღნიშნა:

„პრევენციული დიპლომატია და მედიაცია ბოლო წლების განმავლობაში ძველმოდურ მეთოდებად იქცა. თუმცა, გაეროს წევრი სახელმწიფოები ამ მიმართულებით აზრს იცვლიან და აცნობიერებენ, რომ კონფლიქტების ადრეულ ეტაპზე გადაწყვეტა და მედიაციის მიზნით გაეროს აქტიური ჩართვა კონფლიქტის ყველა ეტაპზე, არა მხოლოდ ფინანსურად იქნება გამართლებული ორგანიზაციისთვის, არამედ მნიშვნელოვან შედეგებსაც გამოიღებს მსოფლიოში ძალადობის შესამცირებლად.“

ბატონმა პასკომ კონფლიქტის დაწყების სამ ძირითად მიზეზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაერო, როგორც მიუკერძოვებელი საერთაშორისო ორგანიზაცია საუკეთესო პოზიციაშია იმისთვის, რომ დიპლომატიის გამოყენებით დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდოს. მისი თქმით:

„ძალადობრივი კონფლიქტების უმრავლეობის გამომწვევი მიზეზები პოლიტიკური დაპირისპირებაა. ხშირად ეს დაპირისპირება იმდენად მძაფრია, რომ მხარეებს კომპრომისზე წასვლა არ შეუძლიათ. სწორედ აქ შეიძლება გაეროს კონცენტრირებული ძალისხმევის გამოყენება და გამოცდილი დიპლომატების დახმარებით მხარეებს შორის დიალოგის დაწყება.“

ცივი ომის შემდეგ გაეროს გაცილებით უჭირს კონფლიქტების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება იმის გამო, რომ ამ კონფლიქტების უმრავლესობა სამოქალაქო, რელიგიური ან ეთნიკური დაპირისპირების საფუძველზე ხდება. გამომდინარე იქედან, რომ გაეროს წესდება ძირითადად ქვეყნებს შორის წარმოქმნილი კომფლიქტების გადაჭრისკენაა მიმართული, ორგანიზაციას არ აქვს სათანადო ბერკეტები ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტის გადასაჭრელად.

პრეზენტაციაზე ერთ-ერთი მომხსენებლის, დევიდ სმოკის განცხადებით, რომელიც ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტია მედიაციისა და კონფლიქტების გადაწყვეტის მიმართულებით:

„ერთი სირთულე, რომელსაც გაერო ხშირად უპირისპირდება, არის წევრი ქვეყნების განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაცია და ინტერესები. ამის გამო, გაერომ წინასწარ უნდა განსაზღვროს სად იქნება შესაძლებელი წარმატების მიღწევა და სად არა. ასევე აუციელებელია ორგანიზაციამ შეძლოს შიდა ადმინისტრაციული პროცესების დაჩქარება და პროცესების დუბლირების თავიდან აცილება.“

პრეზენტაციის განმავლობაში მომხსენებლებს კავსაკიის კონფლიქტებში გაეროს მონაწილეობაზე არაფერი უთქვამთ. ბატონმა პასკომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მედიაციის პროცესში გაეროს მონაწილეობაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. გამომდინარე იქიდან, რომ უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთი რუსეთია, რომელსაც სხვა წევრების მსგავსად ვეტოს უფლება აქვს, რუსეთის კონფლიქტის ერთ-ერთ მხარედ ყოფნა გაეროს წარმომადგენელბისთვის ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას ზედმეტად პოლიტიკურს ხდის.

ამერიკის ხმის ქართული რედაქცია პრეზენტაციის შემდეგ ერთ-ერთ მომხსენებელს, პროფესორ პოლ სტეარსს გაესაუბრა. ბატონი სტეარსი ვაშინგტონში დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობის საბჭოს კონფლიქტების პრევენციის ცენტრის დირექტორია. ჩვენს შეკითხვაზე, თუ რა მექანიზმები გააჩნია გაეროს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის მიმართულებით, პროფესორმა სატეარსმა ბრძანა:

„თუ არ არის უშიშროების საბჭოს რეზოლუცია რაიმე საკითხის გადასაჭრელად გაერო ვერაფერს გააკეთებს. მოგეხსენებათ, უშიშროების საბჭოს ერთი წევრი საქართველოს კონფლიქტებში გაეროს ჩარევის წინააღმდეგია. რუსეთის მხრიდან პოზიციის შეცვლის გარეშე შეუძლებელი იქნება გაეროს მიერ რაიმე ფორმით საქართველოს კონფლიქტების გადაჭრაში მონაწილეობა.“

ხოლო იმაზე თუ რეალურად რისი გაკეთება შეუძლია გაროს საქართველოს, როგორც აგრესიის მსხვერპლი ქვეყნის დასახმარებლად, ბატონმა სტეარსმა აღნიშნა:

„გაეროს შეუძლია იყოს მექანიზმი იმისვის, რომ სახელმწიფოებს შეახსენოს, რომ მათ სხვა ქვეყნის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა არ შეუძლიათ.“

მომხსენებლების მოსაზრებებზე დაყრდნობით, გაუმართლებელი არ იქნება იმ დასკვნის გაკეთება, რომ გაეროს მექანიზმები საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით მოუქნელი და შეიძლება ითქვას გამოუსადეგარიც კია. გარდა ამისა, გაერო სამშვიდობო ძალებს და მედიატორებს, როგორც ჩანს მსოფლიოს მხოლოდ ისეთ ადგილებში აგზავნის, სადაც ძლიერი სახელმწიფოებისა და უშიშროების საბჭოს მუდმივი ხუთი წევრის ინტერესები ერთმანეთს არ უპირისპირდება.

XS
SM
MD
LG