ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანზე სანქციები არ იმუშავებს


ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით და მათ სავარაუდო შედეგებზე ბრუკინგსის ინსტიტუტში პრეზენტაცია გაიმართა. ექსპერტების აზრით, ირანზე ახალი სანქციები არ იმუშავებს, ხოლო მეორეს მხრივ, რეგიონში ძალთა გადანაწილების დინამიკას საგრძნობლად შეცვლის.

ობამას ადმინისტრაციას ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის გაწეულ დიპლომატიურ ძალისხმევაში უჩვეულო წინსააღმდეგობა შეხვდა. ტრადიციური დიპლომატიური მოწინააღმდეგეები, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი სანქციების გამკაცრების მომხრეები არიან. თუმცა ბევრის გასაკვირად, ამერიკის ტრადიციული მოკავშირეები - ნატოს წევრი თურქეთი და მომავალი ეკონომიკური გიგანტი, ბრაზილია - ირანზე სანქციების დადებას ეწინააღმდეგებიან.

ამ თემაზე გუშინ ბრუკინგსის ინსტიტუტში პრეზენტაცია გაიმართა. საღამოს ბრუკინგსის ამერიკისა და ევროპის ცენტრის დირექტორი ფიონა ჰილი უძღვებოდა. თავდაპირველად სიტყვით ბატონი სტივენ კინზერი გამოვიდა და ირან-თურქეთის ურთიერთობაზე და ამერიკის რეგიონალურ მიზნებზე ისაუბრა. მან საკუთარი ახალი წიგნიც მიმოიხილა, რომელიც ახლახან გამოიცა სახელწოდებით „გადატვირთვა: ირანი, თურქეთი და ამერიკის მომავალი.“

ბატონი კინზერი ირანიდან ახლახან დაბრუნდა და აღნიშნა, რომ ამერიკის მიმართ საზოგადოებაში დადებითი დამოკიდებულება ადვილად შეინიშნება, თუმცა ასევე ადვილი დასანახია უნდობლობა, რომელიც ზოგადად დასავლური სამყაროს მიმართ ასრსებობს.

ბატონი კინზერის თქმით, ამერიკა ცივი ომის მენტალიტეტით უდგება ახლო აღმოსავლეთს და მოუქნელ დიპლომატიურ მეთოდებს იყენებს რეგიონში საკუთარი ინტერესების გასატარებლად:

"ამერიკის დამოკიდედულება ახლო აღმოსავლეთის მიმართ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საუდის არაბეთის და ისრაელის ინტერესებზე იყო აგებული. რეგიონში ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ საუდის არაბეთი და ისრაელი ყოველთვის იღებენ ვაშეინგტონისგან იმას, რაც სურთ. ეს კი არც ერთი ქვეყნისთვის არ არის ჯანსაღი პოლიტიკა."

გარდა ამისა, ბატონმა კინზერმა განაცხადა, რომ რეგიონში სტრატეგიული გარემო ძალიან სწრაფად იცვლება, ხოლო ამერიკის პოლიტიკა მტკივნეულად ნელი ტემპით ეჩვევა ამ ცვლილებებს. მისივე თქმით, ამერიკის მიმდინარე პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში დადებით შედეგებს ვერ გამოიღებს. ვაშინგტონი მხოლოდ ირანისგან მოელის დათმობებზე წასვლას, თვითონ კი არაფერს აკეთებს ნდობის დასამყარებლად.

ამერიკელ პოლიტიკოსებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ირანის დახმარების გრეშე შეუძლებელი იქნება ავღანეთში, ერაყში და თუნდაც მთელს ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის მიღწევა. გარდა ამისა, ირანი ჰორმუსის სრუტეს აკონტროლებს, რომლის გავლითაც მსოფლიოს მასშტაბით ტანკერებით გადაადგილებული ნავთობის დაახლოებით 40 პროცენტის ტრანსპორტირება ხდება.

ბატონმა კინზერმა ისრაელის ირანთან დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისრაელი და ამერიკა ირანს არაფერს უთმობენ და სწორედ ამის გამო ირანი ბირთვულ პროგრამას არ დათმობს. მისი აზრით, რამდენიმე წელში ირანს სავარაუდოდ ბირთვული ბომბი ექნება.

ბატონი კინზერისგან განსხვავებით, ქალბატონმა სუზან მალონიმ ირანი უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ გამომდინარე იქედან, რომ თეირანი დახურული პოლიტიკით მართას ქვეყანას და მმართველობაზე რელიგიურ ჯგუფებს საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ, არ შეიძლება ირანთან ტრადიციული დიპლომატიური მეთოდებით მიდგომა. მისივე თქმით, ახალი გამკაცრებული სანქციები ისევე წარუმატებელი იქნება, როგორც ეს ძველი სანქციები იყო. ქალბატონი მალონის თქმით,"ირანს საკმაოდ მოქნილი და უწყვეტი შემოსავლის წყარო აქვს ენერგო რესურსების მაღალი ფასისა და ენერგო მატარებლების ხარჯზე. სანქციები ირანს ზიანს მიაყენებს, შეიძლება ბირთვული პროგრამის განვითარების სტილი შეაცვლევინოს და ტემპი შეანელებინოს, მაგრამ სანქციების შედეგად თეირანი სერიოზულ დათმობებზე არ წავა."

ქალბატონი მელონის თქმით, ბირთვული და რეგიონალური სტაბილურობის საკითხების გადასაჭრელად, ირანთან ურთიერთობა აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ამისი მიღწევა მისი აზრით, მხოლოდ დაბალი დონის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით შეიძლება, რომლებიც დროთა განმავლობაში უმაღლეს ეშელონებში კონსტრუქციული მოლაპარაკების დაწყებისკენ იქნება მიმართული.

ბოლო პანელისტი თურქი ექსპერტი და ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი პროფესორი ომერ ტაშპინარი იყო. მისი გამოსვლის ძირითადი თემა თურქეთის საგარეო პოლიტიკა იყო ირანთან, ისრაელთან და ამერიკასთან მიმართებაში. პროფესორი ტაშპინარის აზრით, თურქეთი დამოუკიდებელი მოთამაშე ხდება მსოფლიო ასპარეზზე. ანკარა ასევე წაქეზებულია ეკონომიკური სიძლიერით, რომელიც აშკარად გამოჩნდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობა შეწყვიტა, ქვეყანა მაინც სწრაფი ტემპებით ვითარდება და ის მსოფლიოში სიდიდით 16 ეკონომიკას წარმოადგენს.

ბატონი ტაშპირანის განცხადებით: "ნეო-ოსმალური შეხედულებები, რომლითაც თურქეთის ხელისუფლება ხელმძღვანელობს, ქვეყნის ლიდერების იმედგაცრუებას იწვევს დასავლეთთან ურთიერთობაში. გარდა ამისა, თურქეთი შეურაცხყოფილად გრძნობს თავს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამუდმებული უარის გამო."

ბატონმა ტაშპინარმა ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თეთრი სახლი თურქეთთან ურთიერთობას რეალური ვითარებიდან გამომდინარე აფასებს. თუმცა მან ისიც თქვა, რომ ვაშინგტონი ანკარას არ ენდობა და ამ უნდობლობას აშკარად გამოხარტავს.

მისი თქმით, ამერიკის პოლიტიკა ირანის მიმართ თურქეთის გაბრაზებას და დაბნევას იწვევს. ირანის ბირთბულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, რომელიც თურქეთმა და ბრაზილიამ გამდიდრებული ურანის გაგზავნასთან დაკავშირებით აწარმოეს, თავდაპირველად ვაშინგტონის ინიციატივა იყო. ხოლო მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები დასრულდა, ამერიკამ შეთანხმება დაგმო და სანქციების მოთხოვნა გააგრძელა. ვაშინგტონის პოლიტიკის ასეთმა რადიკალურმა ცვლილებამ ანკარაში ვნებათა ღელვა გამოიწვია, თუმცა მეორეს მხრივ თურქეთს საშუალება მისცა რეგიონალური ქვეყნებისთვის დაენახვებინა, რომ თურქეთი ამერიკის პროტეჟეობას აღარ აპირებს და მზადაა დამოუკიდებელი რეგიონალური პოლიტიკა აწარმოოს.

XS
SM
MD
LG