ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერი პასუხისმგებლობას იღებს კოვიდზე ქვეყნის რეაგირების გამო


ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ის სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, თუ როგორი პასუხი ჰქონდა ქვეყანას კოვიდ 19-ის პანდემიაზე. ეს განცხადება გაერთიანებული სამეფოს მეთაურმა მას შემდეგ გააკეთა, რაც 2 დღით ადრე, ბრალი დასდო ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს საავადმყოფოებში ადამიანების გარდაცვალების გამო.

ჯონსონი პარლამენტში ოპოზიციური, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის კერ სტარმერის კითხვას პასუხობდა ექიმებთან დაკავშირებით. სტარმერი კი ჯონსონს ციტირებდა: "ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ძალიან ბევრი ადამიანი არ მიჰყვებოდა პროცედურებს ისე, როგორც მათ ეს უნდა გაკეთებინათ". სტრამერის კომენტარზე, რომ ძალიან ბევრმა მედიკოსმა პრემიერის ეს განცხადება შეურაცხყოფად მიიღო, ჯონსონმა თქვა, რომ მას არავისთვის სურდა რაიმეს დაბრალება. "როდესაც ბრალზეა საუბარი, მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა", თქვა პრემიერმა.

ჯონსონმა ისიც აღნიშნა, რომ თავიდან არავინ იცოდა, რომ პანდემია დაწყებული იყო. მათ არც ის იცოდნენ, როგორ გავრცელდებოდა ვირუსი, ამიტომ პროცედურებიც იცვლებოდა.

სტარმერის თქმით, ჯონსონის ახსნა-განმარტება არ იყო ბოდიში, რომელსაც მედიკოსები მისგან ითხოვდნენ. პოლიტიკოსის თქმით, ასეთი საქციელით პრემიერი მედიკოსებს "მარილს აყრის ჭრილობაზე".

ჯონსონი, ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ მეტი ინვესტიცია ჩაიდოს და მოხდეს სამედიცინო სისტემის რეფორმა ბრიტანეთში.

ქვეყანაში ვირუსის 286,979 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 630 ახალია. კორონავირუსისგან ბრიტანეთში 44,517 ადამიანი გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG