ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის დედოფალმა დღეს ახალი პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა


დღეს ბრიტანეთის დედოფალმა ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ოფიციალურად გახსნა. დედოფალმა კანონმდებლებს სიტყვით მიმართა და ახალი მთავრობის გამოწვევებზე ისაუბრა.

დედოფლის თქმით, პარლამენტის უახლოესი დღის წესრიგი ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის პარალელურად არაერთ საკანონმდებლო ცვლილებას და დამოუკიდებელი პოლიტიკის დეკლარირებას მოიცავს.

ამასთან ქვეყნის ამოცანაა ევროკავშირთან მოლაპარაკებებში საუკეთესო შეთანხმების მიღწევა, რაც შეეხება საშინაო საქმეებს, ელისაბედ მეორის თქმით, აუცილებელია „მაქსიმალური შესაძლო კონსენსუსის“ პოვნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს ქვეყნის მომავალი ევროპული ბლოკიდან მისი საბოლოოდ გასვლის შემდეგ.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელსაც პარლამენტმა კენჭი მომავალ კვირას უნდა უყაროს ბევრ სხვადასხვა საკითხს მოიცავს, როგორებიცაა იმიგრაცია, საერთაშორისო სანქციები, ბირთვული უსაფრთხოება და სოფლის მეურნეობა.

ასევე, დედოფლის თქმით, აუცილებელია მთავრობამ მეტი ძალისხმევა მიმართოს ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, გარდა ამისა, საგადასახადო შემოსავლების გასაზრდელადაც, რათა ამ თანხით ეროვნული ჯანდაცვისა და განათლების პროგრამები დაფინანსდეს.

ბრიტანეთის დედოფალმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა შეასრულებს თავის ვალდებულებებს როგორც NATO-ის წევრი ქვეყანა და თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-ს თავდაცვის გაძლიერებაზე დახარჯავს. მონარქმა ასევე დაადასტურა, რომ ბრიტანეთი კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების პრინციპების ერთგული რჩება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG