ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კემერონის პირველი ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში


ვიზიტის განრიგი ფოკუსირებული იყო ნავთობმომპოვებელ კომპანია "ბი-პი"-ს საქმიანობასა და ავღანეთში შექმნილ მდგომარეობაზე

როგორც მოსალდონელი იყო, ვაშინგტონში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს ბრიტანეთის ახლად არჩეულმა ლიდერმა დევიდ კემერონმა ნავთობმომპოვებელი კომპანია „ბი-პი“ დაიცვა. მექსიკის ყურეში ეკოლოგიური კატასტროფის გარდა, ამერიკელი კანონმდებლები უკმაყოფილობას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ხსენებულმა კომპანიამ შესაძლოა თავისი წვლილი შეიტანა გასულ წელს ლიბიელი ტერორისტის გათავისუფლებაში, რომელიც ჰუმანიტარულ საფუძველზე გაათავისუფლეს ქრონიკული ავადმყოფობის გამო. ამას გარდა ბატონმა კემერონმა და პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთის საკითხი განიხილეს. კემერონის თქმით, ბრიტანეთის სამხედრო ძალები ავღანეთიდან 2015 წლამდე უნდა გავიდნენ.

პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის დროს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ბევრი საკითხი ჰქონდა განსახილველი.

დანა ალინი ლონდონში მდებარე სტრატეგიულ ურთიერთობათა საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტია. მისი თქმით, არა აქვს მნიშვნელობა თუ რაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის ლიდერებმა. მათი ურთიერთობა ძალიან მჭიდროა.

„მე ვფიქრობ, რომ მათი ურთიერთობა არსებითად ძალიან მყარია. შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო ხომ მოკავშირე სახელმწიფოები არიან. ისინი ერთად ომობენ ავღანეთში. ხოლო სადაზვერვო სფეროში მათი ურთიერთობა ინტენსიური და ყოვლისმომცველია. რაც შეეხება გლობალურ საკითხებს, აქაც ორივე მხარე საერთო პოზიციებს იკავებს,“ აღნიშნა დანა ალინმა.

პრემიერ მინისტრის ვიზიტის განრიგი მხოლოდ ერთ საკმაოდ უხერხულ საგანს შეიცავდა. ეს გახლდათ ბრიტანეთის ნავთობმომპოვებელი კომპანია „ბი-პი“ და მისი კონტროლის ქვეშ მყოფ წყალქვეშა ჭაბურღილზე მომხდარი ავარიის შედეგად მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობი. ამერიკელი კანონმდებლები აგრეთვე ითხოვენ გამოძიების ჩატარებას იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია „ბი-პი“-მ თავისი წვლილი შეიტანა ლიბიელი ტერორისტის აბდელ ბასეტ ალ-მეღრაჰის გათავისუფლებაში, რომელიც 1988 წელს შოტლანდიის ქალაქ ლოკერბის მახლობლად ავიაკომპანია „პან ამერიკანის“ თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის იხდიდა სასჯელს. გასულ წელს ალ-მეღრაჰი ლიბიაში გმირად შერაცხეს და მისი დაბრუნება დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს კიდეც. ამერიკელი კანონმდებლები „ბი-პი“-ს ალ-მეღრაჰის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ბრიტანეთის მთავრობაზე ზეწოლის მოხდენაში ადანაშაულებენ, რათა ნავთობმომპოვებელ კომპანიას ლიბიის მთავრობასთან ნავთობის მოპოვების სფეროში მნიშვნელოვანი გარიგების გაფორმება შეეძლო.

ჯონ ჰამილტონი გაზეთ „აფრიკან ენერჯის“ ჟურნალისტია. მისი თქმით:

„ეს კავშირი ცხადი უნდა იყოს ყველასთვის, მაგრამ გაურკვეველი ის არის, თუ რისი გაკეთება შეეძლო ‘ბი-პი’-ს ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს საკითხი ხომ ბრიტანეთის მთავრობასა და ლიბიის მთავრობას შორის უნდა განხილულიყო, და არა ‘ბი-პი’-სა და ბრიტანეთის მთავრობას შორის.“

ბრიტანულ-ამერიკული მოლაპარაკებების კიდევ ერთ საგანს ავღანეთი წარმოადგენს, სადაც დაახლოებით 9,000 ბრიტანელი ჯარისკაცია დისლოცირებული. ალინი აღიარებს, რომ იქ შექმნილი მდგომარეობა ნამდვილად რთულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება. ალინის თქმით:

„ავღანეთთან დაკავშირებით რაიმე რეალური დავა არ არსებობს. ავღანეთში ხომ მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ არავინ იცის თუ რა უნდა გაკეთდეს. შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო ერთობლივად ეძებენ გამოსავალს ანუ კონფლიქტის დასრულებას. და ამ მიზნით ისინი აქტიურად თანამშრომლობენ კიდეც.“

ალინს მიაჩნია, რომ ბატონი კემერონი შეეცდება შეამციროს დიდი ბრიტანეთის მოლოდინი, რომელიც ვაშინგტონში მის პირველ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით შეინიშნება. მაგრამ ამ მცდელობების მიუხედავად, ბრიტანეთის მედია და ანალიტიკოსები დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალ-ყურს პრემიერის პირველ ოფიციალურ ვიზიტს შეერთებულ შტატებში.

XS
SM
MD
LG