ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაკერულმა საფრთხემ ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის კენჭისყრა დააყოვნა


სამშაბათს, გამოცემა „ტელეგრაფმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრების მიერ შემდეგი პრემიერის ასარჩევი კენჭისყრა დაყოვნდა მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა სადაზვერვო სააგენტომ გააფრთხილა, რომ კიბერ-ჰაკერებს ადამიანების ბიულეტენების შეცვლა შეეძლოთ.

გამოცემამ აღნიშნა, რომ მტრული სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული საფრთხე არ ყოფილა და გაფრთხილებას უფრო ზოგადი ხასიათი ჰქონდა. ის ხმის მიცემის პროცესს და მის დაუცველობას შეეხებოდა.

შემაშფოთებელი გარემოების გათვალისწინებით, კონსერვატიული პარტია იძულებული გახდა უარი ეთქვა გეგმაზე, რომლითაც წევრებს საშუალება ექნებოდათ შემდეგი ლიდერის ასარჩევ კონკურენტული ბრძოლის გვიან ეტაპზე საკუთარი გადაწყვეტილება შეეცვალათ.

საფოსტო ბიულეტენები პარტიის დაახლოებით 160 ათას წევრს ჯერ კიდევ მისაღები აქვს და ახლა ისინი გააფრთხილეს, რომ ბიულეტენები შესაძლოა 11 აგვისტომდე ვერ მიიღონ. ბიულეტენების გაგზავნა თავდაპირველად ორშაბათისთვის იყო დაგეგმილი.

ბორის ჯონსონის შესაცვლელად ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი იბრძვიან.

კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის გამოკითხვის თანახმად, რომლებიც ხმის მიცემის კვირების შემდეგ, 5 სექტემბერს, მომდევნო პრემიერის ვინაობას დაადგენენ, ამჟამად ტრასი ლიდერობს.

მთავრობის კომუნიკაციების შტაბი (GCHQ) მთელ მსოფლიოში აგროვებს კომუნიკაციებს, რათა ბრიტანეთის მიმართ საფრთხეები აღმოაჩინოს და გაანეიტრალოს. ამ სააგენტოს ნაწილია კიბერ-უსაფრთხოების ეროვნული ცენტრი, რომლის პრეს-მდივანმაც განაცხადა, რომ კონსერვატიულ პარტიას რჩევა ამ ცენტრმა მიაწოდა.

XS
SM
MD
LG