ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერობის ერთ-ერთი კანდიდატი ჩინეთს მთავარ საფრთხედ მიიჩნევს


ბრიტანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა და პრემიერობის კანდიდატმა რიში სუნაკმა თქვა, რომ ჩინეთი ქვეყნისთვის და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ამ საუკუნის უდიდესი საფრთხეა.

სუნაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრუსი ბორის ჯონსონის ადგილის დასაკავებლად იბრძვიან. კონსერვატიულ პარტიაშივე გაჩენილი უკმაყოფილების შედეგად მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პრემიერის პოსტს 6 სექტემბერს დატოვებს.

გამოკითხვებში კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის ტრუსი ლიდერობს. პარტიის ახალი ლიდერი და პრემიერი პარტიის წევრებმა უნდა აირჩიონ. სუნაკი იმედოვნებს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში გასამართი დებატები და გამოსვლები მის კამპანიას დაწინაურებაში დაეხმარება. საბოლოო კენჭისყრა 5 სექტემბერს უნდა გაიმართოს.

"ჩინეთი ყველაზე დიდი გრძელვადიანი საფრთხეა ბრიტანეთისთვის და მსოფლიოს ეკონომმიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - თქვა სუნაკმა. "ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკოსები ბრიტანეთსა და დასავლეთში წითელ ხალიჩას უგებდნენ და თვალს იბრმავებდნენ ჩინეთის ბოროტულ ნაბიჯებსა და ამბიციებზე. მე ამას პრემიერ-მინისტრობის პირველივე დღეს შევცვლი", - ამბობს ის.

პრემიერობის კანდიდატი ამბობს, რომ სურს იმუშაოს სპეციალურ უწყებებთან ერთად იმისთვის, რომ ბრიტანული ბიზნესები ჩინეთის მხრიდან ჯაშუშობის ძალისხმევისგან დაიცვას. მისი თქმით, საჭიროა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური კომპანიების ჩინეთის მმართველობის ქვეშ მოხვედრისგან თავის დაცვაც.

XS
SM
MD
LG