ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელი კანონმდებლები რუსეთის ქმედებების გამოძიებას ითხოვენ


ბრიტანეთის პარლამენტის შენობა
ბრიტანეთის პარლამენტის შენობა

ლონდონი ყურადღების ცენტრში გასულ კვირას ამერიკაში ერთი საბრალდებო დასკვნის შემდეგ მოექცა. დასკვნამ გაასაჯაროა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთმა მრჩეველმა ჯორჯ პაპადოპოლოსმა 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას რუსეთთან კავშირების შესახებ ტყუილი თქვა.

პაპადოპოლოსს, რომელიც თეთრი სახლი თქმით, არც თუ ისე მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა ტრამპის საარჩევნო გუნდში, რუს ჩრდილოვან კონტაქტებთან ლონდონში მცხოვრებმა მალტელმა აკადემიკოსმა დააკავშირა. ეს ინფორმაცია პაპადოპოლოსის საბრალდებო დასკვნაშია მოცემული, რომელიც სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა გასულ კვირას გაასაჯაროა.

თუმცა, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი უფრო ხშირად ფიგურირებს რუსეთის მხრიდან ამერიკის არჩევნებში ჩარევის გამოძიების საქმეში, ვიდრე უბრალოდ შეხვედრის ადგილი.

ატლანტის ოკეანის ორივე მხარს მიმდინარე რუსეთის დივერსიული საქმიანობის გამოძიება - ერთის მხრივ, ამერიკის არჩევნებში ჩარევის და მეორეს მხრივ, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირიდან გამოსვლის რეფერენდუმის თაობაზე - აჩვენებს, რომ ბრიტანეთის დედაქალაქი რუსეთის სადაზვერვო აქტივობის ცენტრია.

ბრიტანეთის კონსერვატიული მთავრობა პოლიტიკური წნეხის წინაშეა რათა რუსეთის მიერ გავლენის მოპოვების მცდელობა ოფიციალურად გამოიძიოს და დაადგინოს შეეცადა თუ არა მოსკოვი გავლენა მოეხდინა „ბრექსიტის“ რეფერენდუმზე.

ტერეზა მეის მიმართ პოლიტიკური მოთხოვნა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აჩვენა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისის მაღალჩინოსნები იმ პირების სამიზნეები იყვნენ, რომლებიც ამერიკულ საქმეში ფიგურირებენ. მაღალჩინოსნებს შორის არიან ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი და სამი ყოფილი მინისტრი.

მალერი ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევას და ტრამპის კამპანიასა და კრემლს შორის შესაძლო გარიგების საკითხს იძიებს. ტრამპის ადმინისტრაცია მის გუნდსა და რუსულ ინტერესებს შორის რაიმე სახის გარიგების არსებობას უარყოფს. პაპადოპოლოსი გასულ კვირას მალერთან გაიგებას დათანხმდა და ბრალი აღიარა, რომ რუსეთის წარმომადგენლებთან კავშირის თაობაზე ფედერალური ბიუროს აგენტები შეცდომაში შეიყვანა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, პაპადოპოლოსს „ათასობით იმეილი“ და „ბინძური მასალა“ შესთავაზეს დემოკრატ კანდიდატ ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ. ეს შეთავაზება იქამდე იქნა გაკეთებული, სანამ, „ვიკილიქსი“ ჟულიან ასანჟის მეთაურობით, ლონდონიდან, დემოკრატიული პარტიის სერვერებზე არსებულ ელექტრონულ მიმოწერას გამოაქვეყნებდა. „ვიკილიქსის“ მიერ ჰაკერული მასალების გამოქვეყნება ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა შეაფასეს, როგორც მოსკოვის „აქტიური ქმედითი ოპერაცია“.

ბრიტანული გამოცემა „ობსერვერის“ თანახმად, პაპადოპოლოსს და მალტელ პროფესორს, (რომლის სახელიც მალერის ფაილებში არ ფიგურირებს, თუმცა მოგვიანებით მოხსენიებულ იქნა როგორც ჯოსეფ მიფსუდი) ბრიტანელ მინისტრებთან რამდენიმე შეხვედრა ქონდა.

ორი კვირის წინ მიფსუდი ვახშამზე იმყოფებოდა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი ესწრებოდა და სიტყვით გამოვიდა. საგარეო ოფისის წარმომადგენლებმა ბრიტანეთის პრესას განუცხადეს, რომ ჯონსონს არ ქონდა მასზე ინფორმაცია და მიფსუდთან რაიმე „განზრახვით“ არ უსაუბრია.

ვახშმამდე, მალტელმა პროფესორმა, გამოცემა „ბაილაინის“ მიერ მოპოვებული იმეილის მიხედვით, მეგობრებს განუცხადა, რომ ჯონსონთან ბრექსიტის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბარს აპირებდა. მიფსუდმა საკუთარ კოლეგებთან დაიტრაბახა, რომ ის ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ბრიტანეთის ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ მოითხოვა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის სადაზვერვო საქმიანობის სრული შესწავლა დაიწყოს და დაადგინოს, რამდენად განაპირობა რუსეთის ჩარევამ „ბრექსიტის“ რეფერენდუმის შედეგები.

ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის თამჯდომარის მოადგილემ, ტომ ვატსონმა შეხვედრების შესახებ განაცხადა, რომ ეს „გასაოცარია“ და მოითხოვა, რომ დაიწყოს იმის გამოძიება, თუ რამდენად ცდილობს კრემლი ბრიტანეთის პოლიტიკაზე გავლენის მოპოვებას. ჯონსონის შეხვედრის შესახებ დეტალები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამ უკანასკნელმა უარყო რუსეთის ჩარევის რაიმე შესაძლებლობა და განაცხადა, რომ ამის არანაირი მტკიცებულება მისთვის ცნობილი არაა.

გასული კვირის დასაწყისში, საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ის აპირებდა ნაიჯელ ფარაჯის „დატოვების“ კამპანიის შემოწირულობების შესწავლას, იმის გამოსავლენად იყო თუ არა რაიმე სახის „დაუშვებელი“ შემოწირულობები. ფარაჯი ბრიტანეთის „დამოუკიდებლობის პარტიის“ წევრი, ტრამპის მხარდამჭერი და ევროკავშირის დატოვების ხმამაღალი მომხრეა. კომისიის განცხადებით, „ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ არსებობდა კანონის შესაძლო დარღვევის გონივრული საფუძველი“.

გასულ კვირას, საარჩევნო კომისიამ მეორე გამოძიება დაიწყო, რომელიც ფარაჯის კამპანიის შემოწირულობების და სესხის წყაროებს ადგენს.

ბრექსიტის კამპანიის მთავარი დამფინანსებელი, არონ ბენკსი ამბობს, რომ რუსეთს არანაირი როლი არ უთამაშია ფარაჯის კამპანიაში. „ისინი აგონიაში არიან. მათ ჰგონიათ, რომ კამპანიას რუსეთი აფინანსებდა“, განუცხადა ბენკსმა გამოცემა „თაიმსს“. „რა თქმა უნდა ეს ასე არ იყო. ფული ჩემი საბანკო ანგარიშიდან მოდიოდა“.

მიუხედავად უარყოფისა, ბრიტანეთის პარლამენტში ისევ ხმაურიანი განხილვები მიმდინარეობს და კანონმდებლები უფრო ფართომასშტაბიან გამოძიებას ითხოვენ. მათ შორის, ტომ ბრეიკი, ლიბერალმა-დემოკრატმა დეპუტატი, ითხოვს ოფიციალური გამოძიება დაიწყოს იმის გასარკვევად თუ რამდენად იყო რუსეთი ჩართული ევროკავშირზე გამართულ რეფერენდუმში.

ბრიტანელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისინი „ფეისბუქს“ და „ტვიტერს“ იმის გარკვევას სთხოვენ, თუ რამდენად შეეცადნენ რუსული სააგენტოები ამ პლატფორმების მეშვეობით „ბრექსიტის“ რეფერენდუმზე გავლენის მოხდენას, ისევე როგორც ეს ამერიკის გასული წლის არჩევნების დროს მოხდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG