ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის მთავარი დიპლომატი: რუსეთი ავტორიტარიზმის გზას ადგას


ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, უმაღლესმა წარმომადგენლმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა, განაცხადა, რომ მისმა ვიზიტმა გასულ კვირას აჩვენა, რომ რუსეთი „ავტორიტარულ გზას“ ადგას და კრემლს განუცხადა, რომ სანქციები ემუქრება ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო.

ევროპარლამენტში საუბრისას, მისი მოსკოვში სტუმრობის შესახებ, ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარება, თუ ეს ურთიერთობა ადამიანის უფლებებს მოიცავს.

„რუსეთში არსებული ძალაუფლების სტრუქტურა, რომელიც შედგება ეკონომიკური ინტერესების, სამხედრო და პოლიტიკური კონტროლისგანს, დემოკრატიული კანონის უზენაესობისთვის არ ტოვებს სივრცეს“, - თქვა მან.

ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობები 2014 წელს ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ დაიძაბა. გაერთიანება ეწინააღმდეგება ასევე ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს ნაბიჯებს დემონსტრანტების წინააღმდეგ. ერთ-ერთი უკანასკნელი უთანხმოების საკითხი მხარეებს შორის ალექსეი ნავალნის სამხედრო ტიპის ნერვული აგენტით მოწამვლა და გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისას მისი დაკავებაა.

ბორელმა თქვა, რომ რუსეთი ცდილობს უთანხმოების გაღრმავებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის. თუმცა აღნიშნა, რომ მაშინ, როცა ახალი სანქციები შესაძლოა დაწესდეს, ბრიუსელმა მოსკოვთან დაუსრულებელი დაპირისპირება თავიდან უნდა აირიდოს.

„შემდეგ ნაბიჯებს წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტენ, თუმცა დიახ, ამან შესაძლოა სანქციები მოიცვას“, - თქვა მან. სანქციების საკითხს გაერთიანება სავარაუდოდ 22 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავს.

ბორელი რუსეთს 4-6 თებერვალს სტუმრობდა. მისი მოსკოვში ვიზიტისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის ფონზე, რუსეთმა ქვეყნიდან გერმანიის, პოლონეთის და შვედეთის დიპლომატები გააძევა. საპასუხოდ, იგივე ნაბიჯი გადადგეს ევროკავშირის ქვეყნებმა. ბორელთან შეხვედრისას ლავროვმა ევროკავშირს „არასანდრო პარტნიორი“ უწოდა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG