ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიცია ისევ იკითხება


საქართველოს რესპექტაბელური იმიჯი საერთაშორისო სივრცეში, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ინგრედიანტია იმ ტკბილეულის მოსამზადებლად, რასაც საქართველოს ყველა მოქალაქე საკუთარ თავს უსურვებს ხოლმე. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ტკბილ მომავალს ვგულიხსმობთ. საერთაშორისო იმიჯისა და მიმზიდველი სახის ჩამოყალიბება მხოლოდ უცხოელთა კეთილი თვალით შემოხედვით არ მიიღწევა, რა თქმა უნდა და ქვეყანას გარკვეული და არც თუ მცირე ძალისხმევის მიმართვა უწევს იმისთვის, რომ საქართველო, სხვა უამრავ ეგზოტიკურ და საინტერესო ქვეყანას შორის, უცხოელმა გადასახადის გადამხდელებმაც ისეთივე მშვენიერებად აღიქვან, როგორადაც მას ყველა, პატრიოტობაზე პრეტენზიის მქონე საქართველოს მოქალაქე აღიქვამს.
რესპექტაბელურად წარმოჩენა, რა თქმა უნდა, მხოლოდ საშუალებაა იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ევროპული ცხოვრების სტანდარტი ეწოდება. ამისთვის ყოფილი ხელისუფლება საზღვარგარეთ ძვირადღირებულ ლობისტურ კომპანიებს ქირაობდა და მათ სოლიდურ თანხასაც უხდიდა. ზოგადად, უნდა აღნიშნოს, რომ ამგვარი სერვისით სარგებლობა ქვეყნისთვის, რომელიც მუდმივად იმყოფება არასტაბილური პოლიტიკის წარმოებით ცნობილი მეზობლის გარემოცვაში, საკმაოდ მნიშვნელოვანია. უკანასკნელი პერიოდი აჩვენებს, რომ საქართველოს იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე არც თუ მთლად სახარბიელოდ გამოიყურება.

დღეს დაკითხვაზე პროკურატურამ გიგა ბოკერია, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დაიბარა, რომელსაც მსგავს ლობისტურ კომპანიებთან უშუალოდ უწევდა თანამშრომლობა. მისივე თქმით, გამოძიებას კითხვები შესაძლოა სწორედ ამ მიმართულებით ჰქონდეს. „პროკურატურა, ჩვეულებრივად გამოიყენება, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, სიმართლე რომ გითხრათ, იმ ფონზე, როდესაც ჩემი თანაგუნდელების, მეგობრების დიდი ნაწილი, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული უკვე ან დაკითხვაზე დაატარებენ დღე და ღამე, უხერხულიც კი იყო, ასე რომ დაგვიანდა ჩემი დაკითხვაზე დაბარება. უფრო კონკრეტულად, თუ შეიძლება რამეს დავუკავშიროთ ეს დღე, ესაა ის ღრმა კრიზისი, რომელშიც ხელისუფლება იმყოფება თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ნუგზარ წიკლაურის ცემასთან დაკავშირებით. ბატონმა ივანიშვილმა ამაზე საჯაროდ ილაპარაკა და მეც შემიძლია ვილაპარაკო, ის და მისი დაკვეთით პროკურატურა, თვლის, რომ ხარჯები, რომელსაც უშიშროების საბჭო წევდა უსაფრთხოების პოლიტიკიდან გამომდინარე საერთაშორისო ასპარეზზე, არ იყო მიზნობრივი. მე ვთვლი და ვთვლიდი მაშინაც, როდესაც უშიშროების საბჭოს მდივანი ვიყავი, რომ ეს მიმართულებები: ევროინტეგრაცია, არაღიარების პოლიტიკა, რუსეთთან მიმართებით არსებული საკითხები, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას და საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება და სხვა მრავალი იყო ჩემი მოვალეობა და იყო აბსოლუტურად ადექვატური მუშაობა ამ მიმართულებით. ეს მათი გადაწყვეტილებაა, თუ ამ მიმართულებას თვლიან არაადექვატურად და არაადექვატურად კი არა, საერთოდ კრიმინალურად თვლიან, როგორც ირკვევა. თუ ივანიშვილის მიერ დაანონსებული ამბებით ვიმსჯელებთ, დღეს იქნება, ხვალ თუ ზეგ, შესაძლოა დამაკავონ, მაგრამ არ მინდა ვიმარჩიელო, შესაძლოა ხელისუფალმა გადაწყვეტილება შეცვალოს, ან არ შეცვალოს,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც ერთ-ერთი მედია საშუალების „ტაბულას“ რედაქტორია, აცხადებს: „ახსენდებათ რაღაც ხარჯები, რაც თურმე ლობისტურ კომპანიებზე დაიხარჯა, ასე გამოიყურება პროვინციული ჰაკიმ ფაშიზმი. არაუშავს, ვნახოთ, ეს მოწმის სახით დაკითხვაც ხომ ფარსია, რეალურად ბრალის წაყენება უნდათ. ვნახოთ, რით დასრულდება ეს ყველაფერი. სადაც ნელსონ მანდელა იჯდა ციხეში 32 წელი, ჩემი ქმარიც გადაიტანს ამას რამენაირად, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს და მის პაჟს, ღარიბაშვილს ვპირდები, რომ ჯოჯოხეთს მოვუწყობ“.

გიორგი გოცირიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ამერიკის ხმასთან საუბრისას ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანი, სტატიუსის მიუხედავად, თანასწორია და აქვე დასძენს: იმისთვის, რომ არ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნას აქვს ადგილი, ასევე ეფექტურად და დროულად უნდა იქნას გამოძიებული ის შემთხვევები, რაც ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შემხებლობაშია დაფიქსირებული. „თავისთავად, კანონზე მაღლა არავინ დგას. თუ პროკურატურას აქვს კითხვები ვინმეს მიმართ, ეს კითხვები უნდა დაისვას. უბრალოდ ერთადერთი, რასაც პროკურატურისგან ვითხოვთ არის ის, რომ იყოს თანმიმდევრული და ადგილი არ ჰქონდეს შერჩევით დევნას. ანუ, როდესაც ბოკერიას, სააკაშვილს ან სხვას, წინა ხელისუფლებიდან იბარებ პროკურატურაში, აქვე უნდა გამოიძიო ამ ხელისუფლების მიერ ჩადენილი ქმედებები. მაგალითად პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემა, სასჯელაღსულების დაწესებულებებში მომხდარი ფაქტები სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული და ბუნებრივია, არ გაჩნდება საზოგადოებაში განცდა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას ახორციელებს. ანუ, თანმიმდევრული და პრინციპული უნდა იყოს ყველას მიმართ და არ უნდა კონცენტრირდეს მხოლოდ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, ასევე უნდა გამოიძიოს საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაული,“- განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ოფიციალურად, კოჰაბიტაციის პერიოდის დასრულების თაობაზე გააკეთა განცხადება და ერთი შეხედვით, მშვიდობიანად ჩაამთავრა ხელისუფლების გადაცემის ეტაპი, ანალოგიური ხასიათის დაკითხვაზე დაბარებები აშკარად აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ კიდევ არ აქვთ გათავისებული პოლიტიკურ ოპონენტებთან/ყოფილ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის დადებითი პერსპექტივები, მათთან ძალოვანი უწყებების მონაწილეობის გარეშე ურთიერთობის შესაძლებლობები და გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, რაც მთლიანობაში, ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა.

კომენტარების ნახვა (3)

XS
SM
MD
LG