ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლუმბერგი დემოკრატიულ პარტიას დაუბრუნდა


ქალაქ ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი ოთხშაბათს დემოკრატიულ პარტიას დაუბრუნდა. ბევრისთვის ეს იმის ნიშანი იყო, რომ ის დაინეტერესებულია 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობით და შესაძლოა საპრეზიდენტო კანდიდატადაც კი მოგვევლინოს.

მილიარდერი მედია მაგნატი წელს დემოკრატიული პარტიის ყველაზე მსხვილი სპონსორია. შუალედური არჩევნების კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაზე მან 100 მილიონ დოლარამდე თანხა უკვე დახარჯა.

76 წლის ბლუმბერგი მისივე სახელობის კომპანიის ხელმძრვანელია. განცხადება მან „ინსტაგრამ“ პოსტის მეშვეობით გააკეთა, სადაც ამბობს, რომ ახლა კრიტიკულად აუცილებელია დემოკრატიული პარტიის მიერ ხელისუფლების ბალანსისა და კონტროლის ფუნქციის შესრულება. აქვე, მან გააკეთა მინიშნებები იმის შესახებ, რომ მოქმედი ხელისუფლება ქვეყნის კონსტიტუციისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ბლუმბერგი წლების მანძილზე დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. 2001 წელს კი ის ნიუ-იორკის მერი გახდა, ოღონდ როგორც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი. ის ერთ-ერთ წარმატებულ და პოპულარულ მერად მიიჩნევა, რომელიც ქვეყნის უდიდეს ქალაქს 2014 წლამდე მართავდა.

ჯერ კიდევ მერობის პერიოდში, ბლუმბერგს პრეზიდენტობის კანდიდატად 2004 და 2008 წლებშიც მოიაზრებდნენ. უკვე დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრისგან კი მან 2016 წელს თავი შეიკავა.

ტეხასის შტატის ყოფილი წარმომადგენელი კონგრესში და დემოკრატიული პარტიის საარჩევნო კამპანიის კომიტეტის თავმჯდომარე მარტინ ფროსტი "ამერიკის ხმასთან" საუაბრში ამბობს, რომ დემოკრატ კანდიდატად დაფიქსირების შემთხვევაში ის საკმაოდ ძლიერი კონკურენტი იქნებოდა ყველასთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის პარტიის ნომინაციას მოიგებდა ან პრეზიდენტი გახდებოდა.

2020 წლის საარჩევნო მარათონისთვის დემოკრატების პოტენციურ კანდიდატებს შორის სახელდებიან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სენატორი ელიზაბეტ უორენი მასაჩუსეცსიდან, სენატორი კორი ბუკერი ნიუ ჯერსიდან, სენატორი კამალა ჰარისი კალიფორნიიდან და სოციალისტი დემოკრატი სენატორი ბერნი სანდერსი, რომელიც 2016 წელსაც იყრიდა კენჭს საპრეზიდენტო კანდიდატად.

ბლუმბერგი მხარს უჭერს აბორტის უფლებას, ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების უფლებას და იარაღის კონტროლის საკითხზე მკაცრ რეგულაციებს. მისმა ორგანიზაციებმა, რომლებიც იარაღის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ, მილიონობით დოლარი დახარჯეს ამ საარჩევნო კამპანიისას იმ დემოკრატ კანდიდატებზე, რომლებიც რესპუბლიკელ, იარაღის უფლების მომხრეებს უპირისპირდებიან.

ბოლო წლებში ბლუმბერგი ხშირად იწონებდა თავს იმით, რომ მას ორივე პარტიასთან ჰქონდა კავშირები. თავადაც მხარს უჭერდა კანდიდატებს ორივე პარტიიდან, თუმცა ამ ზაფხულს, ივნისში განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებზე დემოკრატებს დაეხმარებოდა, რადგან მისი თქმით, რესპუბლიკელები არ ცდილობენ, რომ ორპარტიულ შეთანხმებებს მიაღწიონ რიგ საკითხებზე. ეს კი ბლუმბერგის აზრით, აუცილებელია ქვეყნისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG