ამერიკის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ვიზიტს საჰაერო იერიშების ფონზე აგრძელებს. საინფრომაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, მაშინ, როცა ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ხვდებოდა, საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო, რის გამოც ბლინკენი და ნეთანიაჰუ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
ენტონი ბლინკენი და პრემიერი ნეთანიაჰუ, ბუნკერში 5 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ადასტურებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი.
არსებული ინფორმაციით შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ამერიკის სახელმწიფო მდივანი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს თავდაცვის სამინისტროში ხვდებოდნენ.
„ეს იქნება ხანგრძლივი ომი.. მაგრამ, ჩვენ ვაპირებთ გავიმარჯვოთ ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის და იმ ღირებულებებისთვის, რომლისაც ორივე ქვეყანას სწამს“,- თქვა მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გლანტმა, ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
თელ-ავივზე საჰაერო იერიშები ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში გახშირდა და ამას საერთაშორისო მედიის ჟურნალისტებიც ადასტურებენ. „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტმა, რომელიც თელ-ავივიდან აშუქებს მიმდინარე პროცესებს თქვა, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, იერიშის 10-ზე მეტი მცდელობა იყო. ამავე ინფორმაციას ავრცელებს ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ორშაბათს დაბრუნდა, ენტონი ბლინკენი ცდილობს, თავიდან აიცილოს ისრაელის ჰამასთან ომის რეგიონულ კონფლიქტში გადასვლა და ასევე მოხდეს ჰუმანიტარული დერეფნის შემუშავება იმ პირთათვის, რომლებიც ღაზის სექტორში იმყოფებიან.