ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი მხარეებს კონფლიქტის გაფართოების საშიშროებაზე აფრთხილებს


ჯეიკ სალივანი, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ვაშინგტონი, აშშ. 21 სექტემბერი, 2023 წ.
ჯეიკ სალივანი, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ვაშინგტონი, აშშ. 21 სექტემბერი, 2023 წ.

შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა მხარეები, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, შესაძლოა, გაფართოვდეს. ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ისრაელს და პალესტინელთა სამხედრო დაჯგუფება "ჰამასს" შორის დაპირისპირება, ნავთობით მდიდარ რეგიონს, უფრო ფართო ბრძოლაში ჩართვით ემუქრება.

15 ოაქტომბერს, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ არსებობს რეალური რისკი, რომ ისრაელის კრიზისში უშუალოდ ჩაერთოს ირანი და კიდევ ერთი სამხედრო დაჯგუფება "ჰეზბოლა", რომელიც ირანის მხარდაჭერით მოქმედებს. სალივანი თეთრი სახლის მრჩეველია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

„არსებობს ამ კონფლიქტის ესკალაციის რისკი, ჩრდილოეთში მეორე ფრონტის გახსნის და რა თქმა უნდა, ირანის ჩართულობის“ - უთხრა მან კვირას ტელეკომპანია "სი-ბი-ესის" (CBS) ჟურნალისტს. სალივანის თქმით, ის უპირველეს ყოვლისა შეშფოთებულია იმით, რომ ლიბანში დაფუძნებული "ჰეზბოლა", შესაძლოა, ისრაელს ჩრდილოეთიდან დაესხას თავს.

ამ ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა პირდაპირ გააფრთხილა ისრაელი, არ შეიჭრას ღაზის სექტორში. სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში, მისი თქმით, ირანი მოვლენების "მხოლოდ მაყურებლად" არ დარჩება.

სალივანმა ინტერვიუში ისიც თქვა, რომ ისრაელის მხარდაჭერის მიზნით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესში საგანგებო ბიუჯეტის დამტკიცებას მოითხოვს, რომელიც თელ-ავივს მილიარდობით დოლარით დაეხმარება.

გარდა ამისა, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, ვაშინგტონმა კიდევ ერთი სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდის გაგზავნის განკარგულება გასცა. მეორე ავიამზიდმა ირანის და "ჰეზბოლას" ჩართულობის შეკავება უნდა უზრუნველყოს.

ახლო აღმოსავლეთში იმყოფება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ის ვიზიტით რეგიონის რამდენიმე დედაქალაქს სტუმრობს და აქტიურად მუშაობს კონფლიქტის რეზოლუციაზე, მისი გაფართოების პრევენციაზე და ღაზიდან დევნილთა დახმარების საკითხებზე.

ყატარის, იორდანიის, ბაჰრეინის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის და ეგვიპტის შემდეგ, ბლინკენი ისრაელში დაბრუნდა და პრობლემების მოგვარებას ადგილზე ცდილობს.

"არსებობს მიზანდასახულება ყველა ქვეყანაში, სადაც კი ჩავედი, რომ ეს კონფლიქტი არ გავრცელდეს" - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა 15 ოქტომბერს, ქაიროდან გამგზავრების წინ. "ისინი ცდილობენ საკუთარი გავლენის, ურთიერთობების გამოყენებას, რომ ეს არ მოხდეს" - თქვა ბლინკენმა.

ისრაელმა "ჰამასს" 8 ოქტომბერს ომი გამოუცხადა, მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე, დაჯგუფების მეომრები ისრაელის სამხრეთ ნაწილში შეიჭრნენ. თავდასხმამ ისრაელში 1 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დამატებით ათასობით ადამიანი კი დაჭრილი და დაშავებულია. ეს ისრაელის ბოლო ათწლეულების ისტორიაში ყველაზე მსხვერპლიანი თავდასხმაა.

საპასუხო რეაქციამ არ დააყოვნა. ისრაელმა ღაზის სექტორი ინტენსიური დაბომბვის სამიზნე გახადა, პალესტინელების ანკლავი ბლოკადაში მოაქცია და იქ რამდენიმე სახმელეთო რეიდიც მოაწყო. ბევრი ფიქრობს, რომ მოვლენების განვითარების შემდეგი ეტაპი ღაზის სექტორში ისრაელის შეჭრა იქნება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG