ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი: რუსი სამხედროები უკრაინაზე თავდახმას სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გეგმავენ


ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა, რათა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე ესაუბრა.

ამერიკის პირველი დიპლომატის თქმით, რუსული ძალები ემზადებიან უკრაინაზე თავდასხმისთვის "მომავალ დღეებში". ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთი აპირებს შექმნას საბაბი თავის მეზობელზე თავდასხმისთვის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ყალბ ან რეალურ თავდასხმას ქიმიური საშუალებების გამოყენებითაც კი.

"ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ აი რას შეიძლება ელოდოს მსოფლიო... პირველი, რუსეთი გეგმავს, რომ გაითამაშოს წინაპირობა თავისი შეტევებისთვის... ზუსტად არ ვიცით რა ფორმით მოხდება ეს. ეს შესაძლოა იყოს დადგმული ე.წ ტერორისტული დაბომბვა რუსეთის შიგნით. გამოგონილი აღმოჩენა მასობრივი საფლავებისა; დადგმული შეტევა დრონით სამოქალაქო პირებზე; ყალბი, ან თუნდაც ნამდვილი შეტევა ქიმიური იარაღის გამოყენებით",- თქვა სიტყვით გამოსვლის დროს ბლინკენმა.

ამერიკის უმაღლესი დიპლომატის თქმით, ამ შესაძლო თავდასხმებიდან ერთ-ერთის განხორციელების შემდეგ, არსებობს ვარაუდი იმისა, რომ "რუსეთმა მომხდარი ეთნიკურ წმენდად, ან გენოციდად გამოაცხადოს" და ამის შემდეგ, რუსეთის პოლიტიკოსთა მაღალ ეშელონებში გამოაცხადონ, რომ "რუსეთმა უნდა უპასუხოს [შეტევას] და დაიცვას თავისი მოსახლეობა, ან ეთნიკურად რუსები უკრაინაში".

ბლინკენის თქმით, ამ თავდასხმებს შესაძლოა ჰქონდეს ჩვეულებრივი, ან კიბერ შეტევის ფორმა და ისინი შესაძლოა, მიმართული იყოს უკრაინელების კონკრეტული ჯგუფების წინააღმდეგ.

გაეროს უშიშროების საბჭოს ბლინკენმა განუცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წერილი გააგზავნა მინისტრ ლავროვის სახელზე, სადაც ის თავის რუს კოლეგას მომავალ კვირას ევროპაში შეხვედრას სთავაზობს.

ბლინკენმა ასევე მოუწოდა რუსეთს, რომ მკაფიოდ და ნათლად დააფიქსიროს ამ შესაძლო შეხვედრაზე, რომ ისინი უკრაინას თავს არ დაესხმიან.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, ენტონი ბლინკენი მიუნხენში მიემგზავრება, სადაც 18 და 19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. ამ კონფერენციაზე "სახელმწიფო მდივანს ექნება საშუალება, რომ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განიხილოს დეესკალაციის და დიპლომატიის გზის არჩევის მიმდინარე მცდელობები რუსეთის მისამართით. [განიხილება] ჩვენი მზაობა, რუსეთისთვის მძიმე საზღაურის დასაწესებლად, თუ ის უკრაინაში შეიჭრება",- წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG