ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოითხოვს თუ არა კრემლი დასავლეთისგან დათმობებზე წასვლას?


დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი.
დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი.

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ დასავლეთსა და რუსეთს შორის შესაძლოა ახლო სამხედრო თანამშრომლობა შედგეს. რამდენადაა შესაძლებელი ეს კავშირი და მოითხოვს თუ არა რუსეთი დასავლეთისგან დათმობებზე წასვლას კოალიციაში მონაწილეობის სანაცვლოდ? ეს შეკითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ დიდი კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც შესაძლოა რუსეთიც შევიდეს.

ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ექსპერტი სტივენ ბლენკი რუსეთის მიერ სირიაში წარმოებულ ოპერაციას "ოპტიკურ ილუზიას" უწოდებს და ამბობს, რომ პარიზის ტერორისტულ თავდასხმებამდე მოსკოვის სამხედრო ძალისხმევა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ არ იყო მიმართული.

„რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ სირიაში დამატებით 230 ათასი ადამიანი გახდა ლტოლვილი. რუსეთი აცხადებს, რომ ტერორიზმს ებრძვის, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. გასულ კვირას კრემლმა განაცხადა, რომ "ჰამასი" და "ჰეზბოლა" ტერორისტული ჯგუფები არ არის. აბა ვინ არიან ისინი თუ არა ტეროტისტები? "ისლამურ სახელმწიფოსაც" ხომ შეუძლია თქვას, რომ მათი მსგავსი ორგანიზაციაა?!“ აცხადებს ექსპერტი.

რუსეთის მთავრობამ ისლამისტებს საშუალება მისცა ჩრდილოეთ კავკასიიდან სირიასა და ერაყში ჩასულიყვნენ. ამასთან, რუსეთი "ჰამასსა" და "ჰეზბოლას" იარაღით პირდაპირ ამარაგებს.
სტივენ ბლენკი


ბლენკს მიაჩნია, რომ სირიაში ვლადიმირ პუტინის მიერ წარმოებული ოპერაციის მთელი არსი ის არის, რომ დასავლეთი აიძულოს როგორც თანასწორ პარტნიორს ისე მოექცეს მოსკოვს და ურთიერთობის წესები თვითონვე განსაზღვროს. ბლენკი ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში რუსეთის სტრატეგია ანტი-ტერორისტულ საქმიანობაზე მეტად რუსეთის საერთაშორისო იმიჯის გაძლიერებაა.

"თუ ვითარება ასე გაგრძელდა, პუტინი ამ მიზანს მიაღწევს," ამბობს ბლენკი. "ცივი გონებით რომ შევაფასოთ ებრძვის თუ არა მოსკოვი ტერორიზმს, ვნახავთ, რომ რუსეთის მთავრობამ ისლამისტებს საშუალება მისცა ჩრდილოეთ კავკასიიდან სირიასა და ერაყში ჩასულიყვნენ. ამასთან, რუსეთი "ჰამასსა" და "ჰეზბოლას" იარაღით პირდაპირ ამარაგებს," დასძინა ექსპერტმა.

სტივენ პაიფერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში
სტივენ პაიფერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში

ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში სტივენ პაიფერის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისა და პარიზის მოვლენების შემდეგ რუსეთმა შესაძლოა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა გაააქტიუროს, რუსეთსა და დასავლეთს შორის ახლო პარტნიორობის შესაძლებლობას ჯერ ვერ ხედავს.

"რუსეთი ამ დრომდე სირიაში, ძირითადად, ასადის ოპოზიციას ბომბავდა. ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს გადართავს თუ არა მოსკოვი ყურადღებას "ისლამურ სახელმწიფოზე," ამბობს ყოფილი ელჩი. მისი თქმით, თუ კრემლმა ეს ცვლილება არ განახორციელა, "დასავლეთსა და რუსეთს შორის სირიაში თანამშრომლობისთვის რეალური საფუძველი არ არსებობს."

ამ მასალის ვედიო ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

რა შეიძლება სურდეს რუსეთს თანამშრომლობის სანაცვლოდ?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:12 0:00

პარიზის თავდასხმების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დიდი კოალიციის შექმნაზე ისაუბრა, რომელშიც შესაძლოა დასავლეთის ქვეყნებთან ერთად რუსეთიც შევიდეს. ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობა აჩენს ეჭვს, რომ რუსეთის დახმარების სანაცვლოდ დასავლეთი მოსკოვთან გარკვეულ დათმობებზე წავა. პაიფერი ამ მოსაზრებას არ იზიარებს და ამბობს, რომ "არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის სირიაში სავარაუდო თანამშრომლობის საფუძველზე დასავლეთი უკრაინის ან რაიმე სხვა თემის გარშემო დათმობაზე წავიდეს."

ყოფილ ელჩს მიაჩნია, რომ თანამშრომლობა შეიძლება შედგეს, მაგრამ პრინციპულ საკითხებზე დასავლეთი კრემლთან დათმობებზე არ წავა.

13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ დასაველთმა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გაააქტიურა. რუსეთის საჰაერო ძალებმა ასევე არაერთი იერიში მიიტანეს ისლამური სახელმწიფოს სამიზნეებზე სირიაში.

XS
SM
MD
LG