გუშინ ვაშინგტონში მდებარე ამერიკულ უნივერსიტეტთან არსებული შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონის სწავლების ცენტრის ეგიდით გაიმართა ბრიფინგი თემაზე „შავი ზღვის რეგიონალიზმი: შიდა დინამიკა და საგარეო პოლიტიკა.“ ბრიფინგზე პრეზენტაციით გამოვიდა ეგეოსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკური ეკონომიკის ლექტორი ქალბატონი პანაიოტა მანოლი.
თავის გამოსვლაში მანოლიმ აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონი სამწუხაროდ კონფლიქტებით არის ცნობილი. ამ რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში და კერძოდ კი სამხრეთ კავკასიაში სამი გადაუჭრელი კონფლიქტი მძვინვარებს - აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის ჩათვლით. ხოლო შავი ზღვის აუზის დასავლეთ ნაწილში გადაუჭრელი რჩება დნესტრისპირეთის კონფლიქტი მოლდოვაში. ამ კონფლიქტების გარდა, რაც შეეხება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობებს, აქაც გარკვეული პრობლემები შეინიშნება. მაგალითად გამოდგება უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა, რომელსაც წარსულში ახასიათებდა მწვავე უთანხმოებები არა მხოლოდ ენერგომატარებლების ტრანზიტის, არამედ ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიტენტაციისა და შავი ზღვის ფლოტის გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის სახელმწიფო საზღვარი სომხეთთან კვლავინდებურად დახურულია. ხოლო თურქეთ-ბერძნული ურთიერთობების ბოლოდროინდელი გაუმჯობესების მიუხედავად, ამ ორ სახელმწიფოს შორის დიდი უნდობლობა კვლავინდებურად ადვილად შესამჩნევია. ამასთან დაკავშირებით მანოლიმ აღნიშნა:
„საერთო პოლიტიკურ განრიგში აშკარად იგრძნობა ნდობის ნაკლებობა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია რეგიონის ქვეყნების ლიდერთა მრავალმხრივი შეხვედრების დროს, რაც ფაქტობრივად რეგიონალური თანამშრომლობის ყოველგვარ მცდელობებს ძირს უთხრის.“
მანოლი ხაზს უსვამს იმას, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოება თანაბრად გარანტირებული არ არის რადგან სახელმწიფოების მხოლოდ ერთი ნაწილი სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში არის გაწევრიანებული. აღსანიშნავია, რომ ნატომ შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროს უკვე მიაღწია, მაგრამ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებს ატლანტიკური ალიანსი ახალო მომავალში ალბათ ვერ მიწვდება. მანოლის თქმით:
„უსაფრთხოების საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია რადგან ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ რეგიონალიზმი და თანამშრომლობა თუნდაც ისეთ სფეროში როგორიც არის ეკონომიკა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ როცა რეგიონში საერთო უსაფრთხოების პრინციპები გარანტირებულია. ამჟამად და ახლო მომავალში შავი ზღვის რეგიონში საერთო უსაფრთხოების გარანტიების ჩამოყალიბების პერსპექტივა არარეალისტურად მესახება.“
საგარეო პოლიტიკის სფეროში ამ რეგიონის ქვეყნებს შავი ზღვის მიმართ სხვადახვა მიდგომა ახასიათებთ. რეგიონალურ პოლიტიკაში ახალი ტენდენცია ის გახლავთ, რომ აშკარად გამოიკვეთა ჩრდილოეთ-სამხრეთის გეოპოლიტიკური ღერძი, რომელიც რუსეთს თურქეთთან აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ თვით ამ ქვეყნების ლიდერები მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორობას უწოდებენ. იმავდროულად შავი ზღვის რეგიონში დასავლეთ-აღმოსავლეთის დაყოფა შეინიშნება ვინაიდან ნატო და ევროკავშირი დასავლეთ სანაპიროს მიუახლოვდნენ, მაშინ როცა აღმოსავლეთი სანაპირო ამ ორგანიზაციების მიღმა დარჩა.
მანოლის მიაჩნია, რომ რეგიონის არცერთ სახელმწიფოს შავი ზღვის რეგიონის მიმართ თანამიმდევრული და მიზანდასახული პოლიტიკა არ გააჩნია. მისი თქმით:
„რუსეთს, როგორც ჩანს, შავი ზღვის პოლიტიკა უბრალოდ არ გააჩნია. ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ რუსეთს შავი ზღვის რეგიონის მიმართ მრავალმხრივობის პრინციპზე დამყარებული პოლიტიკა არ გააჩნია. თუმცა რუსეთი შავ ზღვას ხმელთაშუა ზღვის ჭრილში იხილავს. ანუ რუსეთის მიდგომა შავი ზღვის მიმართ უწინარეს ყოვლისა მოსკოვის ხმელთაშუა ზღვის პოლიტიკით განისაზღვრება. რუსეთისთვის შავი ზღვა მნიშვნელოვანია მხოლოდ იმის გამო, რომ ის მას ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელს აძლევს. ამას გარდა, რუსეთი, როგორც დიდი და ძლევამოსილი სახელმწიფო, მრავალმხრივობის პრინციპს თავის საგარეო პოლიტიკაში ნაკლებ ყურადღებას უთმობს. მოსკოვს ორმხრივი შეთანხმებები ურჩევნია რადგან მრავალმხრივი ფორმატი თანასწორუფლებიანობას გულისხმობს, ხოლო რუსეთი კი საკუთარ სტატუსს სხვებზე უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს.“
პრეზენტაციის მიწურულს ამერიკის ხმის ქართული რედაქციის კითხვაზე მოჰყვება თუ არა თურქეთის დამოკიდებულებას რუსეთზე ენერგეტიკის სფეროში ანკარას შავი ზღვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების გადახრა მოსკოვის სასარგებლოდ, მანოლიმ შემდეგი პასუხი გასცა:
„მე არა მგონია, რომ რუსეთმა თურქეთის საგარეო პოლიტიკის განეიტრალება შესძლოს. პირიქით, ვფიქრობ, რომ თურქეთს სურს საკუთარი როლის გაზრდა არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონში არამედ უფრო ზოგადად გლობალურ ასპარეზზე. თურქეთის საგარეო პოლიტიკა რეგიონალური საკითხების მიღმა მუშავდება. ამდენად მიმაჩნია, რომ რუსეთი თურქეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს. რუსეთი და თურქეთი თანაბარი პარტნიორები არიან ვიდრე პირიქით.“