ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ ყაიდას დოკუმენტაცია აშშ-ში


ალ ყაიდას დოკუმენტაცია აშშ-ში

როცა ამერიკულმა საგანგებო დანიშნულების სადესანტო რაზმმა პაკისტანში ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელი დატოვა, რაზმის წევრებმა ალ ყაიდას შესახებ ძალზედ მნიშვნელოვანი დოკუმენტები წაიღეს. შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანის შეფასებით, მოპოვებული მასალები ალ ყაიდას საქმიანობას შუქს მოჰფენს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ალ პესინი პენტაგონიდან იუწყება, რომ ამერიკელი სამხედროები და სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლები ამჟამად ხსენებულ მასალებს ზედმიწევნით სწავლობენ.

როცა შეერთებული შტატების სამხედრო ძალების საგანგებო დანიშნულების რაზმის წევრების ერთმა ნაწილმა პაკისტანში მდებარე სახლი დაიპყრო და ოსამა ბინ ლადენი და მისი მომხრეები დახოცა, რაზმის სხვა წევრები ბინ ლადენის სახლში ალ ყაიდას შესახებ მასალებს ეძებდნენ.

ორშაბათს თეთრ სახლში გამართულ პრეს ბრიფინგზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას მთავარმა მრჩეველმა ანტი-ტერორისტულ საკითხებში ჯონ ბრენანმა პაკისტანში ჩატარებული სპეცოპერაციის ამ ნაწილთან დაკავშირებით კერძოდ აღნიშნა:

„სახლში შეღწევის შემდეგ, რაზმის წევრებმა დრო მაქსიმალურად გამოიყენეს რათა ჩვენ შესაბამისი მასალები მოგვეპოვებინა. ამჟამად ჩვენ მოპოვებულ მასალებს ვეცნობით.“

სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, აღნიშნა, რომ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ რეიდის შედეგად მოპოვებული მასალების შესწავლის მიზნით საგანგებო ანალიტიკური ჯგუფი შექმნა. მან იმედი გამოთქვა, რომ მოპოვებული მასალების საფუძველზე შესაძლებელი იქნება ალ ყაიდას სხვა წევრების ლიკვიდირება.

ანტი-ტერორისტულ საკითხებში შეერთებული შტატების ყოფილმა ოფიციალურმა პირმა მარიონ ბოუმანმა იცის ის თუ რას ეძებდნენ სადესანტო რაზმის წევრები ოსამა ბინ ლადენის სახლში.

„მათ ადგილას რომ ვყოფილვიყავი პირად ნივთებს მოვძებნიდი. ყველაფერს იმას, რაც მის გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავს. აგრეთვე ქაღალდებს, დოკუმენტებს, რაც საშუალებას მოგვცემს შევიტყოთ ის, თუ როგორ უკავშირდებოდა იგი სხვებს. შედეგად ჩვენ უფრო სრული სურათი შეგვექმნება იმ პირების ქსელის, ვისაც იგი კოორდინაციას უწევდა,“ აღნიშნა ბოუმანმა.

ბოუმანი თავის დროზე შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტში დაზვერვის ოფიცრად მუშაობდა. შემდეგ კი გამოძიებათა ფედერალურ ბიუროში მსახურობდა. 2006 წელს ბოუმანი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციაში ანტი-ტერორისტულ საკითხებში მნიშვნელობით მეორე მრჩეველი გახდა. მას კარგი წარმოდგენა აქვს იმ საგანგებო ანალიტიკური გუნდის შემადგენლობის შესახებ, რომელიც ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ შექმნა ბინ ლადინის სახლში მოპოვებული მასალების გასაცნობად.

„სულ მცირე ამ გუნდში კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები შევლენ. ამას გარდა, სამხილი მასალების შემსწავლელი ექსპერტები, ვინც მოპოვებულ მტკიცებულებებს გააანალიზებენ,“ აღნიშნა ბოუმანმა.

ბოუმანის თქმით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს გუნდში რამდენიმე ენის მცოდნე თარჯიმნები და არაბული, ავღანური და პაკისტანური კულტურის სპეციალისტებიც შევლენ, რათა შეერთებული შტატების მთავრობამ ბინ ლადენის საქმიანობისა და მისი კონტაქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს.

ოფიციალურ პირებს ჯერ-ჯერობით არ დაუკონკრეტებიათ ის თუ რა მასალები მოიპოვა სადესანტო რაზმმა ოსამა ბინ ლადენის სახლში, მაგრამ რამდენიმე საინფორმაციო საშუალების ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებები რამდენიმე კომპიუტერს, კომპიუტერულ დისკებსა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის შემნახველ პორტარულ მოწყობილობას შეიცავს.

XS
SM
MD
LG