ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკის თეატრალურ უბანში თაიმს სქვერზე ღამის კლუბი “სოფია“ მუშაობს. ორშაბათს საღამოს ვინს ჯორდანო და ბენდი „ ნაითჰოუკს“-ი სმოკინგებში გამოწყობილები სცენაზე დგანან. სცენას კი მოჰყვება საცეკვაო მოედანი. გასული საუკუნის 20 -ანი და 30-იანი წლების მუსიკა არაჩვეულბრივ გარემოს ქმნის დარბაზში.

ვინს ჯორდანო ბენდის ხელმძღვანელია. ამასთან ის ბასზე, საყვირსა და საქსაფონზე უკრავს. ღოგორც თავად აცხადებს, 20 -ანი და 30-იანი წლების მუსიკას კი ის ბავშვობიდან ეთაყვანება.

„ ეს მუსიკა ასახავს ოპტიმიზმის ეპოქას ამერიკის ისტორიაში. შეიძლება ცოტა გულუბრყვილოს და ექსპერიმენტულს, მაგრამ ამერიკელებს მაშინ გართობის განწყობა ჰქონდათ. მათ სურდათ სიცოცხლე სრულად შეეგრძნოთ. ისინი ყველაფერს ახალს და განსხვავებულს დიდი ენთუზიაზმით ეგებებოდნენ. ცოტა შეიძლება ითქვას შეშლილებიც იყვნენ.“

1920 წელს ამერიკისთვის სიახლე იყო მსგავსი მუსიკალური მრავალფეროვნება. ამ მუსიკამ სრულიად ამერიკა მოიცვა, მაგრამ ეპიცენტრი მაინც ნიუ იორკი იყო. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ კინორეჟისორი ვუდი ალენი ამ ეპოქის ნიუ იორკის აღსაწერად ხშირად იყენებს ვინს ჯორდანოს ბენდის „ნაითჰოუკს“-ის მუსიკას:

„ ნიუ იორკი გამოირჩეოდა იმით, რომ ყველა ცნობილი თუ დამწყები მუსიკოსი აქ იყრიდა თავს. ჯაზის პიონერები ლუის არსმსტრონგი და ჯეიმს ჯონსონი, მოგივანებით კი ბენი გუდმანი და ძმები დორსიები ნიუ იორკის ღამის ცხოვრებას ახალისებდნენ. ჰარლემი, სადაც ჯაზისა და სვინგის ბენდები გამოდიოდნენ, მაშინ მთავარ საასპარეზო მოედნად ითვლებოდა.“

ჯორდანო ყოველ კვირას გამოდის მსმენელის წინაშე. მანამდე კი მრავალსაათიანი მუშაობა მიმდინარეობს. მაგალითად არქივში არსებული 60 ათასი სიმღერიდან, მან უნდა აარჩიოს ის კომპოზიციები, რომელსაც ბენდი მომავალ კვირას შეასრულებს:

„ უნდა გყავდეს ისეთი მუსიკოსები რომელთაც ეს ენა იციან, იმისათვის რომ ეს მუსიკა დაუკრან აუცილებელია მისი ცოდნა. აუცილებელია სწავლა და გაუთავებლად მისი მოსმენა, რათა შემდეგ შენი ინსტრუმენტი აალაპარაკო ამ ენაზე. 20-იან 30-იან და 40 -იან წლებში ამის გაკეთება ადვილი იყო, რადგანაც ყველა ამ ენაზე ლაპარაკობდა, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.“

როგორც საქსაფონისტი დენიელ ლევინსონი აცხადებს, მისთვის ეს მუსიკა ძალზე თანამედროვეა, მას ეთანხმებიან ჯგუფის სხვა წევრებიც:

„ ეს არ არის ნოსტალგია, ეს მუსიკა ჩემთვის ძალიან ორგანულია. მაშინ მავიწყდება რომ მუსიკა რომელსაც ვუკრავ 80-90 წლისაა, საოცრებაა.“

სენდი საკუროვა და ბობ სტიჩმანი კლუბ „ სოფია“-ს ხშირი სტუმრები არიან. ბობს კარგად ახსოვს ის დრო, როდესაც ეს მუსიკა პოპულარული გახდა მთელს ამერიკაში:

„ ბევრმა ახლაგაზრდამ არ იცის ეს მუსიკა. მათგან რაც შეიძლება მეტმა უნდა გაიგოს ბიგ ბენდის მუსიკის შესახებ , ნამდვილად შეუყვარდებათ.“

საცეკვაო მოედანზე კი წყვილები ჩარლსტონს ცეკვავენ. ხოლო ვინს ჯორდანი და მისი ბენდი კმაყოფილი სახის გამომეტყველებით შემდეგ სიმღერაზე გადადიან მათი მიზანი ამ სტილის კვლავ აღორძინებაა, რასაც მათი აზრით დიდი ძალისხმევა და დრო დასჭირდება.

XS
SM
MD
LG