ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღმოჩენილია პრეზიდენტობამდე ბაიდენის კუთვნილი საიდუმლო დოკუმენტების ახალი პარტია


პრეზიდენტ ბაიდენის თანაშემწეებმა სამთავრობო საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი წყება აღმოაჩინეს იმ ოფისს მიღმა, რომელსაც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის შემდეგ იყენებდა. ეს ინფორმაცია მედია საშუალებებმა ოთხშაბათს გაავრცელეს, თუმცა წყაროები არ ყოფილა მითითებული.

პრეზიდენტის თანაშემწეები დამატებით სამთავრობო საბუთებს მას შემდეგ ეძებენ, რაც მათ საიდუმლო დოკუმენტების პირველ წყებას ნოემბერში მიაგნეს, ვიცე-პრეზიდენტობის შემდეგ, ჯო ბაიდენის მიერ ვაშინგტონში დაფუძნებულ, პენ-ბაიდენის ცენტრში.

რამდენიმე ტელემაუწყებელმა, კერძოდ "ენ-ბი-სიმ" და "სი-ენ-ენმა" არ დააკონკრეტეს მათი ზუსტი ადგილსამყოფელი, დოკუმენტების გასაიდუმლოების ხარისხი და რაოდენობა. მედიას ასევე არ მიუთითებია, დასრულდა თუ არა დოკუმენტების ძებნის პროცესი.

თეთრმა სახლმა არ უპასუხა სააგენტო "როიტერის" მიერ ახალი დოკუმენტების პოვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ოფიციალური განცხადების გაკეთების თაობაზე.

დემოკრატმა სენატორმა მარკ უორნერმა, რომელიც სენატის სადაზვერვო კომიტეტს ხელმძღვანელობს, გაიმეორა, რომ მან ნოემბერში მოითხოვა ბრიფინგი ამ თემასთან დაკავშირებით.

სენატის კომიტეტის რესპუბლიკელმა ლიდერმა მარკო რუბიომ კი აღნიშნა, რომ კომიტეტმა ეროვნული დაზვერვის დირექტორს ავრილ ჰაინსს თხოვა ამ დოკუმენტებზე წვდომის უზრუნველყოფა, მათი გაცნობის მიზნით.

XS
SM
MD
LG