შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ოთხშაბათ საღამოს ტელეფონით ისაუბრეს. ეს ორ ლიდერს შორის პირველი სატელეფონო ზარია ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ.
ბაიდენმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი პრიორიტეტები ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და ცხოვრების სტილის დასაცავად და თავისუფალი ინდოეთ-წყნარი ოკეანის [აუზის რეგიონის] თავისუფლად და ღიად შესანარჩუნებლად,“ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მათ ასევე ისაუბრეს კოვიდ-19-ის პანდემიაზე და კლიმატურ ცვლილებებზე. თეთრი სახლის განცხადებით, ორმა ლიდერმა ამას გარდა, ისაუბრა ვაშინგტონსა და პეკინს შორის „პრაქტიკული, შედეგებზე ორიენტირებული ჩართულობის“ შესაძლებლობაზეც იარაღის კონტროლის მიმართულებით.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ ბაიდენმა რამდენიმე მნიშვნელოვან სადავო თემაზე ჩინელ კოლეგასთან მკაცრად ისაუბრა.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა საკუთარ ფუნდამენტურ შეშფოთებას პეკინის მხრიდან აგრესიულ და უსამართლო ეკონომიკურ პრაქტიკას, ჰონგ-კონზე ზეწოლას, ადამიანის უფლებების დარღვევას შინჯაანგში და მზარდად აგრესიულ მოქმედებებს რეგიონში, მათ შორის, ტაილანდის მიმართ,“ ნათქვამია განცხადებაში.
ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სიმ ბაიდენს უთხრა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ერთადერთი არჩევანია, რომელიც ქვეყნებს განსხვავებების გადასალახად და სამართავად აქვთ. სი ძინპინმა ბაიდენს რამდენიმე ორმხრივი დიალოგის მექანიზმი შესთავაზა გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად.
Facebook Forum